ENG / RUS       12+

ელექტრონული ჯანდაცვა მედიცინის ხვალინდელი დღეა - სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ

ჯი-ეიჩ-ენი” ესაუბრა ჯანდაცვის ექსპერტს, მედიცინის დოქტორს, ჯანდაცვის  პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს სერგო ჩიხლაძეს

- ბატონო სერგო, თქვენ აქტიურად საუბრობთ ხოლმე ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვის აუცილებლობის საკითხს. მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის ელექტონული ჯანდაცვა და რის საშუალებას იძლევა ის?

-  ჯანდაცვის ორგანიზაცია განმარტავს ელექტრონულ ჯანდაცვას ე.წ. eHealth -ს, როგორც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ჯანდაცვის სისტემაში. eHealth საშუალებას იძლევა ჯანდაცვის სფეროში უფრო დროული და ზუსტი ანგარიშგების სისტემის შესაქმნელად, ასევე ხელს უწყობს დაავადებების და ჯანდაცვის ხარჯების კონტროლისა და ზედამხედველობის სიტემის გაუმჯობესებას.   

ელექტრონული ჯანდაცვის ტექნოლოგიები ეფექტურად გამოიყენება დისტანციური სწავლებისა და ოპერატიული რეაგირებისთვის საგანგებო სიტუაციებში. უფრო მეტიც, ელექტრონული ჯანდაცვის სტრატეგიული გამოყენების წყალობით შეგვიძლია ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი და საკოორდინაციო პროცესების მხარდაჭერა, ასევე რეგიონულ დონეზე დეცენტრალიზებული სამედიცინო ერთეულების მხარდაჭერა და კოორდინაცია.

eHealth- ის ე.წ. გადაწყვეტილებების „სოლუშენების“  მაგალითებია ელექტრონული ჯანმრთელობის / სამედიცინო / პირადი ჩანაწერები, ელექტრონული გადამისამართება, მედიკამენტების სისტემის მართვა, დისტანციური სწავლება, ტელემედიცინა, მობილური ჯანდაცვა, დაავადებათა ზედამხედველობა და სხვა.

- ცნობილია, რომ ელექტრონული რეცეპტები მომავალი წლიდან დაინერგება. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული ჯანდაცვის ელემენტები ინერგება უკვე?

- დიახ, ეს არის ელექტრონული ჯანდაცვის ერთ-ერთი ელემენტი. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს პროცესი, მაგრამ მე სხვანაირად დავსვამდი აქცენტებს. კერძოდ, ვიფიქრებდი eHealth სრულმასშტაბიან დანერგვაზე თავისი ყველა მიმართულებით და მის ინტეგრაციაზე, უპირველეს ყოვლისა, პირველად ჯანდაცვაში. საერთოდ მიმაჩნია, რომ პირველადი ჯანდაცვა და eHealth უნდა იქცეს უახლოესი წლების პრიორიტეტად ჯანდაცვის სფეროში. ნუ დავუშვებთ ისეთ შეცდომას, როგორიც ზოგიერთმა ქვეყანამ დაუშვა და დაიწყეს მხოლოდ ერთ კომპონენტზე მუშაობა, მაგალითად, ელექტრონულ რეცეპტებზე ან ტელემედიცინაზე მხოლოდ. ეფექტური შედეგი მოაქვს მხოლოდ სრულმაშტაბიან და სისტემურ მიდგომას. აი თუნდაც, როგორც მოხდა ესტონეთში, სხვათა შორის, აზიის ქვეყნებშიც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ კუთხით, მაგალითად ინდონეზია, ფილიპინები და სხვ.

- როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი ყოვლისმომცველი სისტემის მართვა და კოორდინირება? რა იქნება ამ სისტემის მართვისთვის საჭირო ძირითადი მიმართულებები? 

- ამისთვის არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აპრობირებული რამდენიმე გზა. ჩემი აზრით, შეიძლება ჩამოყალიბდეს ეროვნული eHealth- ის კომპაქტური დამოუკიდებელი ერთეული ან თუნდაც სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება eHealth- ის კონცეფციის განხორციელებაში ეროვნულ დონეზე. ნებისმიერ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია და რთულია ელექტრონული ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის მართვა და კოორდინაცია ყველა დონეზე, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვის, საავადმყოფოებისა, ჯანდაცვის პროვაიდერების და ა.შ. საჭირო იქნება ელექტრონული ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა, რათა თვითონ სახელმწიფოს რაც შეიძლება ნაკლები სახსრების დახარჯვა მოუწიოს. შესაძლებელია ამ კუთხით სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის სქემის გამოყენება ე.წ. PPP (public private partnership).   მნიშვნელოვანია ელექტრონული ჯანდაცვის სტანდარტიზაცია, თანამშრომელთა მომზადება, ელექტრონული ჯანმრთელობის სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება. სისტემისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვ.

- ინფრასტრუქტურაში რას გულისხმობთ?

- ინფრასტრუქტურა მოიცავს  ტექნოლოგიებსა და პროგრამული პლატფორმებს, სერვისებსა და პროგრამებს ჯანდაცვის ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით. ამის  მაგალითებია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირი და კომპიუტერული და მობილური მოწყობილობების ინფრასტრუქტურა და მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის გაცვლა.  გარდა ინფრასტრუქტურისა, როგორც ზემოთ გითხარით,  საჭიროა საჭირო იქნება ნორმატიულ-სამართლებრივი სფეროს მორგებაც. მაგალითად, როგორ ინახება ჯანდაცვის მონაცემები, ჯანმრთელობის უნიკალური იდენტიფიკატორები, როგორ ხდება შესაბამისი პროგრამული სერტიფიცირება ან აკრედიტაცია და ბევრი სხვა.

ელექტრონული სისტემა უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს: მოახდინოს გადახდის სისტემების ავტომატიზირება და ავტორიზირება, ბენეფიციარების  დარეგისტრირება პირველადი ჯანდაცვის და ჯანმრთელობის სხვა პროგრამებისთვის, დაიცვას არაავტორიზებული გამოყენებისგან პირადი ჯანმრთელობის მონაცემები, მოახდინოს ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფა, საჭირო მედიკამენტების რეგისტრაციის, ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოს ექიმებისათვის შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლების ხელმისაწვდომობა,  კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური და ადმინისტრაციული მონაცემების შესახებ შესაბამისი  ინფოგრაფიკების გენერირება და სხვ.

 

- ბატონო სერგო, რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მოუტანოს ელექტრონული ჯანდაცვის ფართომასშტაბიანმა დანერგვამ სისტემის მომხმარებლებს - პაციენტს და ექიმს?

- შევეცდები გამოვკვეთო ძირითადი მიმართულებები ამ მხრივ. ჯანმრთელობის სერვისების  მომხმარებელთათვის, ანუ პაციენტებისთვის, ეს არის უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხო და ხარისხიანი ჯანდაცვა,  ჯანდაცვის საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, პირადი ჯანმრთელობის ჩანაწერების მართვა და უსაფრთხოება. დროისა და ძალისხმევის  მინიმუმამდე დაყვანა სამედიცინო პერსონალისთვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში. ასევე, ექიმსაც დაეზოგება დრო. სისტემა შეამცირებს მოცდის პერიოდს პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო სერვისის მისაღებად. მოახდენს პრიოროტეტების დადგენას.

მნიშვნელოვანი იქნება, ასევე მოშორებულ რაიონებში ან  სოფლად მცხოვრებთა ჯანმრთელობის უთანასწორობის შემცირება სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. მეტად მნიშვნელოვანია, ასევე დაავადების ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის მხარდაჭერა, რაც მიიღწევა ელ ჯანდაცვის ინტეგრაციით პირველადი ჯანდაცვის რგოლში.  

ჯანდაცვის პროვაიდერებისა და სამედიცინო პერსონალისთვის იქმნება სათანადო გარემო დროისა და ზედმეტი ძალისხმევის შემცირებისთვის  სწორი გადაწყვეტილების მისაღებად და ინფორმაციის დუბლირების თავიდან ასაცილებლად. ექიმს ექნება სანდო ინფორმაცია არსებული  ელექტრონული ჩანაწერების სახით, როგორც პაციენტზე, ასევე იმ ყველა სამედიცინო პროცედურაზე რაც კი მას ჩაუტარებია. იოლდება ინფორმაციის გაცვლა და გაზიარება  სხვადასხვა პროვაიდერს შორის, მათ შორის, დისტანციურად მეტად დაშორებულებს შორისაც.

შემცირდება დრო და ძალისხმევა საჭირო მკურნალობის უზრუნველსაყოფად,  საჭირო ტესტების ჩასატარებლად და. ა.შ.  იოლდება გადამისამართება, იოლდება რეცეპტის გამოწერა, იოლდება ფარმაცევტის საქმიანობაც. გარდა ამ ყველაფრისა, სამედიცნო პერსონალს ეძლევა საშუალება ადგილიდან გაუსვლელად მიიღოს დამატებითი განათლება და რჩევები კოლეგებისგან ტელელექციების და ტელემედიცინის საშუალებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ანაზღაურების სიტემის მოწესრიგება. მოგეხსენებათ დღეს კლინიკები თვეების განმავლობაში ელოდებიან კუთვნილი თანხის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან. ეს კი უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც სამედიცინო პერსონალის მოტივაციაზე, ასევე გაწეული სერვისების ხარისხზე. ელ. სისტემა კი საშუალებას იძლევა მოხდეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროული და ონლაინ გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი დახარვეზებული საბუთების სწრაფად კორექტირება და არ არის საჭირო მე-19 საუკუნის მეთოდებით რევიზიების გაგზავნა და ქაღალდების და „წერტილ -მძიმეების შემოწმება“ და ამაში 3-4 თვის ხარჯვა.

მნიშვნელოვანი სარგებელი ექნებათ ჯანდაცვის სისტემის მენეჯერებს, მკვლევარებსა და სტატისტიკოსებს.  მოგეხსნებათ, რომ  სანდო და განახლებული სტატისტიკის არსებობა ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი დღევანდელი ჯანდაცვის სიტემის. სანდო და განახლებული სტატისტიკის გარეშე კი შეუძლებლია სამომავლო პროგრამების დაგეგმვა და სწორი დაბიუჯეტირება.

ელექტრონული ჯანდაცვა არის ყველაზე აღიარებული  ეფექტიანი მექანიზმი და ეფექტიანი მონიტორინგისთვის, როგორც სამედიცინო პერსონალის საქმიანობაზე, ასევე მომარაგებისა და შესყიდვების სისტემაზე. მაგალითად მედიკამენტების, ვაქცინების, სახარჯი მასალის და სხვ.  

რა თქმა უნდა, ძნელია ელექტრონული ჯანდაცვის ყველა საკითხზე და სარგებელზე, ან თუნდაც გამოწვევებზე, საუბარი ერთი ინტერვიუს ფარგლებში. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მედიცინის მომავალი, ხვალინდელი დღე რომლისკენაც უნდა დავიწყოთ სიარული დღეს, თუ გვინდა რომ ხელშესახები შედეგები ვნახოთ უკვე  რამდენიმე წელიწადში.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გიორგი საკარული

 

ავტორი: . .