ENG / RUS       12+

აპირებს თუ არა ევროკავშირი სავიზო რეჟიმის აღდგენას?

ევროპარლამენტის კომიტეტმა ევროგაერთიანების აღმასრულებელ ხელისუფლებას ურჩია შემოიღოს ე.წ. „წინასწარი ავტორიზაცია“ იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებისთვის,  რომელთანაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი.

ის, რომ რეკომენდაცია ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა სხვა ქვეყანას, ჩვენთვის ვითარებას ვერ ამსუბუქებს. ისე გვიმეორებენ  მხოლოდ საქართველოს კი არა, არგენტინასაც ეხებაო“, თითქოს რაიმე შეღავათია იმ ქართველისთვის, ვისაც ევროპაში გამგზავრება უნდა და წინასწარი ელექტრონული ავტორიზაცია უნდა გაიაროს, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს (როგორც არ უნდა სცადონ ამის შენიღბვა დემაგოგიით), რომ პასუხი შეიძლება იყოს დადებითი, თუმცა შეიძლება იყოს უარყოფითიც!

„უარყოფითი პასუხი ხომ აეროპორტშიც შეიძლება მიიღოსო“ - არანაკლები დემაგოგიაა: ევრობიუროკრატიისთვის დისკომფორტულია უარი აეროპორტში, რადგან მაშინ ადამიანი ან ნეიტრალურ ზონაში უნდა დატოვონ, ან საფილტრაციო ბანაკში გადაიყვანონ, მერე კითხვებსაც უპასუხონ, რაც „ხლაფორთი“ და „თავის ტკივილია“. ელექტრონული სახით უარი კი იოლია და არანაირ დამატებით პრობლემასთან თუ თავის ტკივილთან დაკავშირებული არ არის.

გარდა ამისა, დემაგოგები გვიმალავენ, რომ „წინასწარი ავტორიზაცია“ შესაძლოა სხვადასხვა ფორმისა იყოს იმავე არგენტინის და საქართველოს მოქალაქეთათვის. მაგალითად, როდესაც ადამიანი დიდ ბრიტანეთში ან ამერიკაში მიემგზავრება და თვითმფრინავის ბორტზე ავსებს მოკლე ანკეტას, ესეც ავტორიზაციაა. მაგრამ ასევე ავტორიზაციაა, როცა ადამიანი წინასწარ ვალდებულია ელექტრონული ფორმით შეავსოს განაცხადი, დაურთოს მას ყველა საჭირო საბუთი (!) გადაიხადოს მომსახურების მოსაკრებელი 10 ევროს ოდენობით (უვიზო რეჟიმი მოსაკრებელს გამორიცხავდა) და შემდეგ დაელოდოს პასუხს ელექტრონული ფორმით.

„პასუხი სულ რამდენიმე წუთში მოვაო“ არის აშკარა ტყუილი. თანაც ბოროტი ტყუილი: პასუხი ერთს შეიძლება მოუვიდეს მართლაც რამდენიმე წუთში, მაგრამ სხვას - 72 საათში და, რაც მთავარია, ეს პასუხი სრულიად შესაძლებელია იყოს უარყოფითი!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ნატალია საბანაძემ ინტერვიუში განაცხადა რომ ეს არის „ვიზა-ლაით“. მაგრამ „ლაითია“ თუ არ არის „ლაითი“, მაინც ვიზაა!

„წინასწარი ავტორიზაცია“ არანაირ პრობლემას არ შეუქმნის იმ ადამიანებს, ვინც ხშირად მოგზაურობს ევროპაში, ვისაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია (უნდა დაურთოს ელექტრონულ აპლიკაციას) რითაც დასტურდება მისი რეგულარული შემოსავალი და სამსახური. ეს ადამიანები ნამდვილად სულ რამდენიმე წუთში მიიღებენ პასუხს. მაგრამ სხვები, ვისაც ამგვარი დოკუმენტაცის დართვა არ შეუძლია და პირველად მიემგზავრებიან შენგენის ზონაში, ამ ოცნებას გამოეთხოვებიან, რადგან „უვიზო რეჟიმი“, სინამდვილეში, ბედნიერი ადამიანებისთვისაა, - ვისაც სამსახურიც აქვთ და შემოსავალიც ანუ  ევროპაში სასეირნოდ ან დასასვენებლად მიემგზავრებიან......... „უვიზო რეჟიმი“ არ არის იმათთვის,  ვინც, რეალურად, ევროკავშირში დასაქმებას აპირებს. და ეს ყველასთვის თავიდანვე ნათელი უნდა ყოფილიყო.

ევროპული ბიუროკრატია, ზოგადად, „ნელმოქმედია“, თუმცა რაოდენ „ნელმოქმედიც“ არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანი ტენდენცია არ გამოეპარებათ: 2017 წლის მარტიდან - ივნისამდე სამი ათასი საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა ევროპაში და უკან არ დაბრუნდა; სექტემბრის ბოლოსთვის კი ეს მაჩვენებელი უკვე ათი ათასს აღწევს!

ბუნებრივია, ბრიუსელში არ სჯერათ იმ სასაცილო მოსაზრების, თითქოს „არდაბრუნებულებს“ სავიზო რეჟიმის წესები არ დაურღვევიათ, ევროკავშირი 90 დღეში დატოვეს მაგრამ საქართველოში არ დაბრუნდნენ იმიტომ, რომ ევროკავშირიდან, თურმე, უკრაინაში ან თურქეთში გაემგზავრენ!

ბევრია თუ ცოტა 10 000 მაშინ, როდესაც 27 მარტიდან ევროკავშირში გამგზავრებულთა საერთო რიცხვი 90 000-ია?! ამ შემთხვევაშიც კი არ არის ცოტა (10% მეტია!), მაგრამ ევროპელი ჩინოსნები ჭკვიანი ხალხია, მათ ვერ მოატყუებ, - გამორიცხულია:  ისინი ხსენებულ ციფრს (10 000) ადარებენ არა გამგზავრებულთა საერთო რაოდენობას, არამედ იმ კატეგორიას, ვინც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველად გაემგზავრა ევროკავშირში, ანუ მანამდე ვიზას ვერ იღებდა საკონსულოებში და უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ისარგებლა ამ შეღავათით.

გამოდის, ევროპაში „პირველად გამგზავრებულთაგან“ (თუ სტუდენტთა მცირერიცხოვან კატეგორიას არ მივიღებთ მხედველობაში ან იმათ, ვისაც ასაკის გამო ახლა მოუწია მხოლოდ პირველად გამგზავრება) თითქმის ყველა „დარჩა“. თორემ აბა ვინც დარჩენას არ აპირებდა, მათ ისედაც არ ჰქონდათ არანაირი პრობლემა ვიზის მისაღებად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირის ჩინოსნებს არ აწყობთ ამ პრობლემის ღიად არტიკულაცია და აღიარება. ამიტომაც ნიღბავენ კონტროლის გამკაცრებასა და „ლაით ვიზას“ შემოღებას ე.წ. ავტორიზაციით“.

საბედნიეროდ, როგორც ითქვა, ევრობიუროკრატია ჭკვიანი, დაკვირვებული, მაგრამ „ნელა მოქმედია“. ამიტომ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას  მიიღებენ (ალბათ მომავალ წელს), მანამდე  ჩვენი ყველა ის თანამემამულე, ვინც ევროკავშირში წასვლას პატიოსანი შრომით ლუკმაპურის საშოვნელად აპირებს  და არა ძარცვა-ყაჩაღობა-დაუთოებისთვის, მოასწრებს ევროკავშირში შეღწევას!

და ღმერთმაც ხელი მოუმართოთ: ბოლოს და ბოლოს არც ერთი ერი და ქვეყანა პოსტსაბჭოურ სივრცეზე, ბოლო მეოთხედი საუკუნეა, ისე არ დასჯილა რუსეთის მიერ  სწორედ პროდასავლური და პროევროპული ორიენტაციის გამო, როგორც საქართველო......... ამ კოლოსალურ მსხვერპლთან შედარებით 10 000 ან თუნდაც 50 000 არალეგალურად მშრომელი ქართველი ევროკავშირისთვის კატასტროფა ნამდვილად არ იქნება.

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .