რესპოდენტის შესახებ
- ბატონო მამუკა, ბერნარ კუშნერის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებში ფიგურირებდა სიტყვა დიალოგი, რომელიც საქართველომ რუსეთთან უნდა აწარმოოს. ჰილარი კლინტონის მკაცრი პათოსის შემდეგ, თქვენი აზრით, რას ნიშნავდა საფრანგეთის ასეთი პოზიცია?
- კუშნერის განცხადებებში შეიძლება ასეთი აქცენტი ამოვიკითხოთ: ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ახალი მიდგომები უნდა გაჩნდეს. ასევე, სეპარატისტებთან დაკავშირებითაც. ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთთან, ამას ყველაფერს წინ უსწრებდა. სხვათა შორის, სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა სარკოზისთან, საფრანგეთიში ვიზიტის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეული კულუარული მოლაპარაკებები უკვე შედგა, რომ ეს პროცესი, რაზედაც ახლა კუშნერმა აქცენტი გააკეთა, უნდა დაიწყოს. ამის წინაპირობა უკვე არსებობს, ეს არ იყო ისეთი განცხადება, თითქოს მას რჩევის მოცემა უნდოდა, ეს იყო იმისათვის, რომ რეზიუმე გაეკეთებინა. ანუ კულუარული მოლაპარაკებები უკვე იყო და ახლა ეს განცხადება გახმოვანდა.
- სააკაშვილის პარიზში ვიზიტის შემდეგ საფრანგეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა... შესაბამისად, მსგავსი კულუარული მოლაპარაკებები დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით პუტინსა და სარკოზისაც ექნებოდათ...
- შესაძლებელია, მე ჯვარედინი მოლაპარაკებების პროცესზე ვსაუბრობ, რადგან მხოლოდ სარკოზისა და სააკაშვილის მოლპარაკება არ კმარა. არ არის გამორიცხული, ასეთი სახის კულუარული მოლაპარაკება შედგა დასავლეთის ლიდერებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორისაც.
- იმ შემთხვევაში, თუ ეს მართლაც ასეა, ეს მუხტი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებშიც გაგრძელდება, რომლებიც საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეაფასებენ...
- რასაკვირველია. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მოვლენები ძალიან სწრაფად და დინამიკურად რომ უნდა განვითარდეს, ეს უკვე ჩანს. სხვათა შორის, საქართველოში ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება იმას, რომ უკვე ძალაში შევიდა პრაქტიკულად ახალი საბაჟო სისტემა რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი, რომლის მიხედვითაც, ქართული ღვინის ემბარგო რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ქართული ღვინო ახალი საბაჟო სისტემის მეშვეობით, რუსეთში ბელარუსიიდან და ყაზახეთიდან თავისუფლად მოხვდება. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იმართება დღეს, საქართველოში ეკონომიკური ფორუმი ბელორუს და ქართულ შესაბამის სტრუქტურებს შორის. სიტუაცია იცვლება და ამ სიტუაციის საჩვენოდ გამოყენებაა საჭირო.
- როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყება მაშინ, როცა რუსეთის ხელისუფალნი აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან არ აპირებენ საუბარს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას განახორციელებენ...
- საქმე ისაა, რომ ჩემი აზრით, ახალი რეალობები გაჩნდა. დღეს, უნდა ითქვას ობიექტურად, რუსეთს არ აქვს იმის თავი, რომ მაინცდამაინც სერიოზულ პოზაში იდგეს. რუსეთი დღეს ბევრად უფრო დამოკიდებულია დასავლეთზე, ვიდრე ერთი თვის წინ იყო და ეს დამოკიდებულება განპირობებულია მისი უმძიმესი პერსპექტიული ეკონომიკური მდგომარეობით. 2011-12 წლები რუსეთისთვის იქნება უმძიმესი. იმიტომ, რომ ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო რუსეთის ენერგოგასაღების საშუალებებმა, "გაზპრომმა" და სხვებმა. 2013 წლისთვის, მაგალითად, პოლონეთს რუსეთის გაზი უკვე აღარ დასჭირდება. რუსეთის ბიუჯეტი 2012-13 წლებზე ორიენტირებული იყო დაახლოებით 1/3-1/4-ით "გაზპრომის" და სხვა მისი მსგავსი კომაპნიების მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულ თანხაზე. ყატარის თხევადი გაზის წარმოებამ, როდესაც მან ამით ევროპის მომარაგება დაიწყო, რუსეთის გაზის მოთხოვნა შეამცირა. დღეს თუ ეს განსაკუთრებით არ ჩანს, პერსპექტივაში ეს იგრძნობა კატასტროფულად რუსეთისთვის. რუსეთი, ქვეყანა რომელიც მხოლოდ ამ შემოსავლებით ცხოვრობს, ძალიან მძიმე პერსპექტივის წინაშე დადგა. ამიტომ რუსეთს სჭირდება დასავლეთისაგან ტექნოლოგეიები, რათა თავისი წარმოება ნორმალურ მდგომარეობაში გადაიყვანოს. ამას წლები სჭირდება. აქედან გამომდინარე, როცა რუსეთი დასავლეთს სთხოვს ტექნოლოგიებით დახმარებას, დასავლეთი თავის მოთხოვნებს აყენებს. ამიტომაც არის გააქტიურებული წასვლა-მოსვლა ამ რეგიონში. აქ ის კი არ არის, რომ ვიღაცას დღეს გაახსენდა საქართველო, სომხეთი ან აზერბაიჯანი. საქმე ის არის, რომ დასავლეთი და აშშ რომანტიკული პოლიტიკიდან, რომელიც წინაპირობა იყო ე. წ. გადატვირთვის პოლიტიკისა, გადავიდა რეალურ პოლიტიკაზე და ეს იგრძნობა დასავლეთის ქმედებებშც და აშშ-ის ქმედებებშიც. დღეს რუსეთს განსაკუთრებულ პოზიციაში დგომის აღარც თავი აქვს და აღარც უფლება. ამიტომ რუსეთი გარკვეული პირობებით, ისე, რომ თავი არ შეირცხვინოს, საქართველოსთან დიალოგზე დათანხმდება, თუ საქართველოს ხელისუფლება არ დადგება აბსოლუტურად გაუგებარ და უაზრო პოზაში. დასავლეთი რუსეთთან დიალოგის რეკომენდაციებს იძლევა და როგორც ჩანს, ასეთი მოლაპარაკებების ფორმატიც არსებობს.
- თქვენი აზრით, რა დრო შეიძლება დაჭირდეს რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის ან გარკვეული სახის ურთიერთობების აღდგენას?
- ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ არა მგონია, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს ეს კულუარული მოლპარაკებები და შეხვედრები. ეს არის ლიგიკიდან გამომდინარე მოცემულობა. თუმცა, შესაძლოა, სხვა გარემო ფაქტორებმა ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს. შესაძლოა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ომი დაიწყონ, მიუხედავად იმისა, რომ კლინტონის ამ რეგიონში ვიზიტი სწორედ ამ შესაძლო ომის პრევენციისთვის იყო განხორციელებული, არ გამოვრიცხავ, რომ სხვა რაღაც მოხდეს და შეიძლება პროცესის დაწყებას, რომელზედაც ვსაუბრობდი, ხელი სხვა პროცესებმა შეუშალოს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩაყრილია იმის საფუძველი, რომ ეს პროცესი დაიწყოს მოლაპარაკებების თუ არა გარკვეული ურთიერთობების სახით მაინც.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა დავით ქოქოშვილი