საარჩევნო პროცესთა და შედეგთა ანალიზისას ყველაზე საინტერესო, მაინც, უმთავრეს ტენდენციათა გათვალისწინება და გაცნობიერებაა. საქართველოში ეს მუდამ სერიოზული პრობლემაა, რაკი ნებისმიერი ანალიზი „პოლიტიზებულად“ და „ანგაჟირებულად“ აღიქმება. არადა, სწორედ ტენდენციათა „თვალმიდევნებით“ შეგვიძლია „გავხსნათ“ მთავარი, რასაც პოლიტიკოსები, პოლიტიკური ტექნოლოგიიდან გამომდინარე, მუდამ გვიმალავენ: მათი რეალური ინტერესები და, აქედან გამომდინარე, მოტივაციები.
განვლილი მუნიციპალური არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და ორგზის ექს-პრეზიდენტ ნინო ბურჯანაძის განსაკუთრებული „გაბრაზება“ გახდა. ამ ევფემიზმით უნდა გამოიხატოს ბრალდებათა და მუქარათა მთელი ის კორიანტელი, რამაც მოიცვა მედია-სივრცე. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნინო ბურჯანაძე, იმავე მარადსაცოდავი შალვა ნათელაშვილისგან განსხვავებით, ძალიან ოსტატურად სარგებლობს თავისი არისტოკრატიული იმიჯით და როგორც პოლიტიკური, ასევე პერსონალური იმპოზანტურობით. ამიტომ, იგი მუდამ „საინტერესო რესპონდენტია“ იმის მიუხედავადაც კი, რომ „მთავარი ლეიბორისტი“ მასზე არანაკლებ სენსაციური განცხადებებით და ლანძღვა-გინებით გამოდის ხშირად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„აბა გაიხსენოს, ვინ სად არის ახლა?“ - პირდაპირ დაემუქრა ქალბატონი ნინო - ბიძინა ივანიშვილს და არა მხოლოდ მიშა სააკაშვილი, არამედ ედუარდ შევარდნაძეც იგულისხმა, რომლებმაც, თავის დროზე, მისი იგნორირება გაბედეს. მართლაც, კარგი დღე არ დაადგათ: არც ერთის, არც მეორის პოლიტიკური ბედისწერა სახარბიელო არ არის და რომ არ არის, ამაში ნინო ბურჯანაძის წვლილი თუ გადამწყვეტი არა, ძალიან არსებითია. იმაზე ბევრად არსებითი, ვიდრე ნინო ბურჯანაძის ან მისი „პარტიების“ მიერ არჩევნებზე მიღებულ ხმათა რაოდენობა 2003 წლიდან - დღემდე.
ნინო ბურჯანაძე ამით გვეუბნება და გვიმტკიცებს (ამაში ნამდვილად არ ცდება): საქართველოში ამა თუ იმ ფიგურის რეალური „წონა“, აქედან გამომდინარე მისი გავლენა, არჩევნებზე მიღებული ხმებით არ განისაზღვრება. ამიტომ, ყველა ის ხელისუფლება, ვინც მას იმდენ ხმას არ უწერს არჩევნებზე, რამდენიც თავად მიაჩნია სამართლიანად და ადექვატურად, სერიოზულად რისკავს!
თუმცა, მეორეს მხრივ, ნინო ბურჯანაძეც კი იძულებულია აღიაროს, რომ არჩევნებზე მიღებული ხმების ოდენობას (ანუ ამომრჩევლის დამოკიდებულებას) „რაღაც“ პატარა მნიშვნელობა „მაინც“ აქვს, იმიტომ, რომ მთლად ამის გარეშეც არ შეიძლება არა?
სწორედ ამითაა გამოწვეული ქალბატონის განრისხება, რაკი ახლახანს ჩატარებულ არჩევნებზე მისმა პოლიტიკურმა ძალამ, საქართველოს მასშტაბით, სულ 2,59% მიიღო. მაშინ, როდესაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე - 3,53%. ანუ, პროცენტი მცირდება და უკვე ჩამოსცდა იმ ზღვარს (3%), როდესაც პარტია „კვალიფიციურად“ იწოდება და/ანუ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს.
ქალბატონი ნინო ხშირად ამბობს: „საქართველოში ყველაზე ღარიბი ნამდვილად არა ვარო“. „ნამდვილად“ არ არის. ოღონდ არც ბიძინა ივანიშვილივით მილიარდერია, - ამ გარემოებას მისთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ ყველაზე საშიში ამ უდავოდ ძლიერი პოლიტიკოსისთვის ისაა, რომ აშკარად და მზარდად იკვეთება მისი მთავარი სისუსტე: ჯიუტად არ სურს გაანალიზოს მარცხის და ელექტორალური ბაზის განუხრელი შემცირების რეალური მიზეზები. ყველაფერს სრულიად გულწრფელად ხსნის „გაყალბებით“, „ოქმების გადაკეთებით“, აფრიალებს ეთერში ოქმებს, რომლითაც ნული ხმა (!) მიიღო, მერე „გადაკეთებულ ოქმებს“ ამრავლებს უბნების რაოდენობაზე, ამით იღებს არა 2,59% არამედ 25%-ს და ვერ ამჩნევს, ამგვარი კომიკური „არითმეტიკით“ როგორ უახლოვდება იმ საშიშ ზღვარს, როცა ხდება სასაცილო! ხოლო პოლიტიკოსისთვის არაფერი იმაზე საზარელი და მომაკვდინებელი არ არის, როგორც ამ ზღვარის გადალახვაა.
მეორეს მხრივ, ქალბატონი ნინოს გაღიზიანებაც გასაგებია, როცა მართლა გულწრფელად უკვირს ეს უცნაურობა: მან თავის პოლიტიკურ პლატფორმად, 2008 წლის შემდეგ, აირჩია „რუსეთთან დიალოგი“, „პრორუსული ორიენტაცია“ იმ აზრით, რომ სწორედ მოსკოვთან დიალოგით სცადოს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა. მისი ტაქტიკაა ზომიერი „ანტიდასავლური რიტორიკა“, „ნატო“-სა და ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკა (საკმაოდ ფრთხილი, ზრდილი და არააგრესიული უორდინგით, მაგრამ მაინც არსებითი და ყურშისაცემი), „პუტინთან შეხვედრების“ გაფიარება და ა.შ.
ჰოდა, საქმეც ის გახლავთ, რომ ყველა გამოკითხვით, რაც კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებულა ქართული თუ უცხოური ორგანიზაციების მიერ, ელექტორატი, რომლისთვისაც ეს განწყობა და (პირობითად) „პრორუსული-ანტიდასავლური“ რიტორიკა მისაღებია, დაახლოებით 20-25% შეადგენს! უმრავლესობა ნამდვილად არ არის, მაგრამ 20-25% - სერიოზული ელექტორალური რესურსია.
ბუნებრივია, ნინო ბურჯანაძეს აღიზიანებს, როცა ასეთი პოტენციური რესურსი აქვს, მაგრამ არჩევნებზე სულ უფრო ნაკლებ ხმას იღებს.
მაშ რატომ არ მოდის არჩევნებზე მისი ამომრჩეველი? პერმანენტული მარცხის მიზეზი ხომ სწორედ ეს არის, რომ „ნინოს ამომრჩეველი“ არჩევნებზე არ მოდის და არა ის, რომ თითქოს იგი ირმა ინაშვილს და ე.წ. „ალიანსს“ აძლევს ხმას ბურჯანაძის ნაცვლად.
ეს კიდევ იმიტომაცაა განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ამბიციური ქალბატონისთვის, რომ ბოლო დროს მოსკოვში სწორედ ირმა ინაშვილის პარტიას ეპატიჟებიან და არა „ნინოს პარტიას“. არადა, რუსების პოზიციაც იოლად ასახსნელია: ინაშვილმა „დადო“ შედეგი, - გადალახა საარჩევნო ბარიერი, გავიდა პარლამენტში, შექმნა ფრაქცია. ბურჯანაძემ კი შედეგი ვერ „დადო“, - ვერ დაამტკიცა, რომ რეალური მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად, მასთან კონტაქტისგან მოსკოვში უკვე თავს იკავებენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაშასადამე, მთავარი კითხვა, კვლავ და კვლავ, ესაა: რატომ ვერ „დებს“ შედეგს ნინო ბურჯანაძე მიუხედავად 25%-იანი პოტენციური რესურსისა?! ანუ რატომ ვერ „აფორმებს კონტრაქტს“ ქართული საზოგადოების იმ ნაწილთან, ვინც (როგორც გამოკითხვებით ჩანს) ანტიდასავლურად და პრორუსულად არის განწყობილი, ხოლო ამ 25% მნიშვნელოვანი ნაწილი (ალბათ მისი ნახევარი) საერთოდაც სრული კაპიტულაციის, ანუ „ევრაზიულ კავშირში“ შესვლის და რუსეთთან სამხედრო ალიანსის გაფორმების მომხრეა?
პასუხი ამ კითხვაზეც ცხადია, თუმცა კი ბევრისთვის (იქნებ თვით ქალბატონი ნინოსთვისაც) მოულოდნელი: ნინო ბურჯანაძე იმიტომ ვერ აფორმებს „პრორუსულ კონტრაქტს“ საკუთარ პოტენციურ ამომრჩეველთან, რომ.......მისთვის ეს კონტრაქტი, სინამდვილეში, არ შეუთავაზებია!
დავაკვირდეთ: ნინო ბურჯანაძეს, მიუხედავად ფრთხილი, დიპლომატიური და ჭკვიანური რიტორიკისა, არც ერთხელ არ უთქვამს პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ანუ ისე, რომ არსებითად „გაჟღერებულიყო“: „საქართველომ უარი უნდა თქვას „ნატო“-ს წევრობაზე“; „საქართველომ უნდა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან მიუხედავად იმისა, დარჩებიან თუ არა რუსეთის საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში“; „საქართველომ უნდა აამოქმედოს აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა“; „საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის პაქტს“; „საქართველო უნდა გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი“; „საქართველომ უნდა გააფორმოს სამხედრო ალიანსი მოსკოვთან“; და ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რასაც მოითხოვს მოსკოვი საქართველოსგან და რასაც სინამდვილეში ელის მისგან ის პოტენციური 25% - თვალი რომ ჩრდილოეთისკენ უჭირავს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ ყოველივეს ნაცვლად, ბურჯანაძე თავის პოტენციურ ამომრჩეველს ეუბნება: „უნდა ველაპარაკოთ რუსეთს“. მაგრამ ხსენებული კატეგორიისთვის ეს დამაჯერებელი არ არის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს: თუ იგულისხმება, რომ უნდა „ველაპარაკოთ“ იმისთვის, რათა მოსკოვს რაიმეზე ვევაჭროთ და რაიმე დათმობებზე წამოვიყვანოთ, ამას ხომ დღევანდელი ხელისუფლებაც ამბობს (ისევე, როგორც წინა ხელისუფლება ამბობდა 2006 წლამდე და იმის წინა - 1998 წლამდე) და არა მხოლოდ „ლაპარაკობს“, არამედ ბევრ რამეს მიაღწია კიდეც: ღვინო-ბორჯომის ექსპორტი, ოკუპირებული ტერიტორიების „საზღვრებზე“ შედარებით სიმშვიდე, რუსი ტურისტების მოზღვავება და ა.შ.
„ტერიტორიული მთლიანობის რუსეთის მეშვეობით აღდგენისა“ კი ამ კატეგორიას უბრალოდ აღარ სჯერა.
თუ მეტი არაფერი იგულისხმება, ამ ყოველივეს „ოცნების“ ხელისუფლებაც ახერხებს.
ნამდვილად „პრორუსული“ ამომრჩეველი ბევრად მეტს ელის ბურჯანაძისგან და ხედავს, რომ იგი ზემოთჩამოთვლილი „მესიჯ-ბოქსის“ გაჟღერებას ერიდება. ანუ, არ ამბობს რას გააკეთებს, ესე იგი კონკრეტულად რა ნაბიჯს გადადგამს, თუ აირჩევენ. ყოველ შემთხვევაში ისეთს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აკეთებს.
ვიმეორებ: „ველაპარაკოთ მოსკოვს“ სრულიად ფუჭი, არაფრისმთქმელი და უსარგებლო მესიჯია. სინამდვილეში კი იგულისხმება: „აი თქვენ ჯერ მე ამირჩიეთ, მომანიჭეთ ძალაუფლება და მერე ვიტყვი, რას გავაკეთებ კონკრეტულად....“ მაგრამ ნურას უკაცრავად, ასე „კონტრაქტი ამომრჩეველთან“ არ ფორმდება. ამას თითქმის არავინ „ჭამს“ ბურჯანაძის პოტენციური „რუსეთუმე“ ამომრჩევლებიდან.
ისინი მისგან ელიან „კონტრაქტის“ კონკრეტული პუნქტების ღია დადასტურებას („არა ნატო“-ს, „დიახ ევრაზიულ კავშირს“, „დიახ მოსკოვთან სამხედრო ალიანსს“, „დიახ რკინიგზას“ და ა.შ) ნაცვლად დღევანდელი „წყალ-წყალა“ და არც თუ ძალიან საშიში მესიჯებისა.
ნინო ბურჯანაძის პოტენციური ამომრჩეველი მისგან მოითხოვს იმგვარ მესიჯებს, რაც თვით ნინო ბურჯანაძეს საშინელი დარტყმის ქვეშ დააყენებს, მთელ პოლიტიკურ სპექტრს „გაუმძვინვარებს“, მედაის აუჯანყებს, რისკებს გაუმრავლებს.....ქალბატონ ნინოს კი ეს სულაც არ ეპიტნავება, - ასეთ ხიფათში ნამდვილად არ უნდა ჩაიგდოს არც თავი, არც ოჯახი, რომ პირდაპირ თქვას: მოსკოვთან უპირობოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მომხრეა, რკინიგზის ამოქმედების მომხრეა.........ერთხელ საინტერესო რამ წამოცდა: „ეს ყოველივე პირდაპირ რომ ვთქვა, ჩემი ამომრჩეველი უმალვე 15-20%-მდე გაიზრდებაო“. თუმცა ვერ ბედავს, ვერ ამბობს და მოითხოვს „აი ჯერ ამირჩიეთ და მერე.......“ მაგრამ, ისევ და ისევ, ნურას უკაცრავად: ეს კატეგორია ასე ადვილად არ მოტყუვდება, - სანამ ბურჯანაძე არ დაუმტკიცებს, რომ ყველა უკანდასახევი ხიდი დაწვა, ვა-ბანკზე წავიდა, რეალურ საფრთხეს არ შეუშინდა........როგორც მიშა სააკაშვილმა გააკეთა 2003 წელს!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რატომ, როგორ და რის ხარჯზე შეძლო მიშამ თავის ამომრჩეველთან „კონტრაქტის“ გაფორმება 2 ნოემბრის დაუვიწყარი არჩევნების წინ? იმიტომ და იმით, რომ დაარწმუნა პოტენციური ამომრჩეველი: კი არ ეშმაკობდა, კი არ ლავირებდა, კი არ „დიპლომატიურობდა“, არამედ ვა-ბანკზე წავიდა, ყველა მნიშვნელოვანი ძალა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა, უკან დასახევი გზაც აღარ ჰქონდა და ა.შ
სხვაგვარად თუ ვიტყვით, სანამ ნინო ბურჯანაძე თბილისში ხმაურიან და „ჩხუბიან“ მიტინგებს არ მოაწყობს რეალურად პრორუსული „მესიჯ - ბოქსით“, ხელისუფლებისთვის ამ თემაზე ულტიმატუმების და კონკრეტული (და არა ზოგადი) მოთხოვნების წაყენებით, სანამ აშკარად არ დაწვავს ყველა ხიდს და არ ააფეთქებს ყველა უკანდასახევ გზას (როგორც მიშამ ქნა 2003 წელს), სანამ პირდაპირ არ იტყვის, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს მოსკოვთან „დასაზავებლად“, სანამ მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს (და მედიას) არ გააცეცხლებს, გაამძვინვარებს და „მოღალატეს“ არ აძახებინებს, მანამდე, „რუსეთუმე ამომრჩეველი“ (ანუ დაახლოებით 25%) მას არ დაუჯერებს, მასთან „კონტრაქტს“ არ გააფორმებს და არჩევნებზე არ მივა, როგორც ადრე არ მიდიოდა. შესაბამისად, ყოველი მომდევნო არჩევნებზე ბურჯანაძე და მისი პარტია სულ უფრო ნაკლებ ხმას მიიღებს, ანუ, საბოლოოდ, გადავა სამარცხვინო “.....და სხვა პარტიებში“.
ხოლო რაკი ქართველი ამომრჩევლის არსებითი ნაწილი არ გააფორმებს ნინოსთან „კონტრაქტს“, მასთან „კონტრაქტს“ არ გააფორმებს არც კრემლი!!!
ასე რომ, სულ ტყუილად ბრაზდება........ თუმცა გაბრაზება ძალიან უხდება.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“