შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 ივლისის მესტიაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს. 7 ივლისს დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე დაბა მესტიის მცხოვრებლები დავით ჯაფარიძე, ტარიელ ჯაფარიძე, შოთა ჯაფარიძე და ნელი ნავერიანი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები კანადელი ბიზნესმენის, ჯეიმს სიმპსონის წარმომადგენელს ფულს სძალავდნენ.
შსს-ის ინფორმაციით, 2010 წელს კანადელმა ინვესტორმა უილიამ ჯეიმს სიმპსონმა დაბა მესტიაში, გიორგი სვანიძისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო-კომპლექსის აშენებას გეგმავდა. სიმპსონის წარმომადგენელ დავით ქუსილავას დაუპირისპირდნენ დავით ჯაფარიძე, ტარიელ ჯაფარიძე, შოთა ჯაფარიძე და ნელი ნავერიანი, რომლებმაც მისგან ფულადი თანხა (220 ათასი ლარის ოდენობით) მოითხოვეს, იმ მიზეზით, რომ სიმპსონის საკუთრებაში გადასული მიწის ნაკვეთი მათ წინაპრებს ეკუთვნოდა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. შსს ინფორმაციით, ქუსილავამ აუხსნა მათ, რომ ამხელა თანხის ერთბაშად გადახდას ვერ შეძლებდა და ფულის რამდენიმე ეტაპად გადაცემაზე შეუთანხმდა. პირველ ჯერზე, 70 ათასი ლარი უნდა გადაეხადა. 2010 წლის 2 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს განცხადებით, მათ მიმართა დავით ქუსილავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაბა მესტიაში მცხოვრები შოთა ჯაფარიძე, ტარიელ ჯაფარიძე, დავით ჯაფარიძე, ნელი ნავერიანი და სხვა პირები მას 220 ათას ლარს სძალავდნენ. პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #083100054 საქმეზე, დანაშაულის ნიშნებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის II ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით.
აღნიშნულ ფაქტზე განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექრტორმა, შოთა უტიაშვილმა გააკეთა.
"ეს საქმე, სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ საქართველოში, კვლავაც არსებობს კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად საჭიროა ყველას, მათ შორის, სახელმწიფოს, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის საერთო ძალისხმევა. 10 ივლისის განცხადება, რომელსაც ხელს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, ნამდვილად ვერ ჩაითვლება ამ ძალისხმევის ნაწილად", - აღნიშნა უტიაშვილმა.
უტიაშვილის განცხადებით, ყველა არასამთვრობო ორგანიზაციას აქვს სრული უფლება ჩაატაროს საკუთარი გამოძიება და გაავრცელოს ნებისმიერი განცხადება:
"თუ ისინი ამგვარ სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ სიამოვნებით მივაწვდით მათ ამ საქმეზე ჩვენს ხელთ არსებულ დამატებით ინფორმაციას", _ განაცხადა უტიაშვილმა.