გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოცდაათამდე ქართულმა ოჯახმა სამუდამოდ დატოვა აფხაზეთი, რადგან, თურმე „ვერ დაადასტურეს ლეგალურად ცხოვრების უფლება“.
ეს მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაა, თორემ ქართული მოსახლეობის სამშობლოდან გამოდევნა უკვე თვეობით გრძელდება: სეპარატისტული რეჟიმი საამისოდ აშკარად ნაცისტურ, არაადამიანურ „ტექნოლოგიას“ მიმართავს, რომელიც, როგორც ჩანს, იმ ეპოქიდან ახსოვთ, ოსმალთა იმპერიის ერთგული ჩაფრები რომ იყვნენ, ისლამიც მიიღეს მასობრივად (ქრისტიანი მეზობლებისგან განსხვავებით) და ქართველი გოგო-ბიჭების სტამბულის ბაზრებზე ყიდვა-გაყიდვით ირჩენდნენ თავს.
შეგახსენებთ: ოსმალთა იმპერიაც პირდაპირ არ აიძულებდა სამცხე-ჯავახეთისა თუ აჭარის ქართულ მოსახლეობას შეეცვალათ ეროვნება, სარწმუნოება, ანუ, თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, იდენტობა! წლების, ათწლეულების, ზოგჯერ საუკუეების განმავლობაში, ანუ დროში გაწელილად, მიზანმიმართულად (უნდა ვაღიაროთ, ძალიან ჭკვიანურად) ქმნიდნენ საამისო პირობებსა და მოტივაციებს: ქრისტიანებს (ანუ ქართველებს) უკრძალავდნენ მიწის ფლობას, უზრდიდნენ გადასახადებს ნებისმიერი საქმინობისთვის, ანუ, არა მხოლოდ მიწათმოქმედს, არამედ ხელოსანსა და მოვაჭრესაც კი, თუ ქრისტიანი იყო, მუსლიმზე ბევრად მეტი გადასახადი უნდა გადაეხადა და ა.შ.
ამ მზაკვრულმა „ტექნოლოგიამ“, როგორც ვიცით, შედეგი გამოიღო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავაკვირდეთ, რას აკეთებს აფხაზეთის ამჟამინდელი („ავჟამინდელი“) რეჟიმი, რათა „უქართველებო“, ესე იგი ქართველებისაგან „გაწმენდილი„ აფხაზეთი მიიღოს: გალის მოსახლეობას ჯერ აფხაზური პასპორტები ჩამოართვეს, არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს და „ბინადრობის უფლებას“ დაჰპირდნენ. ამასაც მხოლოდ იმიტომ დაჰპირდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროპის თვალში არ სურთ „ეთნოწმენდის ორგანიზატორებად“ გამოჩნდნენ: „სამხრეთ ოსეთისაგან“ განსხვავებით, აფხაზ სეპარატისტთა მიზანი არა რუსეთში შესვლა, არამედ სრულფასოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ამიტომაც იყენებენ უფრო „დახვეწილ“ ტექნოლოგიას - დროში გაწელილად.
სულ მალე აღმოჩნდა, რომ „ბინადრობის უფლება“ ისეთ პირობებს გულისხმობს, რაც აფხაზეთში ცხოვრების ყოველგვარ პერსპექტივას უსპობს იმ ადამიანს, ვისაც არ სურს ან არ შეუძლია შეიცვალოს ეროვნება ანუ, როგორც დიდი ხნის წინ ჩვენში ამბობდნენ „ჩაეწეროს“ აფხაზად:
ქართველს, ვისაც აფხაზეთში მხოლოდ ცხოვრების უფლება აქვს, იმავდროულად, არა აქვს უფლება, გაყიდოს ბინა! მისი ბინა (საკუთარი სახლი, ვთქვათ გალში ან ოტობაიაში) აფხაზეთის სახელმწიფოს საკუთრებაა! კიდევ უარესი - არა აქვს უფლება, მემკვიდრეობით დაუტოვოს ეს სახლი საკუთარ შვილს ან შვილიშვილს. მაშასადამე, თუ ადამიანი გარდაიცვლება, მისი ოჯახი იმ სახლში მშვიდად ვეღარ იცხოვრებს: ნებისმიერ დროს მოვლენ ჯალათები და „საცხოვრებელი ფართის დაცლას“ მოსთხოვენ.
ახლავე რატომ არ ასახლებენ? იმავე მიზეზით: აშკარა და მყისიერი ეთნოწმენდა აღარ აწყობთ - ეს „იმიჯს“ შეულახავთ და „მოკავშირე რუსეთსაც“ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს დასავლეთის თვალში, რაკი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება.
ანუ, ისევ და ისევ, „დროში გაწელილი ეთნოწმენდა“ აწყობთ. თუმცა, შედეგი იგივე იქნება: ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ის მოხუცები თუ ჭარმაგი ადამიანები, ვინც აფხაზეთში დარჩა და ქართველობაც შეინარჩუნა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ისინიც წავლენ იმქვეყნად, აფხაზეთში ლეგალურად მცხოვრები ქართველი საერთოდ აღარ დარჩება - აღარც საკუთრება ექნებათ. მიწაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
და, რაც ყველაზე არაადამიანურია, აფხაზურმა ადმინისტრაციამ წელს დაასრულა ქართული სკოლების დახურვის პროცესი: ქართული შეზღუდულად ისწავლება, როგორც ცალკე საგანი. თანაც ფაკულტატური. ქართულ ენაზე კი არც ერთი საგანი აღარ ისწავლება.
ნაცისტებმა იციან: ქართველების უდიდესი ნაწილი იძულებული გახდება, ბავშვი ზუგდიდის სკოლაში ატაროს, ოღონდ კი ქართველობა არ დაუკარგოს. ჰოდა საბრალო ბავშვები კვირაში რამდენჯერმე გადადიან და გადმოდიან ენგურის „ჯოჯოხეთურ გზაზე“, სადაც იმავე გველური ტექნოლოგიით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა ეს გადასვლა-გადმოსვლა რაც შეიძლება მტანჯველი იყოს . . . . . . . ბოლოს და ბოლოს ადამიანს მოსწყინდეს, გატყდეს და საერთოდ უარი თქვას აფხაზეთში დაბრუნებაზე. სამაგიეროდ, სოხუმის რეჟიმს დემაგოგიური „სათქმელი“ აქვს: „ჩვენ ხომ არავის ვაძევებთ.....მათი უფლებაა იცხოვრონ იქ, სადაც ბავშვს იმ ენაზე ასწავლიან, რომელზეც სურთ სწავლა.....ანუ საქართველოში და არა აფხაზეთში.“
მაგრამ ბევრი ამაზეც თანახმაა, ოღონდ კი ერთის მხრივ გალში სახლი-კარმიდამო არ დაკარგოს, მეორეს მხრივ ბავშვს განათლება მიაღებინოს. თუმცა ქვეწარმავლური ტექნოლოგია ამ შემთხვევისთვისაც მოიგონეს: „ბინადრობის უფლების მქონე“ ადამიანი ხშირადაც ვერ გადალახავს „საზღვარს“ - ვიზას მოსთხოვენ უკან შესაშვებად; ვიზა კი შეიძლება მისცენ, შეიძლება არც მისცენ. ბოლო დროს ხშირად უარს ეუბნებიან.
აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას: თუ ასე გაგრძელდა (და არანაირი ინდიკატორი არ არსებობს, არ გაგრძელდეს ასევე), რამდენმე წლის შემდეგ აფხაზეთი, მათ შორის გალის რაიონი, საბოლოოდ დაიცლება ქართული მოსახლეობისგან. სეპარატისტებს კი ბევრჯერ უთქვამთ: ჩვენ არსად გვეჩქარებაო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პარალელურად, აფხაზური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ იმ ოჯახებმა, ვინც „სატალინმა და ბერიამ გააქართველა“, აქტიურად დაიწყეს აფხაზური გვარების „ნებაყოფლობით დაბრუნება“. ვერ მოატყუებ, არ გეგონოთ! - თუ ნამდვილად არ „გააფხაზდები“ და საქართველოს არ შეიძულებ, ყოველგვარ კავშირს არ შეწყვეტ და ნათესავებთან ურთიერთობაზეც უარს არ იტყვი, არც აფხაზად გაღიარებენ და ვერც აფხაზურ პასპორტს აიღებ.
აფხაზური ენის გამოცდებიც გათვალისწინებულია ქართველებისთვის - მათი „პარლამენტი“ უკვე მუშაობს შესაბამის „კანონპროექტზე“.
ეს ყოველივე ქართველებისთვის, თორემ აფხაზეთში მცხოვებ სომხებსა და რუსებს ამას ჯერ-ჯერობით ვერ უბედავენ: ქართველები და საქართველო „იოლად თავში წამოსარტყამი“, ადვილად დასაჩაგრი დაბალი ღობეა“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რასაკვირველია, ქართული მხარე „შეყოვნებული მოქმედების, მცოცავი ეთნოწმენდის“ შესახებ რეგულარულად „აყენებს საქმის კურსში“ ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და მოკავშირეებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.....გვიმალავენ, თორემ ამ თემაზე საუბრისას მათ შორის დაახლოებით ასეთი საუბარი იმართება „ხოლმე“:
- ნუთუ ვერ ხედავთ, ნუთუ ვერ ამჩნევთ, რა პოლიტიკას ატარებენ გალში აფხაზეთის ხელისუფალნი?
- დიახ, მოლაპარაკებებისას, ჩვენ მათ ვეკითხებით ამის შესახებ თქვენი თხოვნით და ისინი გვპასუხობენ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო არიან, ჰყავთ პარლამენტი, ამ პარლამენტმა მიიღო ამგვარი კანონები და აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლება, მათი თქმით, ვალდებულია შეასრულოს აფხაზეთის კანონები
- მერედა თქვენ რას ფიქრობთ ამ „საპასუხო არგუმენტზე?“
- (მხრების აჩეჩვით): აბა ჩვენ რა უნდა ვიფიქროთ? რა ჩვენი საქმეა, ან რა შეგვიძლია - ათეულობით წელია თქვენ აწარმოებთ მათთან მოლაპარაკებას („აპრავებთო“), ამით აღიარებთ ლეგიტიმურ მხარედ უკვე 25 წელია, თქვენ მოგვიწვიეთ შუამავლად ამ მოლაპარაკებებში, ჩვენ ხომ არ მოგვიხვევია თავს ჩვენი საშუამავლო სერვისი თქვენთვის? არა! ჰოდა თქვენ იცოდეთ და აფხაზებმა - „გააძლიერეთ დიალოგი“. სხვა რა?
- ?????????
აი ასე.
არავინ მოგატყუოთ, რაიმე სხვა შინაარსი ან ნარატივი აქვს ამ თემაზე საუბარს უკე მეოთხედსაკუნოვან ქართულ „დოყლოპატიასა“ და ევრო-ამერიკელ მოკავშირეებს თუ საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შორის!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უბედურება, რაც გალში ტრიალებს (უფრო ზუსტად, წელს უკვე ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება - ქართველობის საბოლოო ამოძირკვით) სხვა მხრივაცაა საგულისხმო: „სახელწიფოებრიობის აფხაზური პროექტი“ გულისხმობს, რომ ყველა მეგრულგვაროვანი ქართველი, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს, ან უნდა „წაეთრეს საქართველოში“, ან გააფხაზდეს ზემოთაღწერლი ტექნოლოგიით!
ეს აფხაზეთის ისტორიული პარადიგმაა: გაუგებარი „პოლიტკორექტულობის“ გამო არ ვამბობთ „რატომღაც“, რომ ის აფხაზები, ვისაც მეგრული გვარები აქვთ, დიდწილად, სწორედაც XVI-XVII-XVIII საუკუნეში „გააფხაზებული“ მეგრელები არიან!
იმდროინდელმა აფხაზურმა ეთნო-ელიტებმა, ოსმალთა ერთგულების ფიცით (ანუ ქრისტიანობის უარყოფითა და ისლამის მიღებით) „მოირთეს ძალა“ მაშინდელი სამხრეთული იმპერიისა, რათა ქცეულიყვნენ იმპერიის აგენტად და ბერკეტად დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგ: სამურზაყანოც მაშინ დაიპყრეს და სამხრეთ აფხაზეთის მეგრული მოსახლეობის ნაწილიც მაშინ გაააფხაზეს
შემაძრწუნებელი „ეპოქათშორისი პარალელია“, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ზუსტად იმავე ტექნოლოგიით, ოღონდ არა ოსმალთა, არამედ რუსეთის სახელმწიფოზე დაყრდნობითა და მასთან ანტიქართულ „ინტერესთა თანხვედრით“, აკეთებენ იგივეს: წმენდენ აფხაზეთს ქართული მოსახლეობისგან, ანუ................„თუ ქართველი ხარ და ქართველობა გინდა, აქედან წაეთრიე, ხოლო თუ აფხაზეთში ცხოვრება გინდა, ისწავლე, იღვაწე, იბრძოლე, იზრუნე, შეიძულე ქართველობა და საბოლოოდ გააფხაზდი!“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და რას აკეთეს ამ დროს ქართული მხარე? დასავლეთი რომ „ვერ გვიშველის“ აქ - ცხადია. ხელს რომ ვერ ვუშლით და სრულიად უმწეოები რომ ვართ, კიდევ გასაგებია, მაგრამ რომ კიდეც ვეხმარებით ამ ანტიქართული „პროექტის“ განხორციელებაში?!
აი, მაგალითად, ეს გამაოგნებელი „ჯანდაცვის პროგრამა“, რომლის ფარგლებში, გალელი ქართველი, გვარად ეზუგბაია ჩამოვიდა „ზაქარეიშვილის კლინიკაში“, დახმარება ითხოვა და ასეთი პასუხი მიიღო: „შენ ხომ ქართველი ეზუგ(ბა)ია ხარ? ამიტომ ბოდიში, ვერ გაგიკეთებთ უფასო ოპერაციას. მეტისმეტად ძვირია. აი აფხაზი ეზუგ(ბა) რომ იყო, მაშინ - კი ბატონო“.
ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ხითხითებს იგივე გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნადარაია („გააფხაზების“ ამჟამინდელი პოლიტიკის მთავარი პროკურატორი), ამ ამბავს რომ მოუყვებიან? ხითხითებს, რაკი ასეთი „უსასრულოდ იდიოტი“ მტერი არგუნა განგებამ.
„იმათი მკურნალობა ჰუმანიტარული საკითხიაო“. კი მაგრამ, ჯანდაცვის პროგრამის მეათე წელს (!!!-ეს ყოველივე ხომ ჯერ კიდევ ჭკუისკოლოფი მიშას დროს დაიწყო) იმ ქართველი ბავშვების საცოდაობა, ყოველ დღე რამდენიმე კილომეტრი რომ უნდა გაიარონ რათა ქართულ სკოლამდე მიაღწიონ, „ჰუმანიტარული საკითხი არ არის?!!!
თვით ქართულ ენაშიც კი არ მოიძევება სიტყვა, ტერმინი, ევფემიზმი, რომელიც აღწერდა და დაახასიათებდა ამგვარ „ჯანდაცვის პროგრამას“ მაშინ, როდესაც აფხაზეთის დღევანდელი, ნაცისტური რეჟიმი გალის (აფხაზეთის ქართველობის უკანასკნელი კუნძულის) გააფხაზებასა და მათი ეროვნული იდენტობის შეცვლას ცდილობს. წარმატებით ახერხებს კიდეც.
ალბათ მხოლოდ „პათოლოგიური თვითმავნებლობა“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს გამანადგურებელი პროცესი, რაც აფხაზეთის არარუსული და არასომხური მოსახლეობის „ჰომოგენიზაციით“ (ანუ „განქართველებით“) დასრულდება უახლოეს წლებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ბრიყვულია შეხედულება, თითქოს ოდესმე რაიმე კომპრომისის მიღწევა იყო შესაძლებელი ამ ცოფიან, ნაცისტურ, ანტიქართულ მოძრაობასთან: როდესაც მათი ისტორიული ლიდერები (არძინბა, შამბა, ოზგანი და ა.შ) „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობაზე“, „მოკავშირე და ავტონომიურ რესპულიკათა გათანაბრებაზე“, „სტალინის წართმეული სტატუსის აღდგენაზე“ საუბრობდნენ ჯერ კიდევ 1988 წლიდან, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, ისინი გულისხმობდნენ არა მხოლოდ საქართველოსგან გამოყოფას, არამედ აფხაზეთში ადგილობრივი ქართული (მეგრული) მოსახლეობის მიმართ ზუსტად იმ პოლიტიკის გეგმაზომიერად, თუნდაც დროში გაწელილად (ანუ უომრად!) განხორციელებას, რასაც ახლა სჩადიან გალში!
ამ მხრივ, სამურზაყანოს დღევანდელი ტრაგედია არის „მოდელი“ იმისა, რასაც უმზადებდნენ აფხაზეთის ქართველობას: ფაქტიურად, ულტიმატუმურ არჩევანს „ცუდსა“ და „უარესს“ შორის.
სამწუხაროდ, ბოლო 27-28 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიტიკამ არათუ ხელი შეუშალა, არამედ ჩლუნგად რადიკალური, არარეალისტური, არაკომპეტენტური, დანაშაულებრივად უმეცარი, უსუსური, უნდილი და ბრიყვული პოლიტიკით გააძლიერა იმანნენტურად ანტიქართული მოძრაობის რესურსები და პოზიციები.
ახლა უკვე, როგორც ჩანს, ყველაფერი გვიანია: აფხაზეთის ქართველობას ვეღარაფერს ვუშველით, ხოლო „ცოფიანი ანტიქართველების“ გალელთა ხარჯზე განმრავლების თავიდან ასაცილებლად, საქართველოში მაინც შევთავაზოთ ადამიანური პირობები ცხოვრებისა და განვითარებისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაჭარბებად არავის მოეჩვენოს და სამურზაყანო გადაიქცევა თანამედროვე „სამცხე-საათაბაგოდ“, რომელიც XVII საუკუნიდან მთლიანად გათურქდა „იმპერიული ტექნოლოგიით“, ეროვნული იდენტობა პირწმინდად დაკარგა და „ქართველობის“ უბოროტეს მტრადაც იქცა.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“