ჯონ ტოლკინის ტრილოგიაში „ბეჭდების მბრძანებელი“, რომელიც საბავშვო ლიტერატურის შედევრად ითვლება, „ბოროტი ჯადოქარის“ ყველაზე შთამბეჭდავი სახეა ანალოგიური ჟანრის ტექსტებისა თუ „ხატების“ რიგში: საურონი, - ბოროტი „ლეგენდარიუმის“ კორიფე, „ხმელთაშორეთის“ შავი ტახტის მპყრობელი, ავად მფშვინავი, განუსხეულებელი მტერი ყოველი კეთილის და ნათელისა, ყოვლისშემძლე და ყოვლისმჭვრეტი, იდუმალი და შეუცნობადი, რომელსაც, ბოლოს, „კეთილ ძალთა“ უნია და მისი წიაღიდან გამოსული სახალხო გმირი დაამარცხებს ჰობიტთა სიმართლის, ელფთა სინატიფისა და ჯუჯათა სწორუპოვრობის წყალობით.........
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ქართული ოცნება“ 21 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება და ეს მოლოდინი არათუ ფუჭია, არამედ თითქმის 100%-ით გარანტირებულიც: მმართველი პარტია უეჭველად მიიღებს გარანტირებულ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში, ხოლო კახი კალაძე აუცილებლად გახდება თბილისის მერი!
მაგრამ ამ „წინასწარტკბობის“ ეიფორიაში, „ოცნების“ ლიდერები ან ვერ ამჩნევენ, ან დიდ ყურადღებას არ აქცევენ საბედისწერო პროცესებს, რაც საქართველოს ყველა წინა ხელისუფლებას ძალიან ძვირი დაუჯდა: მიმდინარეობს ხელისუფლებისა და ხელისუფალის წინააღმდეგ „სათქმელის“ კრიტიკული მასის დაგროვება იმ „პასსიონარულ უმცირესობაში“, რომელიც ვერ იგებდა, ვერ იგებს და ვერც მომავალში მოიგებს ვერც ერთ არჩევნებს, მაგრამ როგორც უახლესი ისტორია გვასწავლის, ნამდვილად აქვს იმის რესურსი, მოიგოს რევოლუცია!
ხოლო ამგვარი ისტორიული გარდატეხების დროს არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენი ასი ათასი შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე „ქაჯეთის ციხის“ ასაღებად და რამდენი მილიონი დარჩა სახლში, რაკი მშვიდი ცხოვრება და ოჯახური მყუდროება სურს, ამიტომ ეშინია ცვლილებების და სძულს რევოლუციონერები.
ზუსტად ასე იყო, 1991 წლიდან, ყველა გადატრიალების თუ რევოლუციის დროს: ხელისუფლება არ უნდა აძლევდეს „სათქმელს“ პასსიონარულ, აქტიურ, „გამკეთებელ“, „შემვარდნ“ უმცირესობას და მის ლიდერებს, არ უნდა ქმნიდეს PR-საბაბს ნეგატიური „კონცენტრირებული სტერეოტიპების“ შესაქმნელად, რადგან თუ ასეთი კრიტიკული მასა დაგროვდა, შემდეგ მთავრობას ორად ორი გამოსავალი დარჩება: ან შევარდნაძესავით გაეცალოს, ან (კიდევ უარესი) გამსახურდიასავით წინააღმდეგობის გაწევა სცადოს, ანუ, საბოლოოდ, „ცუდად გაეცალოს“ მაინც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ მხრივ, ის, რაც „თავისუფლების მოედანზე“ მიწის გადაცემასთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის საბედისწერო პროცესის მხოლოდ მარკერია: ოპოზიციამ (ესე იგი ყოფილმა თუ ნამდვილმა „ნაციონალებმა“) ზუსტად მიაგნეს „საზოგადო ძარღვს“, რასაც უნდა შეხებოდნენ; ხოლო მთავრობის ნებისმიერი არგუმენტი უკვე აღარ ჭრის - არადამაჯერებელია საპასუხო დებულებათა მთელი ინსტრუმენტალი: დაწყებული სულელურად უმწეო „თქვენც რომ იგივეს აკეთებდით....“ დამთავრებული: „ამ 1 ლარის უკან მილიარდიანი ინვესტიცია დგას“.
ერთი შეხედვით, ორივე სამართლიანი არგუმენტია, თითქოს ორივე სწორია, თუმცა ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს: მიშა სწორედ იმიტომ გახდა „მიშა“, რომ შესანიშნავად ესმოდა მასის ფსიქოლოგია და 1997 წლის პირველი ხმაურიანი ინტერვიუებიდან დაწყებული ფლობდა „ფიარ-ტექნოლოგიებს“, რამაც ხელისუფლებისკენ გზა გაუკვალა.
მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ხელისუფლებას აქვს მხოლოდ ერთი საშუალება: არ მისცეს „სათქმელი“ და შემდეგ ეს „სათქმელი“ არ გააძლიეროს საკრებულოს სხდომის ჩაკეტვით, პოლიციის გამოყვანით, ოპოზიციონერთა დაპატიმრებით, როდესაც მასას უძლიერდება აღქმა-შთაბეჭდილება, რომ სადღაც, მისგან შორს, იდუმალების საბურველში იმყოფება ვიღაც ბოროტი სული, ვინც ზღვაზე დააცურებს ხეებს, „ჭრის თავებს“, „ითვისებს სახალხო ქონებას“, „ბატონობს მთავრობაზე“, რომლის წევრები მისი მსახურები არიან და ა.შ და ა.შ.
ისევ და ისევ: მასის ფსიქოლოგია ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ არათუ ბიზნესს, არამედ მილიარდიან ქველმოქმედებასაც არად ჩაგითვლის თუ ხედავს, რომ ეს კეთდება მისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით და ეჩვენება, რომ მისი (ანუ „ხალხის“) ღირსება ილახება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქ უკვე აქტიურად ერთვება რესურსები, რომლებიც მხარეთა ნიჭითა და უნიჭობით იქსოვება: ყველა საქმეს, უბრალოდ, „ცოდნა უნდა“. ოპოზიციას აქვს ამის „ცოდნა“. ხელისუფლებას კი შესაბამისი „კონტრ-ტექნოლოგია“ არ გააჩნია: „თავისუფლების მოედნის მიტაცება ერთ ლარად“, სრული დემაგოგიაც რომ იყოს, ვერ „იმუშავებდა“, თუ არ იქნებოდა „დახუნძლული“ ისეთი „ტელე-ხატებით“, როგორიცაა მაგალითად „ზღვაში ხეების ცურვა“....... და აბსოლუტურად უსარგებლოა პასუხი, რომ „ეს ხე საჯარო პარკში იდგმება“, „ბოტანიკური ბაღით ყველა ისარგებლებს“, „თბილისის გოლფის მოედანი მილიონერ უცხოელებს მოიზიდავს და გლამურულ ჟურნალებში მოხვდება“, „ავტოპარკინგი შვიდვარსკვლავიან სასტუმროს სჭირდება, ანუ მილიარდიანი ინვესტიციის აუცილებელი ნაწილია......“
ამგვარ „კონტრარგუმენტთა“ მარგი ქმედება არის ნოლი, რაკი გადაწყვეტილებები ისე და იმ ფორმით მიიღება, ოპოზიციას უტოვებს შანსს, შექმნას შესაბამისი კონცენტრირებული სტერეოტიპი „ბოროტი და მტაცებელი საურონის“ შესახებ.
დენ სიაო პინთან ყბადაღებული პარალელები „ვერ ჭრის“ იმ აზრით, რომ ჩინელი რეფორმატორი, ჯერ ერთი, ხელისუფლების წიაღიდან გამოსულად ითვლებოდა და რეფორმებთან ასოცირდებოდა თავად.
გარდა ამისა, ჩინეთი, ბოლოს და ბოლოს, არადემოკრატიულ რეჟიმად რჩება (დღემდე) და არა დემოკრატიად. უბრალოდ, ნაცვლად მაო ძედუნისეული „მემარცხენე-კომუნისტური“ დიქტატურისა, ახლა გარდაიქმნა სინგაპურის დარ, ლი ქუანისეულ „მემარჯვენე დიქტატურად“. საქართველო კი, საბედნიეროდ, დემოკრატიაა, თუნდაც არაკონსოლიდირებული და სუსტი, მაგრამ მაინც დემოკრატია მისი უმთავრესი მახასიათებლით - სიტყვისა და საზოგადო კომუნიკაციის თავისუფლებით!
ამიტომ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი, „ნულოვან წლებში“ ნამდვილად ქველმოქმედებას ეწოდა და პარალელურად, საჩხერეში პინგვინარიუმს აწყობდა, ეს მართლა მისი პირადი, სრულიად უხიფათო საქმე იყო. მაგრამ როცა უკვე ძნელად მოსაგერიებელია არგუმენტები მთავრობის „კულუარული მართვის“ შესახებ, მეტისმეტად დიდი რისკია ამგვარი შეცდომები და „აქტიური უმცირესობის“ ლიდერთათვის „სათქმელის“ მიცემა: მილიარდერი, ბიზნესმენი, ფარული ხელისუფალი, თან უჩინარი მმართველი..... ისეთი „ფეთქებადი ნაზავია“, რამე რომ იყოს, მცირე ნაპერწკალიც საკმარისი იქნება დიდი აფეთქების გამოსაწვევად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პოლიტიკის კანონები თუ არ მოგწონს და საჯაროობა გეზიზღება, პოლიტიკაში არ უნდა მოხვიდე! „ფიარის“ ზიზღი გასაგებია მანამ, სანამ ძალაუფლებას მოიპოვებ. მაგრამ თუ მოიპოვებ, მერე მისი მრისხანე კანონები უნდა დაიცვა.
ბიძინასგან განსხვავებით, სააკაშვილი „პოლიტიკური ცხოველია“ და ყოველთვის პოლიტიკური ტექნოლოგიის დაცვით მოქმედებს. ზოგჯერ იმარჯვებს, ზოგჯერ ვერა. ორივე შემთხვევაში კოლოსალური შედეგებით ქვეყნისთვის.
დღევანდელი მმართველი ძალა ეყრდნობა სტაბილურობის მოსურნე, ანუ „ოღონდ სიმშვიდე იყოს“ უმრავლესობას, რომელიც მას ყოველთვის გაამარჯვებინებს ნებისმიერ არჩევნებში, მაგრამ თითს თითზე არ დააკარებს, კომფორტული სავარძლიდან არ წამოდგება, ტელევიზორს ან კომპიუტერს არ მოსწყდება გადამწყვეტ მომენტში, როცა „ბიძინას საურონიზაციის“ პროცესი კულმინაციას მიაღწევს, „სათქმელის“ კრიტიკული მასა დაგროვდება და, ბოლოს, აფეთქდება კიდეც.
რა არის გამოსავალი? ესეც ცნობილია იმავე პოლიტიკური პრაქტიკის ისტორიიდან: გამოსავალია ნამდვილი დემოკრატია, - პლურალიზმი, ხელისუფლებათა ცვალებადობა ყველა დონეზე, 1 პროცენტიანი ქვოტა პარლამენტში, მაშასადამე ნამდვილად მრავალპარტიული და არა ორპარტიული საკანონმდებლო ორგანო, კოალიციური მთავრობა, პორტფელების, ესე იგი პასუხისმგებლობის გადანაწილება, ფრთხილი და კრეატიული „ფიარი“, „საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის გათვალისწინება“ და ხელისუფლების რაიმე სახით პერსონალიზაციის კატეგორიულად გამორიცხვა. მით უმეტეს, როცა ეს პერსონა ძალაუნებურად ხდება ხსენებული „ლეგენდარიუმის“ სახე.
ტოლკიენს იმავე რომანში საურონთან ერთად მეორე პერსონაჟიც გამოჰყავს - სარუმანი. „ბოროტი ჯადოქარის“ ალტერეგოა და თავიდან ვერც კი გაარჩევ, დამოუკიდებელი პერსონაჟია თუ ცეცხლოვანი სუფევიდან გამოსული და შემდეგ გაბოროტებული კეთილი მოხუცი. მაგრამ საბოლოოდ მაინც „შავი იდუმალების“ მსახურად იქცევა იმიტომ, რომ ასე აღიქმება....... წარსულში გაწეული სიკეთე (ქველმოქმედება) კი ჩირის ფასად იქცევა.
„პოლიტიკა სასტიკია“ - ამბობდა ედუარდ შევარდნაძე, სანამ მის საწინააღმდეგო „კონცენტრირებულ სტერეოტიპთა“ ანუ „სათქმელთა“ კრიტიკული მასა იმდენად მგრგვინავი არ გახდა, ყოველგვარმა წინააღმდეგობამ აზრი დაკარგა.
ხალხი არ უნდა „აალაპარაკო!!!“
მანამდე კი..........თვალეთ ადგილობრივ არჩევნებზე მიღებული ხმები და იოცნებეთ „სიმშვიდისა და სტაბილურობის“ უსასრულო ერაზე ამ ჩვენს „ხმელთაშორეთში“.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“