განსაკუთრებით დიდი ოდენობის პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლერი გულიკაშვილი, რომელსაც თავის სახელზე დარეგისტრირებული ჰქონდა რამდენიმე ფირმა და ამ ორგანიზაციების მონაცემების გამოყენებით ამზადებდა და ასაღებდა სხვადასხვა სამშენებლო მასალაზე გამოწერილ ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებდა.
სამართალდამცველებმა ლ. გულიკაშვილი მაშინ დააკავეს, როცა მან ერთ-ერთ მეწარმეს დაუმზადა და გადასცა რამდენიმე ყალბი საგადასახადო დოკუმენტი 700 000 ლარის ღირებულების და სანაცვლოდ მისგან 82 000 ლარის მიღებას ცდილობდა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.