შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს ქურდული სამყაროს წევრები: შოთა ჭავჭანიძე, თეიმურაზ გორდაძე, კახა კენჭოშვილი, კახა ვაჭარაძე, კობა ქურასბედიანი, კობა კაკაურიძე, მურმან წივწივაძე, ზურაბ წივწივაძე , დიმიტრი ბუღაშვილი და გიორგი ჩანქსელიანი.
სამართალდამცავების განცხადებით, აღნიშნული პირები, ერთერთ ბიზნესმენს მისი საქმიანობიდან გამომდინარე, სთხოვდნენ წილებს და ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით. ისინი უკავშირდებოდნენ რუსეთში მცხოვრებ კანონიერ ქურდს, ნოე წულაიას და ამჟამად ქსნის კოლონიაში მსჯავრდებულ, რევაზ ჩაკვეტაძეს მეტსახელად "კოჭოიას" და მათგან იღებდნენ მითითებებს.
დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, საბრძოლო მასალა, გადაჭრილი თოფი ე.წ აბრეზი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე, 239-ე და 236-ე მუხლებით.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.