განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრმლებმა დააკავეს შპს „თიბისა" და შპს „კოლხის" მფლობელი ნუგზარ კვახაძე; აგრეთვე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ლევან ჩიქობავა და ვალერი აბესაძე.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, კვახაძე ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდა ე. წ. "უსაქონლო ოპერაციებს". ინტენსიურად ამზადებდა და იყენებდა ყალბად გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომელთა საშუალებითაც თავისი ფირმებისათვის ე. წ. „ყალბ ჩათვლებს" იღებდა. ლ. ჩიქობავა და ვ. აბესაძე კი კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ამზადებდნენ ყალბ სასაქონლო ზედნადებებსა და სალაროს ქვითრებს.
სამართალდამცველებმა ისინი ამ ყალბი დოკუმენტაციის რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. საერთო ჯამში აღნიშნულმა პირებმა დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია 500 000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციაზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.