ENG / RUS       12+

როდის აფეთქდება „შეყოვნებული მოქმედების კონსტიტუცია“?

ჯერ-ჯერობით „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი გამოუვიდა. გამოუვიდა, თითქოს, იდეალურად: ახალი კონსტიტუცია (ეს სწორედაც ახალი კონსტიტუციაა და არა უბრალოდ  „გადაკეთებული ძველი“) მიღებულია 117 ხმით მაშინ, როდესაც სიითი შემადგენლობის სამი მეოთხედი 114-ია. ანუ, კიდევ 3 ხმის „რეზერვი“ ჰქონდათ, რაც მნიშვნელოვანია, რაკი „წკიპზე მიღებული“ ძირითადი კანონი „სალაპარაკო“ გახდებოდა იმის მიუხედავადაც, რომ 3/4 ძალიან მაღალი ქვორუმია. ალბათ არანორმალურად მაღალიც დემოკრატიული ქვეყნისთვის.    

ოპოზიციამ სრული უმწეობა გამოამჟღავნა, სხვადასხვა ტექნოლოგიით ხელი შეეშალა კონსტიტუციის მიღებისთვის ან რაიმე დასამახსოვრებელი პერფორმანსი მაინც შეექმნა სხდომათა დარბაზში თუ მის ფარგლებს გარეთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც პარლამენტი თბილისიდან-ქუთაისში გადაიტანა: რასაკვირველია, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ რეფორმას  სათავისოდ ახორციელებდა: მიშამ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე საბედისწერო ადგილს „დაწყევლილი“ უწოდა (სწორადაც უწოდა!) და ის გათვლა(ც) ჰქონდა, რომ ქუთაისში მასობრივი აქციების ორგანიზებას ოპოზიცია ვერ მოახერხებდა.

ოღონდ ამ „ჭკვიანურმა გათვლამ“ მის წინააღმდეგვე იმუშავა: 2012 წლის საბედისწერო დამარცხების შემდეგ, „მიშას პარტია“ თვითონ აღმოჩნდა ოპოზიციაში და ყველა ის „მახე“, რასაც სამომავლოდ საკუთარ ოპოზიციას უგებდა, მასზე ამუშავდა.

აბა წარმოვიდგინოთ, პარლამენტის ეს სხდომა თბილისში გამართულიყო, რა ამბავი იქნებოდა რუსთაველის გამზირზე? ქუთაისის გარეუბანში კი ოციოდე ადამიანი ძლივს მოგროვდა. თანაც არა მიშას მომხრენი - აბა ისინი კუბოს მიიტანდნენ წარწერით: „ძირს ნაც-ქოცური კონსტიტუცია?!“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ანუ, ნამდვილი პროტესტი არ გამოვიდა, ხოლო პარლამენტის ტრიბუნასთან „ბოქსის“ პოზიციაში დამდგარ თინათინ ბოკუჩავას ჟესტიკულაცია ირაკლი კობახიძესთან საუბარში, უფრო კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე რაიმე სერიოზული აქციისა.

მთლიანობაში, როგორც  ეტყობოდა, ოპოზიციურ ფრაქციებს ერთმანეთთანაც არ ჰქონდათ შეთანხმებული მოქმედების ტაქტიკა (ისევე, როგორც სტრატეგია), ამიტომ არავითარი განსაკუთრებული შთაბეჭდილება სხდომათა დარბაზის დატოვებას  არ მოუხდენია.

ამ „დატოვებასაც“ ცოდნა და ხელოვნება უნდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორეს მხრივ, მმართველმა პარტიამ, კონსტიტუციის მიღებისთანავე, ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა და ეშმაკურად შესთავაზა ოპონენტებს ვითომდაც „კომპრომისი“: პრეზიდენტი ადებს ვეტოს კონსტიტუციას მოტივირებული შენიშვნებით, რომლებიც ეხება მეორეხარისხოვან საკითხებს  („გამარჯვებულს მიაქვს ყველა გაუნაწილებელი ხმა“ ბონუსის გაუქმება და საარჩევნო ბლოკების აღდგენა), რაც მხოლოდ გააძლიერებს განხეთქილებას ოპოზიციაში, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“  საკუთარი გათვლები აქვს.

სამაგიეროდ, პრეზიდენტის უარი, მიიღოს ამგვარი კომპრომისი და მის მიერ კონსტიტუციის უფრო მნიშვნელოვანი პუნქტების (ვთქვათ საარჩევნო სისტემის) „დავეტოვება“ იმავე „ვენეციის კომისიის“ ბიუროკრატთა თვალში გამოჩნდება, როგორც „უკომპორომისობა“. ჯანი ბუკიკიოს ქვეშევრდომნი უკვე აკეთებენ კიდეც ნიშანდობლივ განცხადებებს, -  „კომპრომისის უნარი ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოსო“.

ოპოზიციას რომ მეტი რესურსი და შნო გააჩნდეს, სხვა ამბავი იქნებოდა, მაგრამ კონსტიტუციის მიღების პროცედურამ დაადასტურა: „ძალა“ ქუჩაში ხალხის გამოყვანისა, ოპოზიციას დღეს (!) ნამდვილად არა აქვს, ხოლო არგუმენტი „ქუთაისში რომაა, იმიტომ დაეზარა ხალხს მოსვლა, თორემ თბილისში ყოფილიყო - ნახავდით რამდენი ხალხი მოვარდებოდაო“- დასავლეთისთვის არგუმენტი არ  არის: „მასპინძელს უხარია და ჩვენ ვინ გვეკითხება?!“........ აბა მოვარდნილიყო ასი ათასი ადამიანი ქუთაისის პარლამენტთან, მაშინ ვნახავდით, რა განცხადებას გააკეთებდა „ვენეციის კომისია“. ეს ბევრს არ ესმის და დღემდე ვერ გაუგიათ განსვენებული ზბიგნევ ბჟეზინსკი რას გულისხმობდა ერთი შეხედვით ძალიან უცნაურ ფრაზაში: სანამ სიტუაცია საქართველოში გამოიყურება, როგორც სტაბილური, იგი ასეთად დარჩება“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეხება პრეზიდენტ  მარგველაშვილს, მას კარგი სვლები აღარ დარჩა: თუ დაადებს ვეტოს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ წვრილმანებს, არამედ პრეზიდენტის არჩევის წესს და მაჟორიტარული არჩევნების უკვე 2020 წლიდან გაუქმების საკითხს, პარლამენტი მის ვეტოს იოლად დაძლევს იმავე 114 ან 117 ხმით.

ერთი სიტყვით, თითქოს ყველაფერი მართლაც „იდეალურადაა“, მაგრამ.......აი მოყირჭებული გამოთქმა რომაა „ისტორია გვასწავლის,  მისგან არავინ არაფერს სწავლობსო“..... „ქართული ოცნება“, რომელიც კოლოსალურ საპარლამენტო უმრავლესობას აკონტროლებს, ახლა ეიფორიაშია, რაკი ჰგონია, ქართველთა ის „სულ მკიდია“ უმრავლესობა, ვინც  მას ეხმარება უმოქმედობით, ანუ გულგრილობით, მიტინგებზე არგამოსვლით, სახლში დარჩენით, ტელევიზორის პულტთა  ზანტად გადართვით, „ერთი თქვენი ყველას დედაც“ - ობით და მთლიანობაში ყანწ-ლუარსაბ თათქარიძეობით, საკმარისია ხელისუფლების შესანარჩუნებლად!

ზუსტად ასე ეგონა ყველა წინა ხელისუფლებას საქართველოში და ყველამ ძააააააალიან ცუდად დაამთავრა! იმიტომ, რომ აბსოლუტური ძალაუფლების ცდუნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მართლა ეყრდნობა მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს, - „ოღონდ არ იყოს არეულობა“, „ოღონდ იყოს სიმშვიდე“, „არ დამერღვეს ცხოვრების მთვლემარე რითმი“, „ისევ შეჩვეული ჭირი სჯობს“ და ა.შ. მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაშია შედეგიანი. ხოლო შემდეგ და შემდეგ, მთავრობისგან (თუნდაც იდეალური და ძალიან წარმატებული მთავრობისგან) ბუნებრივი დაღლის პარალელურად, საზოგადოებაში გროვდება უკმაყოფილების, სიძულვილის, აგრესიის პასსიონარული მუხტი, რომლის მატარებელი შესაძლოა სულაც არ იყოს უმრავლესობა. სამაგიეროდ, იყოს გამწარებული, აქტიური, „ცეცხლოვანი“, „გამკეთებელი“ უმცირესობა, რომელიც მზად იქნება „გამოვარდეს“, „მივარდეს“, „შევარდეს“ და „ვარდებით ხელში“ დაამხოს მოყირჭებული ხელისუფლება.......„ობივატელური უმრავლესობის“ მთვლემარე, ზანტი, „მკიდია“ ჩაურევლობის ფონზე.

კლასიკური მაგალითია ის, რაც მოხდა 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციისას“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამიტომ, ყველაზე გონივრული და თუნდაც საკუთარი ინტერესებისადმი პასუხისმგებელი  გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნებოდა საპარლამენტო პლურალიზმის გარანტიათა შექმნა. ამგვარ გარანტიად კი იქცეოდა არა მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა (რაც მთავარ ოპოზიციურ ძალას, სინამდვილეში სათავისოდ სჭირდება), არამედ საარჩევნო ბარიერის დაუყოვნებელი დაწევა 2 ან თუნდაც 1 პროცენტამდე და, რაც მთავარია, ისტორიული გადაწყვეტილების მიღება არჩევნებში მოქალაქეთა სავალდებულო მონაწილეობის შესახებ!

ამ ორი ოფციით, თვით მაჟორიტარული არჩევნებიც კი ვეღარ იქნებოდა ერთპარტიულობის გარანტია „მმართველი პარტიისთვის“, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის და........ყოფილი მმართველი პარტიისთვის, რომელსაც არა დემოკრატია და პლურალიზმი, არამედ 5 წლის წინ „შემთხვევით“ ხელიდან გაშვებული ასეთივე აბსოლუტური ძალაუფლების დაბრუნება უნდა, მეტი არც არაფერი!

„ერთპარტიული კონსტიტუციის“ მიღებით, „ქართულმა ოცნებამ“, მისდაუნებურად „ააწიკწიკა“ გამანადგურებელი ნაღმი, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აფეთქდება. პარლამენტში ხმების დათვლა აღარავის დააინტერესებს ისევე, როგორც 2003 წელს „ეკიდა“ მიშას, ვინ - ვის მისცა ხმა და რამდენი: „ჩაბეტონებული პოლიტიკური სისტემა“, ადრე თუ გვიან იღლება, ბზარები უჩნდება, შემდეგ ინგრევა და ბევრს თან იყოლებს.

ერთადერთი წამალი და „ანტიშხამი“ ნამდვილი საპარლამენტო რესპუბლიკა, ანუ მთავრობების ცვლა და კოალიციებია. „მთავრობათა არასტაბილურობა“ კი ცრუპენტელური არგუმენტია: სჯობს მთავრობათა ხშირი ცვლა, -  ქუჩაში მუდმივ დესტაბილიზაციას და რევოლუციათა გაუთავებელ კარუსელს.

მენტალურ-ემოციურად ჩვენი მსგავსი  იტალიის ისტორიული მაგალითი ამას ნამდვილად ადასტურებს.

 

ნიკა იმნაიშვილი 

ავტორი: . .