ხვალ, 12 ივლისს 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლიტოლოგს, სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. მაისაიას ადვიკატის ნათია კორკოტაძის ინფორმაციით, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია არც ერთი შუამდგომლობა. მისივე თქმით, საქმეში დაშვებული ყველა მტკიცებულება სამართლებრივი ნორმების დაცვის გვერდის ავლითაა მოპოვებული.
კორკოტაძის თქმით, საქმის შიდა ეროვნული სამართლებრივი უზრუნველყოფის ამოწურვის შემდგომ ევროსასამართლოში გაიგზავნება.
მისივე ინფორმაციით, ივლისის მეორე ნახევარში საქართველოში ჰააგის საგამოძიებო ჯგუფი ჩამოდის, რომელთა ადგილზე შეისწავლის ვახტანგ მაისაიას საქმეს, შეხვდება განსასჯელს, დაცვის მხარეს, ოჯახის წევრებსა და ხელისუფლებას.
შეგახსნებთ, რომ ვახტანგ მაისაია 2009 წლის 5 მაისს დააკავეს. მას ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს. მიმდინარე წლის 29 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვახტანგ მაისაიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მაისაიასთვის 24-წლიან სასჯელს ითხოვდა. გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაისაია სამხედრო ხასიათის ოპერატიულ მონაცემებს რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდა.
მაისაია ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ამავე საქმეში ბრალდებული ირაკლი ბატკუაშვილი სასამართლომ მსჯავრდებულად ცნო. მას საპროცესო გარიგების საფუძველზე 3-წლიანი პირობითი პატიმრობა და 5 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა.