„ღმერთმა ნუ ქნას......“ ეს პირველი საზოგადო რეაქციაა კოშმარზე, რომ ევროპის სახელმწიფოებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მთელმა მსოფლიომ (არა მხოლოდ რუსეთმა ან ვანუატუმ) სცნეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორია, რომელიც გაწმენდილია ქართული მოსახლეობისგან, ხოლო დარჩენილებს უმოწყალოდ, ნაცისტურად „ააფხაზებენ“, - გახდა გაეროს წევრი, სოხუმში გაიხსნა დასავლურ სახელმწიფოთა საელჩოები და ა.შ......
ჯერ-ჯერობით მართლა სტევენ კინგისეული ჰორორია, მაგრამ მწარედ ცდება, ვისაც ჰგონია, თითქოს აფხაზეთის „არაღიარება“ იმდენად მყარი და უცვლელი მოცემულობაა, ჩვენ შეიძლება საერთოდ არაფერი გავაკეთოთ, ანუ განვაგრძოთ ის დანაშაულებრივად მცდარი მიდგომა, რაც 25 წელია გვაქვს რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიის მიმართ და „ყოველთვის ისე იქნება, როგორც არის“. ანუ „ისე მაინც იქნება, როგორცა ახლაა“ - იგულისხმება: „ამაზე უარესი ხომ მაინც არ იქნება?!“.
იქნება!!! აუცილებლად იქნება, „მოსახდენი მოხდება“ და სეპარატისტები, რომლებიც ხშირად ამბობენ „ჩვენ არსად გვეჩქარებაო“ ადრე თუ გვიან უეჭველად მიაღწევენ საწადელს. მათთვის საწადელი კი აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა და სრულფასოვანი საერთაშორისო აღიარებაა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ის ჩლუნგი აღქმა, თითქოს არანაირი სხვაობა არ არსებობს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის, ასევე საშიში შეცდომაა, რომელიც ხელს უშლის მიზანშეწონილი პოლიტიკის გამომუშავებას. არაა ეს ორი სეპარატისტული წარმონაქმნი „ერთი და იგივე“ - მათ შორის კარდინალური სხვაობაა, რადგან თუ ცხინვალი ისტორიულად ცდილობს უბრალოდ ჩრდილო ოსეთს (მაშასადამე რუსეთს) შეუერთდეს, აფხაზების ოცნება ზუსტად „ქართველებისგან გაწმენდილი ტერიტორიის“ სრულფასოვან, საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოდ ქცევაა! ამ პროცესში მათ ნამდვილად არსად ეჩქარებათ, რადგან მოგვწონს თუ არა, დრო სეპარატისტთა სასარგებლოდ მუშაობს..... მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც უკვე ხელისუფლებათა მერამდენე თაობაა, საქართველომ კატასტროფულად მცდარი მიდგომა აირჩია, რომელიც არათუ ხელს უშლის ან გამორიცხავს, არამედ აახლოებს სეპარატისტულ რეჟიმს საოცნებო მიზანთან
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აი, ბოლო დროინდელი ილუსტრაცია: ბერლინში გაიხსნა აფხაზეთის ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ (სსპ-ის) წარმომადგენლობა. გახსნას ესწრებოდნენ ოფიციალური პირები. თავისთავად ამგვარი „წარმომადგენლობის“ დაფუძნება ცნობილი დიპლომატიური ტექნოლოგიაა - ბევრად მეტი, ვიდრე კულტურული წარმომადგენლობების პრეზენტაცია, რაც ადრე ხშირად ხდებოდა; სსპ - ურთიერთქმედების უფრო მაღალი დონეა, ვიდრე უბრალოდ კულტურით დაინტერესება: როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ელიტებს სურთ იმის დემონსტრირება, რომ გარკვეული წარმონაქმნის მიმართ იმაზე მეტი ინტერესი აქვთ, ვიდრე ცეკვით ან სიმღერით ტკბობა და უკვე სხვა დონეზე განიხილავენ მასთან ურთიერთქმედებას, სწორედ „სსპ“-ის გახსნის ან სსპ-ის წარმომადგენელთა ვიზიტის „ტრიუკი“ გამოიყენება. ასე იყო, მაგალითად, იაპონიის სსპ-ის სოხუმში ვიზიტის დროს.
ეს პალატა „საელჩო“ არ არის, მით უმეტეს მთლად სამთავრობო ორგანიზაციაც არაა, თუმცა არც ნაკლებია მნიშვნელობით. ანუ, შევთანხმდეთ, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის გახსნა, მით უმეტეს ოფიციალურ პირთა, - დეპუტატთა და პარტიულ ლიდერთა მონაწილეობით, პრესაში გაშუქებით და ოფიციალური მდებარეობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციით (თუნდაც NGO სტატუსით) ძალიან სერიოზული მოვლენაა.
მერედა, რას ან როგორ პასუხობს ამ მოვლენას ოფიციალური თბილისი? პასუხობს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აბსოლუტურად არაადეკვატური, უფრო მეტიც, აბსურდული განცხადებით: „ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის არალეგიტიმური. ...... ვადასტურებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გერმანელი პარტნიორები აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.....“
ჯერ ერთი, გაუგებარია „ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადგმული“ რომელი ნაბიჯი იგულისხმება ამ დისკურსში? აფხაზეთში გადაიდგა ეს „ნაბიჯი“ თუ ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის დედაქალაქში? მოსკოვში რომ გახსნილიყო, მაშინაც ასეთი მიკიბულ-მოკიბული ფორმულირება გაჟღერდებოდა?
ანუ, აქ კვლავ მჟღავნდება სრული უუნარობა, პასუხი გაეცეს მეგობრისა და მოკავშირის არამეგობრულ ნაბიჯს (ნაბიჯს ქმედებით ან უმოქმედობით - შედეგი იდენტურია). გარდა ამისა, კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს პასაჟი „გერმანელი პარტნიორების“ ნაცვლად, მათ მაგივრად მათივე შეხედულებათა არტიკულირებით, როდესაც იმათ („პარტნიორებს“) თავად ეს პოზიცია ამ შემთხვევასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს პირველი ინციდენტი როდია და თუ ასე გაგრძელდა, არც უკანასკნელია სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა ტექნოლოგიით, სხვადასხვა მიმართულებით...........
კიდევ ერთი მაგალითი: შარშან აფხაზეთში ჩატარდა ე.წ. „არაღიარებულ სახელმწიფოთა და ხალხთა საფეხბურთო კონფედერაციის“ (CONIFA) მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. მას არათუ დაესწრო FIFA-ს წარმომადგენელი, არამედ პრეს-კონფერენციაც გამართა და ეს ღონისძიება „გააპრავა“.
საქართველოს საპროტესტო წამოკნავლებას არავინ არავითარი ყურადღება არ მიაქცია, რაკი დასავლური მიდგომა ასეთია: „აფხაზეთს არ ვაღიარებთ პოლიტიკურად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვცნობთ მის ლეგიტიმურობას“!
მხოლოდ უმეცარს შეიძლება მოეჩვენოს აქ რაიმე წინააღმდეგობა: არ აღიარებენ, რაკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და არ აწყობთ ამგვარი პრეცედენტის შექმნა საკუთარი და ნამდვილი მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს იურიდიული ინსტრუმენტი ხვალ მაინც შეიძლება ამოქმედდეს, თუ ის წინაპირობები აღარ იარსებებს, რაც ამჟამად მის გამოყენებას უშლის ხელს. მანამდე კი, მშვიდად თანამშრომლობენ და თანდათან აძლიერებენ ამ თანამშრომლობის ხარისხს - ფეხბურთიდან, კულტურულ ფესტივალებში მიწვევიდან - სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობებამდე.
ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, დღევანდელი „არაღიარება“ მხოლოდ და მხოლოდ „ოკუპირებულობით“ და რუსეთის იმპერიულ ამბიციათა შიშითაა განპირობებული, რაც სრულებით არ ნიშნავს (როგორიც ჩვენ გვგონია და გვინდა) თითქოს არც ხვალ არ აღიარებენ და არც ზეგ. იმიტომ, რომ „არაღიარების“ მიუხედავად, დღეს უკვე „სცნობენ ლეგიტიმურად“ და სერიოზულად განიხილავენ „ერთა თვითგამორკვევის“ დასავლური (!) კონცეფციის ფარგლებში!
ამის დანახვა და გაგება ქართულ ელიტებს ტრადიციულად არ სურთ ან არ შეუძლიათ - ცნებებს ჯიუტად აიგივებენ მაშინ, როდესაც „არაღიარება“ და „არცნობა“ ერთი და იგივე არ არის. როგორც „დე-იურე“ და „დე-ფაქტო“.
აფხაზ სეპარატისტთა მძვინვარედ ფანატიკურმა, მაგრამ ნიჭიერმა ლიდერებმა (არძინბადან დაწყებული) ეს სხვაობა შესანიშნავად იციან. ამიტომ მშვიდად მუშაობენ „დე-ფაქტო“ კომპონენტის გაძლიერებაზე, რაკი ზუსტად იციან და ამაში არც ცდებიან, რომ „დე-ფაქტო“ ადრე თუ გვიან აუცილებლად (აუცილებლად!!!) გადაიზრდება „დე-იურეში“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შესაძლებელია თუ არა ქართულმა პოლიტიკამ ხელი შეუშალოს ამ პროცესს? ან რა მეთოდითაა მიზანშეწონილი თანამედროვე აფხაზეთის დელეგიტიმაცია და მასთან ნებისმიერი ურთიერთობის ქცევა დასავლური ფილოსოფიის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად? მხოლოდ ერთი ინსტრუმენტით: აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა მხოლოდ (!) იმაზე, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, არამედ იმაზეც (პირველ მოცემულობასთან კავშირში), რომ სეპარატისტული რეჟიმი, რომელიც გაბატონებულია აფხაზეთში, არის კაცთმოძულე, ადამიანის უფლებათა დამრღვევი, ბრუტალური, არაცივილიზებული, ტირანული, რეპრესიული, ქსენოფობიური, გარკვეული აზრით ნაცისტურიც კი. და რომ სწორედ ამიტომ (და არა მხოლოდ „ოკუპაციის მიზეზით) არის სასირცხვო ევროპული საზოგადოებისთვის მასთან ნებისმიერი კონტაქტი, მისი წარმომადგენლობების გახსნა, მასთან ვიზიტი და ა.შ.
განა არ არსებობს ფაქტები და პროცესები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ: აფხაზეთის რეჟიმი ევროპული ფილოსოფიის, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო ფენომენია? - რამდენიც გნებავთ: თუნდაც ის, რაც ხდება გალის რაიონში, სადაც მიმდინარეობს ეთნოწმენდისა და ადამიანთა იდენტობის იძულებით ცვლილების (მაშასადამე გენოციდის) მორიგი ტალღა, თუნდაც მხეცური მკვლელობები აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირთა მხარდაჭერით, ტრეფიკინგი, მონობა, ცივილიზებულ ინსტიტუტთა არარსებობა და ა.შ.
ჩვენ რომ ნორმალური მიდგომა გვქონდეს, აფხაზეთში 13 წლის ბავშვის გაუპატიურებასა და მკვლელობაზე, განსაკუთრებით ამ მკვლელობისადმი იმ ე.წ. „ხელისუფლების“ დამოკიდებულებაზე განცხადებას საქართველოს ომბუდსმენი და შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა აკეთებდნენ; იმიტომ, რომ ის გაუპატიურებული და მოკლული ბავშვი საქართველოს მოქალაქეა; ისევე, როგორც გალში ქართული სკოლების აკრძალვაზე (არა რუსი ოკუპანტების, არამედ სეპარატისტული რეჟიმის მიერ), რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ ფილოსოფიას.
აქცენტი სეპარატისტული რეჟიმის, სეპარატისტული საზოგადოების (!) კაცთმოძულე ხასიათზე, - გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუსჯელობაზე, ბავშვებისთვის დედა-ენაზე სწავლის აკრძალვაზე და ა.შ. - ბევრად მეტად შეუშლიდა ხელს აფხაზეთის „წარმომადგენლობების“ გახსნას, ვიდრე გაუთავებელი და ფუჭად ქცეული რიტორიკა „ოკუპაციაზე“.
დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა არა გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, არამედ იმიტომ, რომ ეს აღიარება სამართლიანად მიიჩნია - ამ ტერიტორიაზე მილოშევიჩის მხეცური რეჟიმის მოქმედებათა გამო. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმგვარ აღქმას, როდესაც კაცთმოძულე, ადამიანის უფლებათა დამრღვევ სეპარატისტულ რეჟიმთან ნებისმიერი კონტაქტი, მით უმეტეს მისი აღიარება ევროპულ ღირებულებათა შერყვნად იქნება აღქმული ისევე, როგორც კოსოვოს არაღიარება იყო. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ეს ერი „თვითგამორკვევისთვის იბრძვის“, რაც დასავლური აღქმით დანაშაული სულაც არ არის, არამედ იმიტომ, რომ ამ პროცესში იგი მიმართავს ნაცისტურ, ბრუტალურ მეთოდებს და არღვევს ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.
სინამდვილეში, მთელს მსოფლიოს ყოველ დღე, ყველა პლატფორმაზე უნდა ვეუბნებოდეთ: რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციით მოსკოვმა ამ ტერიტორიაზე ცივილიზებული ნორმები კი არ შეიტანა, არამედ ხელი შეუწყო კაცთმოძულე, პირსისხლიანი რეჟიმის დამყარებას, ესე იგი თანამედროვე აფხაზეთის მთავარი პრობლემა ტოტალური „კონტროლი“ კი არ არის, არამედ სწორედ უკონტროლობაა.
რეალურად, დასავლური კონცეფცია „ერთა თვითგამორკვევის“ შესახებ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის წინააღმდეგ მუშაობს. ოღონდ მუშაობს ეტაპობრივად, დროში გაწელილად, ხოლო აფხაზეთი ამ მხრივ ნამდვილად არ იქნება გამონაკლისი. ერთადერთი ევროპული კონცეფცია, რამაც შეიძლება სეპარატისტთა არგუმენტაცია (Selfdetermination) დაანგრიოს, არის ადამიანის უფლებათა ფილოსოფია: თუ ევროპა აფხაზეთის დამოუკიდებლობას ისტორიულ პერსპექტივაში არ ცნობს, არ სცნობს არა „ოკუპაციის“ გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ეთნოწმენდის შედეგად შექმნილი „კვაზისახელმწიფო“, რომელიც მუდმივად არღვევს (არა მხოლოდ საოკუპაციო ჯარი, არამედ მის მიერ დაცული თვით სეპარატისტული რეჟიმი!) ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ ნორმებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არადა.....სათქმელის მეტი რა გვაქვს ამ თვალსაზრისით თუ აფხაზეთში შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ? მაგრამ ნაცვლად ამისა, დასავლელ პარტნიორებს გაუთავებლად ესმით მხოლოდ „ანტისაოკუპაციო“ რიტორიკა ბრიყვული რეფრენით „ეგენი სინამდვილეში ჩვენი ძმები არიან, - უბრალოდ ოკუპაციის ქვეშ იტანჯებიანო“. ამგვარი რიტორიკით მხოლოდ ვეხმარებით სეპარატისტებს, რაც აახლოვებთ მათ მიზანთან.
ეთნიკური აფხაზებისთვის უფასო ჯანდაცვის ზაქარეიშვილისეული, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველთა დისკრიმინაციული პროგრამის გაუქმება, რამდენად უსამართლოც არ უნდა იყოს, გამორიცხულია - უკვე გვიან არის. ან არ უნდა დაწყებულიყო, ან ახლა მისი გაუქმება ევროპელთა თვალში უარეს შთაბეჭდილებას შექმნის
თუ საქართველოს ელიტები, უახლოეს მომავალში არ შეცვლიან მიდგომას აფხაზეთის პრობლემისადმი, თუ გაგრძელდება ამ პირსისხლიან რეჟიმთა საერთაშორისო „გაპრავება“ ე.წ. „ჟენევის მოლაპარაკებებით“, სადაც საქართველოსა და სეპარატისტულ წარმონაქმნთა წარმომადგენლებს თანაბარი სტატუსი აქვთ, მაშინ, ადრე თუ გვიან, თუნდაც 10 წლის შემდეგ, „წარმომადგენლობების“ გახსნა და ფესტივალებში მონაწილეობა“, „საფეხბურთო“ და „საჭადრაკო“ ჩემპიონატები აუცილებლად გადაიზრდება საერთაშორისო ლეგიტიმაციის იმგვარ ხარისხში, რომ მოხდება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის სრულფასოვანი აღიარება დასავლეთის, მაშასადამე მსოფლიო თანამეგობრობის მიერ.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“