დღეს, 10 ივლისს, ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კანონის მიხედვით, გასაჩივრების ვადა 10 ივლისს იწურება. დემეტრაძის ადვოკატის, გიგა ზირაქიშვილის განცხადებით, იგი გაასაჩივრებს დავით გაგნიძის და ვატო ყიფიანის მიმართ დაპატიმრების გადაწყვეტილებასაც. ორივე მათგანი მისი დაცვის ქვეშ იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნობილ ქართველი ფეხბურთელს, საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, გიორგი დემეტრაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არსებული ინფორმაციით, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დემეტრაძეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი დემეტრაძეს სამართალდამცავები ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით ე. წ. მაზავშჩიკებთან მოგებულ თანხებს. თანხების ამოღებაში მოგებულებს ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ აღნიშნული პირები.
დაკავებულია კიდევ ორი პირი - დავით გაგნიძე და კახა მისირელი. საქმეში ფიგურირებს ვატო ყიფიანიც. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მათ ბრალად ედებათ ქურდული ტრადიციების მიმდევრობა, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მისირელს, დემეტრაძესა და გაგნიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეეფარდათ. ისინი გლდანის #8 საპყრობილეში არიან გადაყვანილი. დაუსწრებლად დაპატიმრება ვატო ყიფიანსაც შეეფარდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.
კახა მისირელის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია'გლოკის'ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაუზერის'და იერიხოს'ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები, ხოლო დავით გაგნიძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. რადგან ვახტანგ ყიფიანი ამჟამად იმყოფება უკრაინაში, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო.