მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით დაკავებული პირების საჩივრების განხილვა სააპელაციო სასამართლომ 16 ივლისისთვის გადადო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთი მსჯავრდებულის, კობა კობალაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ ერთ-ერთ მსჯავრდებულს, ზაზა მუშკუდიანს ადვოკატი არ ჰყავს.
სააპელაციო სასამართლო მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 21 პირის სარჩელს განიხილავს, მათ შორის - კობა ოთანაძის, რომელაც საქალაქო სასამართლომ 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ლევან ამირიძის _ 28 წლით, და შოთა გორგიაშვილი _ 19 წლით.
შეგახსენებთ, რომ მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონში ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა, რომელში მონაწილეობისთვის 41 პირი დააკავეს. 41 განსასჯელიდან სასამართლომ ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების ნაწილში წაყენებულ ბრალდებაში მხოლოდ ერთი, ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაური კობა კობალაძე გაამართლა.
პროცესის მსვლელობისას ოცი განსასჯელის სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. მსჯავრდებულთაგან თვრამეტს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ორი პირის მიმართ პირობითი მსჯავრი იქნა გამოყენებული.