რესპოდენტის შესახებ
„C ჰეპატიტს მკვეთრად დამახასიათებელი სიმპტომები, პრაქტიკულად, არ ახასიათებს, რის გამოც, თუ ადამიანმა შემთხვევით არ ჩაიტარა გამოკვლევა, სიმპტომები ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა დაავადება საკმაოდ შორს არის წასული“, - ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
ამ და სხვა საკითხებზე მაია ბუწაშვილს „ჯი-ეიჩ-ენი“ ესაუბრა:
რა დაავადებაა C ჰეპატიტი და რა სიმპტომები მიგვანიშნებს მასზე?
C ჰეპატიტი არის დაავადება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია. დაავადების გავრცელების მხრივ, სამწუხაროდ, ჩვენ ტოპ ხუთეულში შევდივართ, რადგან მოსახლეობის 7.2 %-ია ინფიცირებული, რაც დაადასტურა 2015 წელს საქართველოს დაავადების კონტროლის ცენტრის მიერ ამერიკის დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ.
დაავადება გადადის ძირითადად სისხლის გზით და მკვეთრად დამახასიათებელი სიმპტომები პრაქტიკულად არ აქვს, რის გამოც, თუ შემთხვევით არ ჩაიტარა გამოკვლევა, სიმპტომები ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა დაავადება საკმაოდ შორს არის წასული.
C ჰეპატიტს აქვს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულებები, როგორიცაა - ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო.
ჩვენი მოწოდება არის ერთი და უნივერსალური, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ცხოვრობს საქართველოში და შესაბამისად, იმყოფება C ჰეპატიტის რისკის ქვეშ, უნდა ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია დაავადების დროული გამოვლენა.
რა სიმპტომები გვხვდება დაავადების გართულების შემთხვევაში?
ზოგადად, C ჰეპატიტს არ აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, მაგრამ საყურადღებოა საერთო სისუსტე, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა მხარეს, ასციტით მიმდინარე მძიმე ფორმის დროს იწყება მუცელში სითხის ჩაგროვება და მუცელი ზომაში იზრდება, ასევე, საყლაპავი მილიდან სისხლდენა, რაც პირიდან სისხლდენით გამოიხატება. სამწუხაროდ, სწორედ საყლაპავიდან სისხლდენა არის პირველი გამოვლენა, როცა ადამიანი ხვდება საავადმყოფოში და იწყება მიზეზის კვლევა დგინდება, რომ ეს მოხდა C ჰეპატიტის გამო.
გარდა ამისა, ხშირად თავს იჩენს სიყვითლე, სახსრების ტკივილი, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი - ლაქები. მაგრამ ძალიან კონკრეტული და სპეციფიური სიმპტომი, რაც მიგიყვანს დაავადებამდე მას არ ახასიათებს.
რომელ კლინიკებში შეუძლიათ ადამიანებს C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევის ჩატარება?
C ჰეპატიტზე პირველადი, უფასო გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა ჩამონათვალი დიდია და განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე და ასევე, ჩვენს (C ჰეპატიტის) Facebook გვერდზე.
ასეთი კლინიკები არის ყველა რეგიონსა და ქალაქში და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.
არის თუ არა C ჰეპატიტი სრულად განკურნებადი?
დაავადება განკურნებადია - საუბარია ვირუსის განკურნებაზე, თავიდან პროგრამის საწყის ეტაპზე, როცა მხოლოდ მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებს ვრთავდით პროგრამაში, იყო შედარებით ნაკლები - 85 % -იანი განკურნების მაჩვენებელი ახლა კი 98%-იანი მაჩვენებელი გვაქვს.
ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი - საქმე ეხება სრულ განკურნებას და არა იმას, რაც ხშირად ჰგონაით პაციენტებს - არის დამკვიდრებული აზრი, რომ "C ჰეპატიტისგან სრულად არ იკურნება ადამიანი, ვირუსი ჩერდება, იყინება და ა.შ." ეს სწორი არ არის და მითი მოდის იქიდან, რომ, როცა ადამიანი განიკურნება და ანალიზს იკეთებს თავიდან, ანტისხეულები ისევ ჩანს. ეს ასე იქნება მთელი ცხოვრება, რადგან ინფექცია არის გადატანილი. ასეთ დროს ფიქრობენ, რომ რადგან ისევ ჩანს ანტისხეულები, "კვლავ აქვს ინფექცია შეჩრებული სახით პაციენტს".
რეალურად კი C ჰეპატიტი ნამდვილად განკურნებადი დაავადებაა.
რას გულისხმობს ელიმინაციის პროგრამა და როგორ ჩაერთო საქართველო მასში?
ელიმინაციის პროგრამას აქვს საკმაოდ ამბიციური მიზანი, რომ 2020 წლამდე საქართველოში 7.2 %-დან დაავადების გავრცელება შევამციროთ 0.5%-მდე.
საქართველო, როგორც ამ პროგრამის საპილოტე ქვეყანა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შეირჩა სხვადასხვა კრიტერიუმებით:
პირველ რიგში იყო ქვეყნის მზადყოფნა - არსებობდა ბაზისი - პენიტენციალურ სისტემაში უკვე მიმდინარეობდა უფასო მკურნალობა. ასევე, სახელმწიფომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გამოკვლევების თანადაფინანსებაში შესულიყო და ეზრუნა პრევენციაზე (გაეკონტროლებინა კლინიკები, სალონები და ა.შ.).
გარდა ამისა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ასოციაციის მიერ, შემოწმდა კლინიკების ინფრასტრუქტურა და აღმოჩნდა, რომ 4 კლინიკა უკვე მზად იყო, მეორე დღიდანვე დაეწყო მკურნალობა, წინასწარი მომზადებისა და ტრეინინგების გარეშე.
თანაც, საქართველო არის პატარა ქვეყანა და საპილოტე პროგრამაში კარგად მოსავლელი.
მიუხედავად დაავადების მაღალი გავრცელებისა, ამ მხრივ მთელი მსოფლიოდან ჩვენკენ მომართულია იმედიანი ყურადღება - თუ ეს ელიმინაციის პროგრამა გაამართლებს ჩვენთან, მაშინ დაინერგება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
რა პრობლემების წინაშე დგას ელიმინაციის პროგრამა საქართველოში ამ ეტაპზე?
უკვე ვისაუბრეთ წარმატებაზე - რომ განკურნების პროცენტი მაღალია და მასში ჩაერთო 40 000-ზე მეტი ადამიანი.
რაც შეეხება პრობლემებს, მთავარი პრობლემა ისაა, რომ დაავადების გამოვლენა მნიშვნელოვნად შემცირდა.
თუკი თავიდან დაავადებული ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ დაიწყებოდა მსგავსი მკურნალობის პროგრამა, სახლში ელოდებოდნენ მასში ჩართვას, ახლა დარჩა ის ხალხი ვისი დაავადებაც აქტიურად უნდა გამოვლინდეს.
სამწუხაროდ, სიზარმაცე შეინიშნება, მოსახლეობა არ იყენებს უნიკალურ შანსს და შესაბამისად, პროგრამაში ჩართული პაციენტების რიცხვი ყოველთვიურად მცირდება.
ეს ძალიან გვაწუხებს. მსოფლიოში ყველზე ძვირი წამალია( ის თავის წონა ოქროზე ძვირი ღირს) 3 თვიანი კურსის ღირებულება 80 000 დოლარია. ამიტომაც, გვინდა მაქსიმალურად ყველამ ჩაიტაროს ეს უმარტივესი გამოკვლევა და თუ აქვთ C ჰეპატიტი მარტივად მოიცილონ თავიდან, მინიმალური დანახარჯებით. გამოკვლევებში დასახარჯი თანხა ხელმიუწვდომელი არ არის. სოციალურად დაუცველი პირებისთვის კი ბევრი ქალაქის მერია მთლიანად იღებს თავზე გამოკვლევის ხარჯების დაფინანსებას.
ახლა მიდის მუშაობა, რომ ყველა პაციენტი გათავისუფლდეს გამოკვლევის ხარჯებისაგან.
არის თუ არა C ჰეპატიტი განმეორებადი დაავადება და განმეორების შემთხვევაში არის თუ არა უფრო საშიში?
სამწუხარო, C ჰეპატიტის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ხდება მისი განმეორება, განსაკუთრებით სხვა გენოტიპით. რადგან C ჰეპატიტის ვირუსს სხვადასხვა ტიპები აქვს, რეინფიცირება მარტივადაა შესაძლებელი. ამიტომაც, მოვუწოდებთ ადამიანებს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ თავს განკურნების შემდეგაც.
რეინფექცია არ მიმდინარეობს უფრო მძიმედ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ განკურნებული ადამიანი ხელახლა დაინფიცირდეს. ეს დამოკიდებულია პაციენტის ქცევაზეც , თუმცა არამარტო. ამიტომაც არის ელიმინაციის პროგრამისთვის მნიშვნელოვანი, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მაქსიმალურად დაცული იყოს დეზინფექცია-სტერილიზაციის პირობები. ასევე, სალონებშიც, რათა რეინფექციის შემთხვევები აღარ გვქონდეს.
რამდენად წარმატებით მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებისა და სალონების შემოწმება?
ვერცერთი კონტროლი მოაგვარებს პრობლემას თუ საზოგადოებას სათანადო განათლება არ ექნება.
მაკონტროლებელი დაწესებულებაში ვერ იჯდება ყოველდღიურად და ყოველთვის შეიძლება კონტროლი დასუსტდეს. ამიტომ, თვითონ კლინიკებისა და სალონების მხრიდან უნდა იყოს იმის ნება, რომ არ დააინფიცირონ პაციენტები.
ამ მხრივ მიმდინარეობს მათთვის ინფორმაციის მიწოდება.
რაც შეეხება კონტროლს, შეიქმნა რეგულაციები, რადგან კონკრეტულად არ იყო ჩამოყალიბებული და როდესაც არ გაქვს რეგულაციები, რთულია ვინმეს მათი დაცვა მოსთხოვო.
ახლა უკვე არსებობს რეგულაციები, კლინიკები გაეცნენ და თუ მაინც არ დაიცავენ წესებს, მკაცრი, სადამსჯელო ღონისძიებებიც არის მოსალოდნელი.
პირველ ეტაპზე, როცა შემოწმება გაიარეს სტომატოლოგიურმა კლინიკებმა, ბევრს მითითებები მიეცა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ აღარ არსებობდა გამოსწორების იმედი და რაღაც რაოდენობა დაიხურა კიდეც.
მომხმარებელს გაუჭირდება შეაფასოს, არის თუ არა სტერილიზაცია სათანადო, შეიძლება არსებობდეს აპარატი, მაგრამ ზედმიწევნით არ იყოს წესები დაცული.
რა თქმა უნდა, მაინც კარგია მომხმარებლის აქტივობა ან კითხვის დასმა, რამდენად სწორად სტერილდება ხელსაწყოები. თუ შეამჩნევს ადამიანი, რომ გამოყენებული ხელსაწყოს სტერილიზაციის გარეშე, ხელმეორედ გამოიყენება, აუცილებლად უნდა მოითხოვოს სტერილიზაცია.
ჩვენთან, სამწუხაროდ, მორცხვობენ, ფიქრობენ, რომ ნეგატიურ რეაქციას მიიღებენ, მაგრამ მაქსიმალურად მომთხოვნები უნდა ვიყოთ. მინიმუმ, ხელთათმანი უნდა ეკეთოს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს.
შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტისგან თვითგანკურნება?
შესაძლებელია, ამის შანსი არის 20 %, თუმცა ეს უნდა მოხდეს ინფიცირების პირველ ეტაპზე ანუ დაინფიცირებიდან 6 თვეში.
ზოგადად, ადამიანს დაავადება, სწრაფი ტესტით, დაინფიცირებიდან 3 თვეში უვლინდება.
სწრაფი ტესტის შემდეგ, პირველი გამოკვლევა ტარდება იმის დასადგენად - არის ვირუსი გამრავლებადი თუ თვითგანკურნება მოხდა.
თუ თვითგანკურნება დაფიქსირდა, პაციენტი თავისუფლდება შემდგომი გამოკვლევებისგან და არ სჭირდება მკურნალობა. თუ დადგინდა , რომ დაავადება ქრონიკულია, მაშინ გამოკვლევების შემდეგ იწყება მკურნალობა.
ესაუბრა თამთა ქარქაშაძე „ჯი-ეიჩ-ენი“