თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნობილ ქართველი ფეხბურთელს, საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, გიორგი დემეტრაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არსებული ინფორმაციით, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დემეტრაძეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი თქვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი შეეფარდება ფეხბურთელთან ერთად დაკავებულ ორ პირს. სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი დემეტრაძეს სამართალდამცავები ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ადანაშაულებენ. დაკავებულია კიდევ ორი პირი - დავით გაგნიძე და კახა მისირელი. საქმეში ფიგურირებს კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანიც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების დროს მათგან ამოღებულია ერთ-ერთი მოქალაქისაგან მიღებული 40 700 აშშ დოლარი, რომელიც მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. მაზით'140 000 დოლარი მოგებული ჰქონდა დავით ფეიქრიშვილს.
აღნიშნული თანხის ამოსაღებად უკრაინიდან სატელეფონო საუბრებით ჩაერთო წარსულში ნასამართლევი ვატო ყიფიანი, რომელიც დაუკავშირდა თბილისში მყოფ დავით გაგნიძეს, გიორგი დემეტრაძეს, კახა მისირელს და მათი საშუალებით, ქურდული გარჩევებით ცდილობდა აღნიშნული თანხის "ამოღებას" და ნაწილის ე. წ. "ქურდულ ობშიაკში" გადარიცხვას.
ვატო ყიფიანს მოგებული თანხის 30 000 დოლარი ამოღებული ჰქონდა უკრაინაში და ცდილობდა დარჩენილი თანხის, 40 700 დოლარის გადაცემას დავით ფეიქრიშვილისთვის, რა დროსაც მოხდა აღნიშნული პირების დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.
კახა მისირელის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია'გლოკის'ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაუზერის'და იერიხოს'ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები, ხოლო დავით გაგნიძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. რადგან ვახტანგ ყიფიანი ამჟამად იმყოფება უკრაინაში, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო.