თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.
მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს.
"სასამართლო პროცესზე ცოტნე გამსახურდია არ მოიყვანეს და წარმოგვიდგინეს ოქმები, თითქოს გამსახურდიამ პროცესზე დასწრებაზე უარი თქვა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ამ ოქმებზე მისი ხელმოწერა არსად არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტები გააყალბეს", - აღნიშნა ბექაურმა.
მისი თქმით, გამსახურდია დანაშაულს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გამოძიების დეპარტამენტში აცხადებენ, 2010 წლის 7 ივნისს ცოტნე გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელს მისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებისა და დაწესებულების ადმინისტრაციისგან ფარულად კორესპოდენციის გატანისთვის ქრთამის სახით ფულადი ანაზღაურება შესთავაზა.
13 ივნისს კი გამსახურდიას დავალებით სასჯელაღსრულების თანამშრომელი მის ერთ-ერთ მეგობარს შეხვდა, რომელსაც კორესპოდენცია გადასცა, რის სანაცვლოდ ქრთამი სახით 500 ლარი აიღო.
"მიმდინარე წლის 7 ივლისს ცოტნე გამსახურდიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება იქნა გამოტანილი", - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.