პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატები სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელს, გიორგი ბუთლიაშვილსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული სამსახურის მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს ბრალდებულისთვის მინიჭებული უფლების შეზღუდვასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.
"პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელს გიორგი ბუთლიაშვილსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული სამსახურის მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს ვაკისრებთ, რომლებმაც გამსახურდიას ჯერ კანონით მინიჭებული უფლება, კორესპოდენციის გაგზავნა შეუზღუდეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ პროვოკაცია მოწყვეს. არაერთხელ გავუგზავნეთ მინისტრს მიმართვა, სადაც ვითხოვდით, დაკავებულისთვის უკანონოდ წართმეული პირადი ნივთები დაებრუნებინათ, ასევე არ შეეზღუდათ იმ კანონიერ უფლებში, რასაც ჰქვია კორესპოდენციის თავისუფლად გაგზავნა", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექაურმა.
მისი თქმით, ცოტნე გამსახურდია უკვე 67-ე დღეა შიმშილობს, იმ უკანონო რეჟიმის გამო, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გამეფებული.
ბექაური ბუთლიაშვილისა და კალმახელიძის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველები სწორედ ეს პირები უნდა დაიკითხონ.
"ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა, კადრები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რადგან იქ საუბარია კორესპონდენციის გაგზავნაზე და ქრთამის მიცემა არსად ფიგურირებს", - აღნიშნა ბექაურმა.
გამსახურდიას მეორე ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ფარულ ჩანაწერში მხოლოდ ის ჩანს, რომ პირველი პრეზიდენტის ვაჟს კანონით მინიჭებულ უფლებას უზღუდავენ და ამაზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს.
ადვოკატების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია ე. წ. ქრთამი გამსახურდიას რომელმა მეგობარმა ვის გადასცა.
საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის ფაქტს განიხილავს. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.