უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ დარღვევის მუხლით. ოღონდ, მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯერ-ჯერობით საქმე აღძრულია „ფაქტზე“ და არა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც საზღვრის გარღვევის მთავარი ორგანიზატორი იყო.
ეს, თავის მხრივ, ერთგვარი პოსტსაბჭოური ეშმაკობაა: „ფაქტზე“ საქმე აღიძვრება მაშინ, როდესაც დანაშაულის სუბიექტი გამოკვეთილი არ არის და გამოსაძიებელია. მაგრამ ამ შემთხვევაში „გამოკვეთილი“ კი არა ათეულობით ტელეკამერის წინ ბულდოზერივით თხრიდა „სასაზღვრო რედუტებს“ საქართველოს ყოილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი.
რა უნდა ყოფილიყო აქ გამოსაძებელი „ფაქტზე“? არც არაფერი. ოღონდ უკრაინული გენპროკურატურა ფრთხილობს, რაკი ჯერ ზუსტად ვერ დაუდგენიათ, რა უნდა, რა სჭირდება, რა აწყობს და რა არ აწყობს უმაღლეს ხელისუფალს - ანუ პეტრო პოროშენკოს. ამ მხრივ პოსტსაბჭოური ქვეყნები მართლაც საოცრად ჰგვანან ერთამნეთს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არ არის გამორიცხული, უკვე დღეს, „ფაქტზე“ აღძრული საქმე „დაზუსტდეს“ და იპოვოს მთავარი სუბიექტი, ანუ მიხეილ სააკაშვილი. სხვა გამოსავალი პრეზიდენტ პოროშენკოს უბრალოდ არა აქვს, რადგ ის, რაც მოხდა, არა უკრაინული სახელმწიფოს, არამედ კონკრეტულად მისი კრახია.
„უკრაინული სახელმწიფოს სისუსტეზე“ საუბარი დემაგოგიაა: რა უნდა ეღონათ სახელმწიფო სტრუქტურებს, იმავე სასაზღრო სამსახურს? გაეხსნათ ცეცხლი და დაეხოცათ ასეულობით ადამიანი, რათა პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტის ქვეყანაში შემოსვლა არ დაეშვათ? ეს გამორიცხულია!
რეალურად, ამგვარი თავლსაფდასხმის თავდან აცილების ერთადერთი საშუალება ისაა, აქამდე არ მიიყვანო საქმე, თორემ თუ საქმე იმაზე მიდგა, გაარღვევს თუ არა ადამიანთა უზარმაზარი მასა უიარაღო პოლიციელების, მესაზღვრეების, თუნდაც ჯარისკაცების რედუტს.......ყოველთვის გაარღვევს და მუდამ შეიჭრება.
მაშასადამე, პოროშენკოს ახლა დარჩა ერთადერთი: დააპატიმოს სააკაშვილი. მაგრამ ესეც დიდი რისკების მატარებელი შესაძლებლობაა, რადგან მაშინ ან უკრაინაშივე უნდა გაასამართონ, ან საქართველოს გადმოსცენ.
უკრაინაში სააკაშვილის გასამართლება ნიშნავს, რომ იგი უმალვე იქცევა გაერთიანებული ოპოზიციის არაფორმალურ ლიდერად. ისევე, როგორც, თავის დროზე, იანუკოვიჩის მიერ დაპატიმრებული იულია ტიმოშენკო. ისიც მნიშვნელოვანია, რომ იულიამ მიშას არათუ ღიად დაუჭირა მხარი, არამედ ლამის მასთან ერთად ჰგლეჯდა სასაზღვრო ბარიერებს. იულია კი მარგინალი ნამდვილად არ არის. იგი უკრაინის პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატია. თანაც ამ „გაზის პრინცესას“ განსაკუთრებული პოლიტიკური ალღო ჰქონდა მუდამ და, როგორც ჩანს, გრძნობს მიშას პოტენციალს.
სააკაშვილმა კი წინასწარ განაცხადა, რომ პირადად მას არა აქვს ლიდერობის პრეტენზია, არ სურს და არც შეუძლია (კანონით) უკრაინის პრეზიდენტობა და მზადაა იყოს უკრაინის რეფორმატორული ძალებისთვის „მოთამაშე მწვრთნელი“. იდეალური სიტუაციაა იულია ტიმოშენკოსა და სხვა უკრაინელი ოპოზიციური ლიდერებისათვის - მათ ექმნებათ შანსი, გამოიყენონ მიშას პოტენციალი და, ამავე დროს, გამორიცხონ მისი ლიდერობა ძალაუფების გაყოფისას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჯერ-ჯერობით, ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს 2003 წლის ნოემბრის სიტუაციას, როდესაც მიშა წალენჯიხიდან დაიძრა და ხელისუფლება წალეკა. წვრილმანებითაც კი ჰგავს (ან ვითომ წვრილმანებით): ავტობუსები........ „რევოლუციის ლიდერი“ ერთ-ერთ ავტობუსში....... უზარმაზარი კოლონა ჩართული მაშუქებით და ეფექტური სატელევიზიო ხატი: როგორ მორაობს ეს მრისხანე ძალა კიევისკენ ისევე, როგოც უახლოვდებოდა 2003 წელს თბილისს.
მიშა მუდამ ახერხებს ილაპარაკოს იმ ენაზე, რომელიც ესმის ხალხს. ამბობს:
„ოლიგარქები.....მილიარდერები.....კორუფცია......რატომ უნდა ვცხოვრობდეთ პოლონელებზე უარესად......“ ხალხს კი ესმის: „ჩვენი შვილები დონბასის ფრონტზე იხოცებიან....... ამათი შვილები კურშაველში და ფლორიდაზე ნებივრობენ........მდიდრების გამო ვაგებთ ომს.......შეკრულნი არიან პუტინთან.......ხალხი გაჭირვებულია, კაპიტალისტები მდიდრდებიან ომით........“
ანუ, ჩვეულებრივი საოციალისტური ნარატივია შინაარსობრივად, როგორც ყოველთვის და მუდამ, ყველა ეპოქასა და ერში, მით უმეტეს ომისა და კრიზისის დროს. მაგრამ მიშას ფენომენალურობა ისაა, რომ ამ სოციალისტურ ნარატივს იგი მუდამ ოსტატურად „ფუთავს“ ლიბერალურ-პროდასავლურ რიტორიკით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით“ მაშინაც, როცა „ხალხს“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ესმოდა და ესმის, როგორც მდიდრებისათვის ქონების ჩამორთმევა და ღარიბებისთის დარგება.
ისტორია ადასტურებს: ეს უკვდავი ნარატივია მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური იდეა (მისი რადიკალური გამოხატულებით, რასაც კომუნიზმს უწოდებენ) თითქოსდა მკვდარია და ისტორიულად დამარცხებული; მაგრამ ადამიანური თვისებები, რასაც იგი ეფუძნებოდა, არსად გამქრალა. უბრალოდ ახლა უფრო კრეატიულად იფუთება კრეატიული პოპულისტური ტექნოლოგიით. მაგალითად, „ოლიგარქების და კორუფცისი წინაარმდეგ ბრძოლით“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბუნებრივია, მიშას, როგორც „მოთამაშე მწვრთნელს“ მზად აქვს პროექტი, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ: ჩამოართვას აქტივები უკრაინულ ოლიგარაქტს, დაუბრუნოს უმსხვილესი საწარმოები სახელმწიფოს და შემდეგ გაიტანოს ახალ აუქციონზე. ზუსტად ისე, როგორც საქართველოში. უბრალოდ, უკრაინაში ბიზნეს ელიტათა წინააღმდეგობა ბევრად უფრო გააფთრებული და შემძლე იქნება.
მაგრამ ეს არაა მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არავის უნდა მიშა - უკრაინის პრემიერ მინისტრი. არ უნდა პოროშენკოს, არ უნდა პუტინს........ არ უნდა მერკელს! არ უნდათ ევროპულ და ამერიკულ ელიტებს!
სრულიად აშკარაა, რომ დასავლეთიც შეძლებისდაგვარად ეწინააღდმეგებოდა მიშას დაწინაურებას პოროშენკოს გუნდში და ოდესაში მისი გაგზავნა კიევიდან „მოშორების“ ფორმა იყო.
მიზეზი იოლად ასახსნელია: სააკაშვილის გაძლიერება კიევში ათასი პროცენტით ნიშნავს იმას, რომ პუტინი უბრძანებს არმიას, დაიწყოს შეტევა კიევის მიმართულებით! ეს კი აუცილებლად გამოიწვევს პოლონეთის ჩაბმას საომარ მოქმედებებში, შემდეგ ვარშავა აიძულებს „ნატო“-ს აირჩიოს; ან ალიანსის დისკრედიტაცია და დაშლა, ან სულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან - ბირთვულ ომში გადაზრდის პერსპექტივით.
სააკაშვილმა ერთხელ თქვა, „მე უუნაგირო ცხენი ვარო“. ის სულაც არ იყურება ბერლინის, პარიზის ან თუნდაც ვაშინგტონისკენ, როცა საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებს. პოლიტიკურად გადარჩნის ერთადერთი შანსი მისთვის უკვე უკრაინულ პოლიტიკაში წარმატებაა. და პოროშენკოსაც აქვს მხოლოდ ერთი ოფცია, ეს არ დაუშვას: დააპატიმროს და მაშინვე გადმოსცეს საქართველოს. მაშინ უკვე ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ თავის ტკივილი ხდება. „მიშა-თბილისის ციხეში“, ნიშნავს მუდმივ დაძაბულობას და პოლიტიკურ პრობლემებს.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება სააკაშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. თუნდაც ციხის საკნიდან.
ნიკა იმნაიშვილი