დღეს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულის ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სავარაუდოდ გამსახურდიასთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
მანამდე კი ბექაური ცოტნე გამსახურდიას მიერ ქრთამის მიცემის ბრალთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს, დღეს, 16:00 საათზე "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებისთვის" ოფისში, რუსთაველის გამზირის #14- ში გააკეთებს.
"ცოტნე გამსახურდიას ვესაუბრე და არაფრის მოსმენა არ უნდა. მან მითხრა, რომ მის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია მოაწყეს და ამიტომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს", - განაცხადა ბექაურმა.
ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს გამოძიებს დეპარტამენტში აცხადებენ, 2010 წლის 7 ივნისს ცოტნე გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელს ქრთამის სახით ფულად ანაზღაურება შესთავაზა მისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებისა და დაწესებულების ადმინისტრაციისგან ფარულად კორესპოდენციის გატანისთვის.
13 ივნისს კი გამსახურდიას დავალებით სასჯელაღსრულების თანამშრომელი მის ერთ-ერთ მეგობარს შეხვდა, რომელსაც კორესპოდენცია გადასცა, რის სანაცვლოდ ქრთამი სახით 500 ლარი აიღო.
"მიმდინარე წლის 7 ივლისს ცოტნე გამსახურდიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება იქნა გამოტანილი", - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.