ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გამგებელი თამაზ გვალია დააკავეს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
ამათი ინფორმაციით, ასევე დაკავებულია ამავე ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი გიორგი ხაჩიძე და სურამში მცხოვრები, მოქალაქე ჯემალ ხაჩიძე.
გამოძიების ინფორმაციით, თამაზ გვალიამ სხვადასხვა დროს მოქალაქეებზე არაერთგზის გასცა ყალბი ცნობა წიწვოვანი ხის ფიცრის შეძენის შესახებ. სანაცვლოდ კი დაბა სურამის გამგეობის თანამშრომლები გარკვეული ოდენობის თანხას ქრთამის სახით იღებდნენ.
ჯემალ ხაჩიძე, როგორც შუამავალი, აქტიურად იყო ჩართული კორუფციული სქემის განხორციელებაში. იგი საჯარო მოხელეებისათვის ე. წ. კლიენტებს შოულობდა და ქრთამისათვის განკუთვნილი თანხიდან თავადაც იღებდა გასამრჯელოს.
სამართლადამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა დანაშაული აღიარეს.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.