მიმდინარე წლის 13 ივნისს, რუსეთის ოკუპირებულ და რუსი ტურისტებით სავსე აფხაზეთში, ერთი ისეთი „ფაქტი“ მოხდა, მსაზღვრელს ვერ ვურთავ, რადგან გაუგებარია, რა „შეფასებითი მსაზღვრელი“ შეიძლება დაერთოს ამგვარ „საზღვრულს“. „შემაძრწუნებელი“?..... „თავზარდამცემი“?..... რბილადაც კი ჟღერს; ხოლო „გამაოგნებელი“ - გულუბრყვილოდ.
მაშ ასე: 13 ივნისს, „დღისით-მზისით“, აფხაზეთის პარლამენტის („ეგრეთ წოდებულს“ არ ვურთავ, მიკერძოებაში ან „პოლიტიზებაში“ რომ არ ჩამეთვალოს) მოქმედი წევრის, ალმასხან ჯოპუას ძმამ, ასტამურ ჯოპუამ, რომელიც იმ მომენტში აფხაზეთის პრეზიდენტ (კი ბატონო, ისევ ბრჭყალების გარეშე) რაულ ჰაჯიმბას პირადი დაცვის წევრი იყო, ვერცხლისფერი „იაგუარი“ მიაყენა აფხაზი ჯაღმაზიების ოჯახს.
მკითხველი მიხვდება რომ დაზარალებულთა ეთნიკურ წარმომავლობას შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს. ქართველები არ იყვნენ. იყვნენ ჩვეულებრივი აფხაზები!
პრეზიდენტის დაცვის წევრმა იარაღის მუქარით გაიტაცა სახლიდან 13 წლის გოგონა - ლიანა ჯაღმაზია. წაიყვანა ქვემო ეშერას „ტურბაზაზე“, მიაბა ხეზე, მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა ტაბელური იარაღიდან, მერე სასტიკად სცემა ბავშვი და უგონო მდგომარეობაში მყოფი მხეცურად გააუპატიურა. ამის შემდეგ, რაც უკვე მართლა საოცრებაა, წყლით მოასულიერა, იმავე მანქანით მიიყვანა უკან ჯაღმაზიების სახლთან და იქვე მიაგდო
ლიანას დედამ, რასაკვირველია, „დაწერა განცხადება“ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ასლან კობახიას სახელზე.
(აქვე: ეს ვაჟბატონი 1992-1993 წლების ომის დროს „აფხაზურ არტილერიას“ მეთაურობდა გუმისთაზე და სოხუმის დანგრევაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი).
17 ივნისამდე სამინისტროდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, შემდეგ ეს გარეწარი „ძებნაში გამოაცხადეს“, თუმცა არც იმალებოდა რეალურად. 20 ივნისს, როგორც იქნა დააკავეს, მაგრამ მანამდე, დეპუტატი ალმასხან ჯოპუა შეხვდა ბავშვის მამას, რობერტ ჯაღმაზიას და ასეთი, წმინდად ვაჟკაცურ-მთიური „გეშეფტი“ შესთავაზა: „შენ შენი შვილი მოკალი, მე ჩემს ძმას მოვკლავო“.
რატომ და რისთვის უნდა მოეკლა მამას 13 წლის გაუპატიურებული გოგონა, გაუგებარია, მაგრამ..... „ღირსეულმა მამამ“ სიტყვა შეასრულა. ოღონდ, ნაცვლად ლიანასი, მისი უფროსი და, ანჟელა ჯაღმაზია მოკლა! თან ლამის საჯაროდ: ტაქსით წაიყვანა, მერე გზასთან გააჩერებინა მძღოლს მანქანა, კეფაში ესროლა გოგოს და იქვე მიაგდო.
თავის მხრივ, აფხაზმა კანონმდებელმა ასტამურ ჯოპუამ ჯერ ძმა ციხიდან გააპარა „რაღაცნაირად“ (ზემოთაღწერილი „მთიური შეთანხმება“ ანუ აფხაზთა ზნეობრივი კოდექსი „აფსუარა“ დაიმოწმა სახელმწიფო სტრუქტურებში - „ჩვენ ხომ მამასთან მოვრიგდით“), შემდეგ რობერტ ჯაღმაზიას შეუთვალა: „სალოცავზე მომესმა, ძმა არ უნდა მოვკლა შენი შვილის გულისთვის, ამიტომ დაპირებას არ ვასრულებო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ ისტორიას, რომელსაც, კიდევ ვიმეორებ, „შეფასებითი მსაზვღრელი“ ვერ მოვუძებნე, „ტრადიციონალისტურ“ აფხაზეთში, თითქოსდა („მთიურ ზნეობრივ კოდექსზე“ და სხვა მსგავს არაცივილიზებულ სისულელეებზე ჩვენი წარმოდგენების შესაბამისად), უდიდესი აღშფოთება უნდა გამოეწვია.
თანაც, პრეზიდენტის დაცვის წევრმა ქართველი გოგონა „ხომ“ არ გააუპატიურა, როგორც 1993 წლის 16 სექტემბერს, კოდორის შესართავთან, ქართულ სოფელ ახალდაბას გადაწვისას გააუპატიურეს და მერე დახოცეს მხეცებმა ქართველი ბავშვები, არამედ ეთნიკურად აფხაზი. ამიტომ, ვითომდაც, საზოგადოებრივ აღშფოთებას კავკასიონის მწვერვალებისთვის უნდა მიეღწია, მაგრამ.....სოხუმში მიტინგზე სულ 80 ადამიანი გამოვიდა! ისე........ საქართველოსგან გამოყოფის მოთხოვნით, 1988 წლიდან, ლიხნის სალოცავთან ხომ იოლად კრებდნენ ათიათასობით აფხაზს?
და ვინც გამოვიდა იმ მიტინგზე, ესენიც სულ მალე დაიშალნენ. პრეზიდენტმა ჰაჯიმბამ საქმე ვითომ „პირად კონტროლზე აიყვანა“, მაგრამ დეპუტატ ჯოპუას ეს „საპრეზიდენტო კონტროლი“ სასაცილოდ არ ეყო და მანიაკი ძმა აფხაზეთიდან - რუსეთში გააპარა!
არც აღარაფერი.....ასე დამთავრდა ეს ისტორია „მთიური ზნეობრივი კოდექსის“ მატარებელ აფხაზეთში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა კავშირი აქვს ამ ყოველივეს აფხაზეთის პოლიტიკურ პრობლემატიკასთან და ჩვენს დამოკიდებულებასთან მის მიმართ?
კავშირი პირდაპირია!
ჯერ ერთი, ჩვენ რომ ნორმალური დიპლომატია გვყავდეს, ახლა ყველა საერთაშორისო ფორუმზე თუ მედია-პლატფორმაზე ზარს უნდა სცემდეს ასეთი სლოგანით: „რუსეთის ხელდასხმული და მოსკოვის მხარდაჭერილი რეჟიმის მმართველობით, აფხაზეთი იქცა ტერიტორიად, რომელზეც ირღვევა არათუ საერთაშორისო სამართლის, არამედ ადამიანური, ცივილიზებული თანაცხოვრების ელემენტარული ნორმები“.
აქცენტი იმაზე კი არ უნდა კეთდებოდეს, რომ „რუსმა ოკუპანტმა გააუპატიურა 13 წლის ბავშვი“, რაც იმავე ევროპელისთვის გაუგებარია, რაკი „რუსი ოკუპანტი“, მისი გაგებით, უშუალოდ რუსი ჯარისკაცი და რუსი მესაზღვრეა. არც ერთს და არც მეორეს გიგა ოთხოზორია არ მოუკლავს და ლიანა ჯაღმაზია არ გაუუპატიურებია.
ეს არის არათუ მცდარი, არამედ დიდად დამაზიანებელი პარადიგმა, რაც იმ ბრიყვული თეზისიდან „ამოდის“, რომ „აფხაზები ჩვენი ძმები არიან“ და ჩვენს „ძმობას“ მხოლოდ რუსული საოკუპაციო (ნამდვილად საოკუპაციო!-ნ.ი.) ჯარი უშლის ხელს, თორემ მაშინვე ჩაგვეხუტებოდნენ ძმურად.
სინამდვილეში, რუსეთის პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ სწორად აღქმადი, ანუ გასაგები მაშინ გახდება, როდესაც მსოფლიოს პირდაპირ ვეუბნებით ამგვარი „ფაქტების“ დამოწმებით: „ნახეთ რა საზიზღარი, კაციჭამია, ელემენტარულად ცივილიზებული ნორმების და ადამიანურობის გამანადგურებელი რეჟიმი მძვინვარებს აფხაზეთში და იბრძვის აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის, საერთაშორისო აღიარებისთვის; ეს სეპარატისტული რეჟიმი რუსეთმა შექმნა, იგი აფინანსებს, მფარველობს და მის მხეცურ „ამოფრქვევებს“ საერთოდ აღარც აკონტროლებს მანამ, სანამ ეს ბინძური, სისხლიანი რეჟიმი მის „გეოპოლიტიკურ ინტერესებს“ არ შეეხება. იგივე რეჟიმი ახორციელებს უკვე მერამდენე ეთნიკურ წმენდას გალის რაიონში, იქ ქართველებისათვის ელემენტარული უფლებების ჩამორთმევით, ვინც ადამიანურობის ნორმებს არღვევს ლიანა ჯაღმაზიას გაუპატიურების საქმეში. და.........ასეთ რეჟიმს იტალიაში „სავაჭრო წარმომადგენლობას“ უხსნით? გამოფენებზე ეპატიჟებით და „აპრავებთ?“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვმა ჯერ მხარი დაუჭირა ამ პატარა, ამაზრზენ „მორდორს“ ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდასა და გენოციდში, შემდეგ „მიუშვა“ იგი და აფინანსებს არაადამიანურობას! ამიტომ, ქართული დიპლომატია ყველა შეხვედრაზე უნდა იმეორებდეს: მსოფლიო თანამეგობრობა ვალდებულია ხმა აღიმაღლოს არა მხოლოდ ოკუპაციის, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ამ ოკუპაციის შედეგად დამყარებული ველური რეჟიმის წინააღმდეგ!
სანამ ასე არ დავსვამთ საკითხს, სანამ გავავრცელებთ ზაქარეიშვილის ნარატივს „ძმობაზე, რომელსაც მხოლოდ რუსეთი უშლის ხელს“, ამერიკელები, გერმანელები, ინგლისელები და ფრანგები, ვისაც სულ არ ეპიტანვებათ „ჩვენი გულისთვის“ მოსკოვთან კიდევ დამატებით „თავის ატკივება“, მუდამ აიჩეჩენ მხრებს და მოგვიგებენ დემაგოგიურად: „ეს ყოველივე ხომ რუს ჯარისკაცს და რუს მესაზღვრეს არ ჩაუდენია, ხოლო თქვენ თავად ამბობთ, რომ აფხაზები „ემსხვერპლენ ოკუპაციას“, და რომ თქვენი ძმები არიან, უბრალოდ ოკუპაციის ქვეშ თავადაც იტანჯებიანო„.
არადა, „ტანჯვისა“ არაფერი ეტყობა საზოგადოებას, რომელიც, რეალურად უკონტროლო ოკუპაციის პირობებში უბრალოდ, საკუთარ ბუნებას თავისუფლად ამჟღავნებს!
რუსები რომ ყველაფერზე, მათ შორის რუსი ტურისტების ხოცვაზე „თვალს დახუჭავენ“, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რომ „დოყლოპატიის“ ნაცვლად დიპლომატია გვყავდეს, აუცილებლად განაცხადებდა, მაგალითად, მქუხარე პროტესტს აფხაზეთში 13 წლის ბავშვის გაუპატიურების გამო და თქვენ წარმოიდგინეთ, ამას წინათ „პრიმორსკოესთან“ ოჯახის თვალწინ რუსი ტურისტის მხეცური მკვლელობასაც ხმამაღლა დაგმობდა.
ეს აბსოლუტურად ადეკვატურად იქნებოდა აღქმული არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ რუსულ საზოგადოებაშიც, რომელსაც უნდა გავაგებინოთ, რომ კრემლი „საქართველოს ჯინაზე“, დანაშაულებრივი იმპერიული მოსაზრებებით, მხარს უჭერს კაციჭამიებს, რომლებიც უკვე არა მხოლოდ ქართველებს ან აფხაზებს, არამედ თვით რუსებსაც ხოცავენ.
კრემლს ამით ვერაფერს შევაგნებინებთ: ტურისტი კი არა, კონსული (დიმიტრი ვიშერნიოვი) მოუკლეს სოხუმში და.......... არაფერი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მომხდარმა კიდევ ერთ რამეში უნდა დაგვარწმუნოს: აფხაზური საზოგადოების (!) სახით ჩვენ (და მთელს მსოფლიოს) საქმე გვაქვს სრულიად განსაკუთრებულ ფენომენთან. ბოლოს და ბოლოს, აქ მთავარი საქართველოსგან დამოუკიდებლობის ისტორიული ინტენცია კი არაა, არამედ ის, რომ ეს საზოგადოება (!) სხვა განზომილებაში სუფევს და ყოველგვარ ცივილიზებულობას მოკლებულია; ამიტომ, პირველყოფილი ველურობის სტადიაში ჩარჩენილ სოციუმთან რაიმე კომპრომისი, რაიმე სერიოზული დიალოგი, რაიმე მორიგება აბსოლუტურად გამორიცხულია.
....... სოციოფსიქოლოგები წლების განმავლობაში სწავლობდნენ ჰარლემის ფენომენს და ეძებდნენ თუნდაც არაპოლიტკორექტულ ტერმინს, თუ როგორ „გაეხსნათ“ მისი არსი. ბოლოს ასე დაახასიათეს: „ბანდმოსახლეობა“.
სხვათა შორის, რეალურად ძალიან ღრმა ტერმინია, რომელიც ზუსტად და მრავალგანზომილებიანად აღწერს სიტუაციას ტერიტორიაზე, სადაც არა უბრალოდ ნორმალური საზოგადობრივი ინსტიტუტები არ ფუნქციონირებენ, არამედ (რაც ბევრად არსებითია) არ მოქმედებენ ცივილიზებული თანაცხოვრების ჩვევები, შესაბამისი ნორმები, რაც, ფართო გაგებით სახელმწიფოს (როგორც ასეთის) არსებობის აუცილებელი პირობაა.
სხვა ახსნა ამ უბედურებას უბრალოდ არა აქვს: 25 წელი გავიდა ომის მერე. მთელი მეოთხედი საუკუნე! სიტუაცია კი ამ მხრივ დღითი დღე უარესდება, არათუ უმჯობესდება!
საოცარი, თუმცა „უტყუარად ჯიუტი“ ფაქტია: წლიდან-წლამდე რაც უფრო მეტ ფულს ხარჯავს მოსკოვი ამ ტერიტორიაზე, მით უფრო ძლიერდება ის, რასაც თავად რუსები უწოდებენ „Скотство". ანუ .....„Маразм крепчает!"
ნიკა იმნაიშვილი, ჯი-ეიჩ-ენი