ცოტნე გამსახურდია თავს დამნაშავედ არ ცნობს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.
"ცოტნე გამსახურდიას დღეს ვესაუბრე და არაფრის მოსმენა არ უნდა. მან მითხრა, რომ მის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია მოაწყვეს და ამიტომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს", - განაცხადა ბექაურმა.
ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გამოძიებს დეპარტამენტში აცხადებენ, 2010 წლის 7 ივნისს ცოტნე გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელს ქრთამის სახით ფულად ანაზღაურება შესთავაზა მისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებისა და დაწესებულების ადმინისტრაციისგან ფარულად კორესპოდენციის გატანისთვის.
13 ივნისს კი, გამსახურდიას დავალებით, სასჯელაღსრულების თანამშრომელი მის ერთ-ერთ მეგობარს შეხვდა, რომელსაც კორესპოდენცია გადასცა, რის სანაცვლოდ ქრთამი სახით 500 ლარი აიღო.
"მიმდინარე წლის 7 ივლისს ცოტნე გამსახურდიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება იქნა გამოტანილი", - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.