„მმართველი პარტიის“ ლიდერებმა, ჯერ-ჯერობით არაოფიციალურად, თუმცა მაინც მკაფიოდ შესთავაზეს ოპოზიციას „კომპრომისული გადაწყვეტილება“ ახალ კონსტიტუციასთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით: „უპროცენტო არჩევნები“ ანუ, როგორც ზოგჯერ უწოდებენ, „უბარიერო კენჭისყრა“.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული, - მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდება, 75 ან 77 „პროპორციული“ მანდატის განაწილებისას არანაირი საარჩევნო ბარიერი, იგივე „საარჩევნო ქვოტა“ არ იარსებებს: პარტიების მიღებულ ხმათა რაოდენობა უბრალოდ გაიყოფა მონაწილე სუბიექტებზე და თუ პარტიას, ამგვარი გაყოფის შემდეგ, თუნდაც ერთი დეპუტატის „ადგილი“ ერგება, ის „გაიყვანს“ ამ დეპუტატს, ესე იგი მინიმუმ პარტიული სიის პირველი ნომერი მაინც გახდება პარლამენტის წევრი.
იქვეა დათქმა, რომ ამგვარი წესი იმოქმედებს მხოლოდ 2020 წელს და 2024 წლისთვის, როცა ქვეყანა (თითქოს) უნდა გადავიდეს მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, კვლავ აღდგება 5 ან 3 პროცენტიანი ბარიერი მონაწილე პარტიებისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თავისთავად, ეს წინადადება „ოცნების“ წიაღში მიმდინარე შიდა ბრძოლების გამოვლინებაა, - ბარიერის 3%-მდე დაწევას ისევ ეს ინიციატივა ამჯობინეს. ანუ საარჩევნო ქვოტის სრული გაუქმება.
მაგრამ ამ ეშმაკური წინადადების მეორე მიზანი ბევრად მნიშვნელოვანია: როგორც მოსალოდნელი იყო, „ოპოზიციურ ფლანგზე“, სადაც უამრავი სხვადასხვა ამბიციის თუ შესაძლებლობების პარტია, „პარტიის მაგვარი“ ორგანიზაცია და „პარტიად“ წოდებული „სამეგობრო“ თუ „ორკაციანი გაურკვეველი ჯგუფია“ თავმოყრილი, მმართველი გუნდის მახვილგონივრული სატყუარა დიდ აურზაურს, ცდუნებას და ამ ცდუნებით გამოწვეულ დაპირისპირებას გამოიწვევდა.
„ოცნებისთვის“, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, დაუჭერს თუ არა მხარს მის წინადადებას საპარლამენტო ოპოზიცია. ესე იგი „ნაციონალური მოძრაობა“ მისი განაყოფი „ევროპული საქართველო“ და „ქართული ალიანსი“. მთავარია, შესაბამისი პოლიტიკური ფონის შექმნა, ინტერესთა კონფლიქტის პროვოცირება და ევროპელ შუამავლებთან მომავალი მოლაპარაკებებისას იმ „სათქმელის“ დატოვება, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წავიდა, ხოლო ოპოზიციამ (ხელისუფლებისთვის იდეალურ შემთხვევაში) ეს კომპრომისი უარყო.
ევროპელი „მომრიგებლის“ თვალში (მაგალითად იმავე „ვენეციის კომისიის“ თავმჯდომარე ჟანი ბუკიკიოსათვის) „ოცნების“ წინადადება მართლა „კომპრომისად“ გამოიყურება იმ უბრალო მიზეზით, რომ ნამდვილად არის კომპრომისი! ბუკიკიოს მთავარი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ სწორედ ის იყო, რომ მმართველ პარტიას ხელისუფლების უზურპაცია სურდა, „ერთპარტიული პარლამენტის“ საფუძვლებს აშენებდა, ხოლო ოპოზიციის უდიდეს ნაწილს „გარეთ“ ტოვებდა. შესაბამისად, თუკი ახალი სისტემა ქმნის საშუალებას, 2020 წლის პარლამენტი არათუ მრავალპარტიული, არამედ „ულტრა-მულტი“ მრავალპარტიული გახდეს, ჟანი ბუკიკიო და მისი კოლეგები „მხრებს აიჩეჩენ“. ისინი ხომ ევროპული მენტალობის მატარებელნი არიან. ტრადიციული დემოკრატიის სახელმწიფოებში კი აბსოლუტურად წარმოუდგენელია ის, რაც სრულიად რეალური პატარა და სუსტი დემოკრატიული გამოცდილების საქართველოში: რომ „პარტიად“ წოდებულმა პატარა სამეგობრო-სანათესაო-საახლობლომ, მხოლოდ ამ „ახლობელთა“ ხმებით, მოახერხოს პარლამენტში მანდატის მოპოვება! და ვერც იმას აუხსნი, რომ საქართველოში რეგისტრირებული 236 პოლიტიკური პარტიიდან, აბსოლუტური უმრავლესობა არის არა პარტია (რეალურად) არამედ მცირე პოლიტიკური „შპს“ - ერთგვარი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“, რომლის მიზანია არა საკუთარი ღირებულებების თუ „პოლიტიკური პროექტის“ გავრცელება, არამედ გავლენისა და ფინანსების „ნამცხვრიდან“ საკუთარი ლუკმის მოწიწკვნა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შესაბამისად, „ვენეციის“ კომისიის რეაქცია ორგვარი შეიძლება იყოს: „ოცნების“ წინადადებას მოიწონებენ, თუმცა შეიძლება „უპროცენტო“ ბარიერის ნაცვლად ხელისუფლებას მაინც 3%-იანი ბარიერის დაწესება შესთავაზონ.
„ოცნებისთვის“ ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ჯერ ერთი, აბსოლუტურად გამოირიცხება ბუკიკიოს და მისი კოლეგების მხრიდან „არადემოკრატიულობაში“ და „ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში“ დადანაშაულება; მეორეც, ამ წინადადებასთან დაკავშირებით პარტიები ისე წაეკიდებიან ერთმანეთს, თავდაპირველი ინიციატივა შესაძლოა ყველას დაავიწყდეს, ანუ ქართული ჩვევით „ოპოზიციამ ერთმანეთი დაჭამოს“ და ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის. ანუ მომავალი პროპორციულ-მაჟორიტარული არჩევნები ისევ 5%-იანი ბარიერით ჩატარდეს.
მაშასადამე, „ოცნება“ წაუგებელ თამაშს თამაშობს. ოღონდ, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ „ყოველი შემთხვევისთვის თავის დაზღვევაა“ და არა რაღაც კატასტროფის თავიდან აცილების მცდელობა თუ „ჩიხიდან გამოსავლის ძიება“, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, რაკი ასე უნდათ იყოს და თავად სჯერათ, თითქოს ასეა - რომ ხელისუფლება რაღაც „ჩიხში“ მოამწყვდიეს და ამჟამად შეუძლიათ ულტიმატუმების ენით ელაპარაკონ.
რეალურად არანაირ „კატასტროფულ ჩიხში“ მმართველი პარტია არ იმყოფება: ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, თუ არავითარი შეთანხმება არ მოხდება, ოპოზიციას ჯერ-ჯერობით არ გააჩნია მთავარი არგუმენტი: ძალა და რესურსი, ქუჩაში გამოიყვანოს ხალხი და მოაწყოს ახალი რევოლუცია!
რაც შეეხება „ევროპულ არგუმენტს“, ჟანი ბუკიკიო, მაღალი ალბათობით, კვლავ „ფაკულტატური“ კრიტიკით შემოიფარგლება: ევროპა ახლა ნამდვილად არ არის მზად საქართველოს წინააღმდეგ რაიმე სანქციები შემოიღოს იმის გამო, რომ ოპოზიცია-ხელისუფლება საარჩევნო სისტემის საკითხზე ვერ შეთანხმდა. მით უმეტეს, რომ იმავე ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიას, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე რაღაც გამანადგურებელი კრიტიკა არ „დაუდია“, ანუ, ბოლოს და ბოლოს, ევროპელები „მხრებს აიჩეჩენ“ და ოპოზიციას მოუწოდებენ, თავადაც წავიდეს რაღაც კომპრომისზე- კეთილი ინებოს, გადალახოს 5%-იანი ბარიერი, მოიგოს მაჟორიტარული არჩევნები, ან წარმოადგინოს დამაჯერებელი მტკიცებულებანი, რომ არჩევნებში მისი დამარცხების მიზეზი გაყალბებაა და არა ის გარემოება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეშინია ცვლილებების, ეშინია ახალი კატაკლიზმების, ეშინია დაძაბულობის, ეშინია გაურკვევლობის, ეშინია მიშას დაბრუნების, ეშინია „პარტიებად“ წოდებული „შპს“-ების სიმრავლის და დიდი უმრავლესობით ისევ „შეჩვეულ ჭირს“ ანუ მმართველ პარტიას აძლევს ხმას „მართლა“ - ანუ გაყალბების გარეშეც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოპოზიციურ პარტიათა ურთიერთდაპირისპირება უკვე დაიწყო. როგორც განცხადებებიდან აშკარად ჩანს, ამჟამად სამი კატეგორიის ოპოზიციური პარტია იწყებს ბრძოლას სტილში „ყველა-ყველას წინააღმდეგ“. პირველი: ორიოდე პარტია, რომელსაც 5% ბარიერის გადალახვის შანსი გარანტირებული აქვს. მეორე, ვისაც აქვს (ან ჰგონია აქვს) გარანტია, რომ 3% ბარიერს გადალახავენ და მესამე: წვრილ-წვრილი „შპს-პარტიები“, რომლებსაც თავისი უბადრუკი არსისა და უშინაარსობის მიუხედავად, რაღაც „ჯადოსნური მანქანებით“ გააჩნიათ უნარი და საშუალება, შექმნან პოლიტიკური ამინდი ამ ქვეყანაში.
რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ შეუძლიათ ჩაშალონ ეს კომპრომისი იმით, რომ არ მისცენ ხმა შესაბამის ცვლილებას კონსტიტუციაში და სრულიად ლოგიკური იქნება, თუ ამ საბაბით (!) ოცნებაც დატოვებს ყველაფერს მესამე მოსმენისათვის ისე, როგორც არის - ყველა რისკი მას უკვე გამორიცხული ექნება, რადგან ოპოზიციამ „თავად თქვა უარი კომპრომისზე“ და ა.შ.
მაგრამ აქ ყველაზე ზუსტად გამომჟღავნდება, რამდენად აინტერესებთ ე.წ. „კვალიფიციურ“ პარტიებს რეალური დემოკრატიის განვითარება საქართველოში და რამდენად - მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ქართულ პოლიტიკურ კლასს თუკი რამ ახასიათებს ტოტალურად, „სტრატეგიული კომპრომისის“ უნართა და შესაბამისი კულტურის დეფიციტია: ის, რასაც „ოცნება“ სთავზობს ოპოზიციას, ცუდია, მაგრამ უკეთესია (!) იმაზე, რაც ახლა არის.
„მულტიმრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო“ ნამდვილად არაა საუკეთესო პარლამენტი და ზუსტად ამიტომაცაა ევროპაში დაწესებული „საარჩევნო ბარიერი“- ეს ქართული „პოლიტგენიის“ გამოგონება როდია. მაგრამ ასეთი პარლამენტი მაინც „ნაკლები ბოროტებაა“ მუდმივ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.
ბოლოს და ბოლოს, გვაქვს საკუთარი ისტორიული გამოცდილებაც და იქნებ ქართველმა პოლიტიკოსებმა ამ გამოცდილებაზე ვისწავლოთ: საშინელება იყო 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეული პარლამენტი, როდესაც ამომრჩეველს ერთდროულად სამი სხვადასხვა პარტიისთვის (!) შეეძლო ხმის მიცემა. შედეგად, მივიღეთ საკანონმდებლო ორგანო, რომელშიც 26 სხვადასხვა პარტია აღმოჩნდა წარმოდგენილი. მაგრამ ისიც მართალია, რომ ამ „კომიკურად“ წოდებულმა პარლამენტმა, საზარელი სამოქალაქო ომის შეწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა; ბოლოს კი, ხანგრძლივი გნიასის, დიდი ჩხუბის, თავპირისმტვრევისა და აყალ-მაყალის ფონზე, მაინც მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. და ის კონსტიტუცია არანაირი „ავტორიტარული პროექტი“ არ ყოფილა -ჭეშმარიტად დემოკრატიული იყო შინაარსითაც და, რაც მთავარია, მისი შემუშავება-მიღების წესითაც.
ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტი, რომ თურმე ქვეყნისთვის უკეთესი იქნება „ორპარტიული პარლამენტი“ და მხოლოდ ისინი უნდა იყონ ოპოზიცია 2020 წლიდან - ნამდვილად არადამაჯერებელია: ეს პარტია უდავოდ უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. თუმცა მას ნამდვილად არა აქვს არც პოლიტიკური, არც მორალური და არც პრაქტიკული უფლება (მისი მმართველობის საბოლოო შედეგთა გათვალისწინებით) ჰქონდეს პრეტენზია „ოპოზიციურ ექსკლუზივსა“ და „ერთადერთ ალტერნტიულობაზე“.
ნიკა იმნაიშვილი