ჟვანიას სახელობის კლინიკაში წუხელ წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. პაციენტი საავადმყოფოში კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისიდან რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანა.
ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და სისხლძარღვთა ანთების დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
შემდგომში, გამოკვლევების მიზნით, პაციენტი რევმატოლოგიურ განყოფილებაშიც გადაიყვანეს, თუმცა ვითარების დამძიმების შემდეგ კვლავ რეანიმაციაში დააბრუნეს.
ექიმების განცხადებით სათანადო მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მშობლები მომხდარში მედიკოსებს ადანაშაულებენ. ექიმებიც და ოჯახიც ამჟამად ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
"ზეპირად თქმა ძალიან ძნელია, ამაზე გაკეთდება საექსპერტო დასკვნა. ჩემი აზრით, შემოსვლის დღიდან რეანიმაციული პროცესი, კვლევები და საერთოდ მკურნალობა ჩემი აზრით, აქ მიმდინარეობდა იმ სტანდარტებით, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო", _ აცხადებს ჟვანიას სახელობის კლინიკის დირექტორის მოადგილე გიორგი ჩახუნაშვილი.