სანდრო გირგვლიანის ოჯახის სამოქალაქო სარჩელზე განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლო 22 ივლისს გამოაცხადებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გირგვლიანების ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განუცხადა, დღეს სასამართლო პროცესზე საქმის განხილვა პრაქტიკულად დამთავრდა, მაგრამ სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაჩენს 22 ივლისს დაგეგმილ პროცესზე გამოაცხადებს.
მისი ინფორმაციით, მოსარჩელე მხარემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა და მის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით არგუმენტები წარუდგინა.
რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, როგორც ჯანდიერი აცხადებს, გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები მიიჩნევენ, რომ არათუ თანხასთან დაკავშირებით დავა, არამედ მორალური ზიანის ნაწილში საჩივარი საერთოდ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ისინი მიიჩნევენ, რომ გურამ გირგვლიანს ამ მოთხოვნის დაყენების უფლება არ აქვს და ეს მხოლოდ სანდრო გირგვლიანს გადარჩენის შემთხვევაში შეეძლო.
შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის ოჯახმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი გირგვლიანის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული და შემდგომ შეწყალებული 4 პირისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას (200 000 ლარის ოდენობით) ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თითოეულ მსჯავრდებულს 40 000 ლარის გადახდა დააკისრა, რომელიც მოპასუხე მხარემაც და მოსარჩელემაც გაასაჩივრეს.