რესპოდენტის შესახებ
„აქამდე ჩემს ძმას სურათებში, ვიდეოებში ვნახულობდი, ახლა კი უკვე მის შესახებ აღარაფერი ვიცი“ - განუცხადა „ჯი-ეიჩ“-ენს“ კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა. მან რამდენიმე საათის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას 7 ივლისს, 19:00 საათზე გმირთა მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.
„ჯი-ეიჩ-ენი“- გიორგი ოსორაულს ესაუბრა.
_ ჩემი ძმის შესაძლო გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელდა. სავარაუდოდ გარდაცვლილიაო, ამბობენ. სოსოს დაღუპვის შესახებ არანაირი ფაქტობრივი მასალა, მისი გარდაცვალების დამადასტურებელი კონკრეტული სურათი, ან ვიდეო არ არსებობს.
_ ანუ ოფიციალური უწყების ინფორმაციას არ ენდობით?
_ დიახ, იქიდან გამომდინარე რომ საქმე ძმას ეხება და მისი რეალური, კონკრეტული მდგომარეობა არ ვიცი. თუ მასალებით არ დამიდასტურდება, რომ ეს ადამიანი დაღუპული არის, სავარაუდო ინფორმაციას ვერ დავეყრდნობი. ყოველ მეორე ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ის გარდაცვლილია, ან ცოცხალია.
27 იანვრის შემდეგ, რაც ეს ფაქტი მოხდა, ჩემს ოჯახს კომუნიკაცია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქვს, რომელიც თავის წყაროებზე დაყრდნობით მეუბნება, რომ სოსო სავარაუდოდ დაღუპულია. ჩემი ძმის გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. აქამდე ჩემს ძმას სურათებში, ვიდეოებში ვნახულობდი, ახლა კი უკვე მის შესახებ აღარაფერი ვიცი.
_ რისი მოლოდინი გაქვთ?
_ ამ საქმეს დიდი აქტიურობა, ყველა უწყების ჩართულობა სჭირდება, ადგილზე ჩასვლაა საჭირო. მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ უნდა აგვარებდეს ამ თემას, თან ფაქტია, რომ არც მოგვარდა.
_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ ამ საქმეს სახელმწიფო არასაკმარის ძალისხმევას ახმარს?
_ დიახ. მხოლოდ სიტყვიერი თანადგომა არ არის საკმარისი, ამ საქმეს მოქმედება სჭირდება.
სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერა არ მაქვს. თუმცა, მხარდაჭერა, შველა მე კი არა, იმ ადამიანს სჭირდება. სწორედ ამის თქმა მინდა საზოგადოებისთვის. ამ შეკრებაზეც სწორედ ამ მიმართულებით მივდივარ. მინდა, რომ ამ აქციაზე პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, უბრალო მოქალაქები მოვიდნენ. არ მინდა დაღუპულთა გვარებს ჩემი ძმის გვარიც შეემატოს. სოსო 4 შვილის მამაა, უმცროსი 2 წლინახვერისაა. მათ უნდა იცოდნენ სიმართლე მამის შესახებ.
ესაუბრა ეკა ლემონჯავა, „ჯი-ეიჩ-ენი“