ბათუმის მოვლენების საქმეზე დაკავებულების, ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი 10 ივლისს 15:00 საათზე განახლდება.
სხდომის გადადების თაობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა.
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული პირების საქმის არსებითი განხილვის დღევანდელი სხდომა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლე მხარეთა არგუმენტებს ისმენდა.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების 10 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს. ანალოგიური შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატებმა, რომლებმაც 50 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზეს სასამართლოს, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.