ENG / RUS       12+

ბუკიკიომ დაგვიბარა: „მოილაპარაკეთ ან კისერი გიტეხიათ!“

მომავალი მუნიციპალური არჩევნები „კონსტიტუციური დაპირისპირების“ ფონზე ჩაივლის. „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს უმწვავესმა განცხადებებმა შესაბამისი ფონი უკვე შექმნა და როგორც არ უნდა დასრულდეს მთელი ეს ისტორია (კარგად ნამდვილად ვერ დასრულდება) ხსენებული ფონი უცვლელი დარჩება.

საქართველოს ყველა ხელისუფლება, ედუარდ შევარდნაძით დაწყებული, - როცა „ვენეციის კომისიის“ დასკვნები არ მოსწონდათ კონსტიტუციაზე ან კონსტიტუციურ ცვლილებებზე, - მუდამ ხაზს უსვამდა:  კომისიის დასკვნა და რჩევები „მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა“.

კი, ნამდვილად ასეა; მაგრამ ამ ლოგიკით „სარეკომენდაციოა“ თვით „ევროპის საბჭოს“ ნებისმიერი გადაწყვეტილებაც და, ბუნებრივია, იურიდიული ძალა მათაც არა აქვთ. მაგრამ ევროსაბჭოს „ვენეციის კომისია“ ძალიან მაღალი ავტორიტეტის ორგანოა და, რაც მთავარია, მის დასკვნებს მუდამ აქცევენ ყურადღებას, ყოველთვის ითვალისწინებენ დასავლური სახელმწიფოები, - ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ კონკრეტული პოლიტიკის გამომუშავებისას. ეს კი „რეკომენდაციებს“ სცილდება, რადგან პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ფინანსური დახმარების გამოყოფაზეა საუბარი. სწორედ ამიტომ, უკლებლივ ყველა წინა ხელისუფლება ძალიან ცდილობდა, „ვენეციის კომისია“ და მისი მრავალწლიანი პრეზიდენტი, ზეავტორიტეტული ჯანი ბუკიკიო არ გაებრაზებინა.

ბუკიკიოს ბოლო გამონათქვამები ფართოდ ცნობილია. ბუნებრივია, ისინი პასუხგაუცემელი ვერ დარჩებოდა: პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ვერ მიიღებს კრიტიკას იმათი მხრიდან, ვინც „მწვანე შუქი აუნთო 2010 წლის ანტიდემოკრატიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“.

რა თქმა უნდა, პრემიერი არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე განაყოფს გულისხმობდა, არამედ თვით ჯანი ბუკიკიოსაც, ვინაიდან ეს კონსტიტუციონალისტი იმ დროსაც კომისიის თავკაცი იყო, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თუ ჟარგონით ვიტყვით „სტოპირიოდი დაიჭირა“ და  კონსტიტუცია შეცვალა, რათა 2013 წლის შემდეგ, „ორვადიანი“ პრეზიდენტობის ნაცვლად, „უვადო“ პრემიერის პოსტზე გადაენაცვლა.

რეალურად, ის, რაც  „2010 წლის კონსტიტუციით“ შეიქმნა, იყო არა საპარლამენტო რესპუბლიკა, არამედ იგივე საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ოღონდ თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე სუბიექტს ერქვა არა „პრეზიდენტი“, არამედ „პრემიერ-მინისტრი“. სხვა არაფერი იცვლებოდა.

მერედა, განა ბუკიკიო ამას ვერ ხედავდა და ვერ ხვდებოდა? კი, ნამდვილად ხედავდა, ხვდებოდა და .......... აკრიტიკებდა კიდეც!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სრული გაუგებრობა ან უსამართლობაა ჯანი ბუკიკიოსთვის იმის დაბრალება, თითქოს მან „სააკაშვილის  საკონსტიტუციო პროექტი არ გააკრიტიკა“. არადა, თუ „კომისიის“ მაშინდელ დოკუმენტს გადავხედავთ, ზუსტად იმავე ტონალობაში, დაახლოებით ასეთივე არგუმენტაციით გადმოცემული კრიტიკაა, რაც ახლა.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 2010 წელს ქართულ ტელე-მედიაში არ იყო (რბილად თუ ვიტყვით) ისეთი ვითარება, „ვენეციის კომისიის“ ან მისი პრეზიდენტის კრიტიკა იმგვარად „გაპიარებულიყო“ როგორც ახლა.

ეს ერთი; და მეორეც: მიშა ძალიან ეშმაკურად მოიქცა -  მან ჯანი ბუკიკიო დააჯილდოვა თავის სასახლეში და ამით შექმნა შთაბეჭდილება (!) თითქოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერდა.

ეს იყო ძალიან ჭკვიანური, ეშმაკური ნაბიჯი „შევარდნაძის სტილში“: რა უნდა ექნა ბუკიკიოს? უარი ეთქვა პრეზიდენტისგან ორდენის მიღებაზე იმის გამო, რომ იგი მის შენიშვნებს არ ითვალისწინებდა? მაგრამ ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილი ევროპაში არ იყო აღქმული და გამოცხადებული „კავკასიელ სადამ ჰუსეინად“, ანუ ამგვარი ნაბიჯი „ევროპულ მეინსტრიმს“ ეწინააღმდეგებოდა. მით უმეტეს 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ.

გარდა ამისა, ბუკიკიო მენტალობით და აღზრდით ევროპელია, ევროპული კულტურა კი „მოვე-ტონად“ მიიჩნევს პირდაპირ კორელაციას „ცერემონიასა“ და „შინაარსს“ შორის! ანუ ის, რომ სააკაშვილმა ბუკიკიო დააჯილდოვა, ვერანაირად ვერ აისახებოდა ჯანი ბუკიკიოს დამოკიდებულებაზე 2010 წლის კონსტიტუციური ცვლილებების მიმართ: ბუკიკიო როგორი კრიტიკულიც იყო მანამდე, ასევე კრიტიკული დარჩებოდა, ასი ორდენიც რომ ჩამოეკიდა მისთვის მკერდზე მიშას!

ოღონდ სააკაშვილს ის კი არ აღელვებდა, ბუკიკიო როგორ გააკრიტიკებდა მის საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ ის, თუ „დახშული საინფორმაციო ველის“ საქართველოში როგორ იქნებოდა აღქმული ეს „დაჯილდოვება“. ქართული აღქმა კი ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ასეც იყო მოსალოდნელი: „რაკი ბუკიკიომ ორდენი მიიღო პრეზიდენტისგან, მაშასადამე  „გაუპრავა“ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები და რაკი ევროპამ „გაუპრავა“........ახლა მიტინგების მოწყობას რაღა აზრი აქვს?“.

პრეზიდენტის მახვილგონივრული გათვლა ძალიან ზუსტი აღმოჩნდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება ჯანი ბუკიკიოს ბოლო განცხადებების შედეგად წარმოშობილ პოლიტიკურ ვითარებას: რაკი ეს განცხადებები „გაპიარდა“, ახალი კონსტიტუცია, პოლიტიკური ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, უკვე „ფეთქებადია“. ანუ ოპოზიციას შეუძლია თქვას (შემოდგომაზე), რომ არჩევნები გაყალბდა და არჩევნები გააყალბა ზუსტად იმ ხელისუფლებამ, რომლის გადაკეთებულ კონსტიტუციას ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა „არალეგიტიმური“ უწოდა.

„მთლად ასე არ უთქვამს“? კი, ზუსტად ამ „უორდინგით“  არ უთქვამს, ცოტა სხვანაირად თქვა, მაგრამ შინაარსი მართლა ეს იყო: თუ ტექსტი ასეთად დარჩა, როგორიც არისმისი ლეგიტიმურობა ეჭვს იწვევს. და რაკი ეჭვს იწვევს, მაშინ ოპოზიციის მცდელობა, შემოდგომაზე მოაწყოს ახალი რევოლუცია, ძალიან ძლიერი არგუმენტით მყარდება: თუ ახალი კონსტიტუცია, „ევროპის აზრით“ (!) არალეგიტიმურია, მაშინ, ოპოზიცია ლეგიტიმურად გამოაცხადებს ნებისმიერ ნაბიჯს და აქციებს - „არალეგიტიმური ხელისუფლების“ წინააღმდეგ!

აქედან ურყევი დასკვნა გამომდინარეობს: მთავარი საკითხი უკვე ის კი არ არის, ექნება თუ არა „სათქმელი“ მიშასა და მის გუნდს მორიგი რევოლუციის ასაგორებლად ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მოტივით (ბუკიკიოს განცხადებები ძალიან სერიოზული „სათქმელია“) არამედ ის, ეყოფათ თუ არა შესაბამისი რესურსი, ძალა, შესაძლებლობა, პასიონარულ (ესე იგი ქუჩაში გამომსვლელ დაშემვარდნ“) მომხრეთა რაოდენობა!

რა შეუძლია მოიმოქმედოს ხელისუფლებამ თუნდაც ამ საშიში და სარისკო „სათქმელის“ გასაბათილებლად? არაფერი! თეორიულად შესაძლებელია კონსტიტუცია შემოდგომაზევე დაუბრუნდეს მეორე მოსმენით პარლამენტს და მასში შევიდეს მოთხოვნილი ცვლილებები; ესე იგი, მმართველმა პარტიამ „დაიკიდოს“ მაჟორიტართა პოზიცია და ახლავე  გააუქმოს მაჟორიტარული არჩევნები;  მაგრამ ეს არც გამოვა და კიდევ უფრო დიდი რისკიცაა.........

ან დაელოდოს პრეზიდენტის ვეტოს შემოდგომაზე და საკონსტიტუციო პროცესი დაიწყოს თავიდან.

ოღონდ, მაჟორიტართა პოზიციასაც რომ თავი დავანებოთ, ეს იქნება ოპოზიციასთან მთელი ქვეყნის თვალწინ „ჩახდა“, ესე იგი ხელისუფლების საჯარო კაპიტულაცია, რის შედეგადაც „ოცნება“ აუცილებლად წააგებს იმავე ადგილობრივ არჩევნებს თბილისშიც კი, რადგან ქართველ ამომრჩეველს არ უყვარს დამარცხებულები....... ე.წ. „შუაშისტებს“ კი შეექმნებათ შთაბეჭდილება: ბიძინა საბოლოოდ მიდის, მიშა ბრუნდება და...... „ვინც ბრუნდება გაუმარჯოს!“

ასეთია „შუაშიზმის ფილოსოფია“ საქართველოში

ამიტომ ხელისუფლება ამ საკითხში არანაირ დათმობაზე არ წავა, უფრო ბუკიკიოს „დაიკიდებს“, ხოლო თვით ჯანი ბუკიკიო და მის ზურგს უკან მდგომი ევროპული ისტებლიშმენტი ახალ-ახალ მკვეთრ განცხადებებს არ გააკეთებს, რაკი მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე საქართველოში დესტაბილიზაცია არ აწყობს.

ნიკა იმნაიშვილი 

 

 

 

ავტორი: . .