დღეს, რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში ყოფილ ბალერინა ანი მურადელს მისი უფლებადამცველი თამუნა ხაჩირაშვილი შეხვდება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენ“-თან საუბარში ის აცხადებს, ყოფილი ბალერინა თავს დანაშავედ არ მიიჩნევს.
„იმ ფაქტიდან გამომდინარე, რაშიც მას ბრალი ედება, რა თქმა უნდა, თავს ცუდად გრძნობს და სტრესულ მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე მეტი კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს“, - განაცხადა თამუნა ხაჩირაშვილმა.
ანი მურადელის კიდევ ერთი უფლებადამცველი, ვახტანგ აბესაძე ამბობს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც ბალერინას დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩაუტარდა.
„ვითარება არ შეცვლილა, ანი როგორც აქამდე, ახლაც ცუდ მდგომარეობაშია. ის რუსთავის ქალთა დაწესებულებაში ყოველდღიურად ექიმის მეთვალყურეობის, დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით მას საერთოდ არაფერი ახსოვს, რა მოხდა წარმოადგენა არ აქვს“, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენ“- თან საუბრისას აბესაძემ.
ანი მურადელი სამართალდამცავებმა ისნის რაიონში, 20 მაისს, ხანდაზმული დედის, ლამარა მინდორაშვილის მკვლელობისთვის დააკავეს. მას პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, ბალერინამ დედას თავში ვაზა ჩაარტყა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
მურადელი წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახლდათ. მან შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ოპერის სცენაზე საბალეტო დადგმაში ერთ-ერთი წამყვანი პარტია შეასრულა. ბალერინას მეგობრები ამბობენ, რომ მურადელს დეპრესიული პერიოდები ხშრად ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ალკოჰოლდამოკიდებულიც იყო. როგორც თეატრის თანამშრომლები ჰყვებიან, ანი მურადელზე განსაკუთრებულად ზრუნავდა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი. სწორედ მისი დახმარებით ჩაუტარდა ბალერინას ფეხზე მიღებულ ტრავმაზე ოპერაცია.
წინასასამართლო სხდომა 17 ივლისსაა ჩანიშნული.