ჯგუფ „ბირჟა მაფიას “ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ბრალდებულს მოსამართლის გადაწყვეტილებით, პასპორტის ჩაბარება დაევალა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კი გირაოთი შეეცვალა.
მიხეილ მგალობლიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ნარკოტიკი მართალც ჩაუდეს.
"მართლაც ჩამიდეს ნარკოტიკი. ჭიშკრიდან გამოვედი, მომიახლოვდა ორი ადამიანი, მკითხეს, ვინ ვიყავი. დაიწყეს ხელების გრეხვა. ამ დროს ჩემი შარვლის მარცხენა უკანა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ჩამსვეს მანქანაში. ჩხრეკისას, სხვა ნივთებთან ერთად, ეს ნარკოტიკიც ამოიღეს. ხელი მომაწერინეს დოკუმენტზე იმ რწმენით, თითქოს ეს იყო ყველაზე ადვილი გზა, რომ შეემსუბუქებინათ ჩემი მდგომარეობა და ლმობიერები ყოფილიყვნენ. მანქანაში მითხრეს, რომ ეს კლიპის გამო მოხდა. ვხდებოდი, რაში იყო საქმე. ვმუშაობ "მაესტროში" ზამთრის შემდეგ. "დილის მაესტროში" იყო ჩემი რუბრიკა და ახლა ვემზადები ინტერნეტ-გადაცემისათვის. შემდეგი კვირიდან უნდა გასულიყო ეთერში", - განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.
რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ მეორე პირს, გიორგი ქებურიას, მის საქმეზე სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
სავარაუდოდ, საპატიმროს ქებურიაც დატოვებს.
მთავარმა პროკურატურამ 11 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, ბრალდების მხარე თანახმაა „ბირჟა მაფიას“ დაკავებულ წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ.
გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.