ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ილია მეორეს დაცვას წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა, ახალი კადრებით ჩაანაცვლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, პატრიარქის დაცვის წევრების გათავისუფლებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გათავისუფლებულია მხოლოდ მათი ნაწილი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი წევრი, სოსო ელიზბარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, დაცვის წევრების გათავისუფლების შესახებ, არც დაადასტურებს და არც უარყოფს.
მისი განცხადებით, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობს, თუმცა სხვა განყოფილებაშია გადაყვანილი და პატრიარქის დაცვის წევრი აღარ არის.
ცნობისთვის, გასულ კვირას პატრიარქის დაცვის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა, რომელმაც პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზურაბ ბუჩუკური შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.