“ბირჟა მაფიას” რეპერს, მიშკა მგალობლიშვილს (Young Mic) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ბრალდებულისგან 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთით 8- დან 20 წლამდე ვადით ისჯება.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დაკავებას მის მიერ მომზადებულ მუსიკალურ ვიდეოს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი გააშარჟა.