დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია სასამართლო პროცესის საჯაროობას ითხოვს.
მისი განცხადებით, საქმეზე არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც სხდომა საჯარო უნდა იყოს. ამიტომაც, როგორც თავად აცხადებს, სასამართლო სხდომაზე პირველ რიგში სხდომის საჯაროობის შუამდგომლობას დააყენებს.
"რეალურად დღეს იწყება საქმის არსებითი განხილვა. გვაქვს შუამდგომლობა, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. სხდომა დახურულია იმ მოტივით, თითქოს საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე. მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ ასეთი კადრები არ არის. ეს ამოვიღეთ როგორც მტკიცებულება და დღეს შეგვაქვს როგორც ახალი გარემოება. ამის საფუძველზე სხდომის საჯაროობას ვითხოვთ. იმედია, აბსურდამდე არ მივალთ და მთავარი პროკურორის სიტყვებს გაითვალისწინებენ. არანაირი ისეთი მტკიცებულება არ არის, რაც სხდომის დახურვის საფუძველი შეიძლება იყოს. ეს ახალი გარემოებაა, რასაც საქმეს ვურთავთ. ამაზე უნდა იყოს მსჯელობა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.