საქალაქო სასამართლოში "ციანიდის საქმის" არსებითი განხილვა ხვალ, 9 ივნისს, 13:00 საათზე განახლდება.
პროცესს ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაესწრება. მისი მოქმედი ადვოკატების გარდა, საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სახაზინო ადვოკატები, რომელთა საქმეში დარჩენის სურვილი თავად ბრალდებულმა გამოთქვა.
პროცედურულად ხვალინდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს შესავალი სიტყვით მიმართავენ.
არსებული ინფორმაციით, შესავალი სიტყვით სასამართლოსთვის მხარეებს წინა ორ სხდომაზე უნდა მიემართათ, თუმცა ეს ვერც ერთხელ ვერ მოხდა. პირველი სხდომა 5 მაისს დეკანოზის პროტესტის გამო ჩაიშალა, როდესაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სხდომა დახურა, ხოლო მეორე სხდომა - 19 მაისს სახაზინო ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო, რათა ისინი საქმის მასალებს გაცნობოდნენ.
საქმეზე სასამართლო სხდომა მედიისთვის კვლავ დახურული იქნება. პროცესს მხოლოდ სახალხო დამცველი დაესწრება.