თუ პროკურატურა საქმეს არ გამოიძიებს, გამოვიყენებთ სამართლებრივი დაცვის ყველა შესაძლებლობას, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება დაზარალებულის ოჯახის მიერ აღიქმება, როგორც მითითება სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდეს.
„საგამოძიებო ქვემდებარეობით პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ეს მითითება სრულდება და სწორად იყო აღქმული შსს-ს მხრიდან, რაც დაუშვებელია, რადგან გარემოხმარებისთვის, ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განსხვავებული განცხადებები კეთდება, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება. სრულყოფილი გამოძიება ყველა ვერსიის შემოწმებას ნიშნავს, მათ შორის, მთავარი პრეტენზიის, ეჭვის შემოწმებას, რომელიც დაზარალებულ ოჯახს აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ბატონი აფგანი პირდაპირ აცხადებს, რომ აღნიშნული აზერბაიჯანული და ქართული მხარის თანამშრომლობის შედეგად მოხდა. ამდენად, აუცილებელია, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და სრულყოფილად გაეცემა არსებულ კითხვებს პასუხი.
როგორც იცით, პროკურატურაში გუშინ შევიტანეთ წერილობითი მოთხოვნა საქმის გამოძიებაზე. პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ გაკეთებული განცხადებების ფონზე, თუნდაც პრემიერმა რაც გააკეთა, ოპტიმისტურად ნაკლებად ვართ განწყობილი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება დროულად მიღებული. თუ პროკურატურა ამ საქმეს არ გამოიძიებს, გამოვიყენებთ სამართლებრივი დაცვის ყველა შესაძლებლობას და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები იყოს ბოლომდე აღდგენილი“, - განაცხადა ადვოკატმა.