ბაქოს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის, რომელსაც „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და „ფულადი თანხის კონტრაბანდა“ ედება ბრალად. ამ ბრალდებით, აზერბაიჯანი გვეუბნება ჩვენც და მთელს მსოფლიოსაც, რომ ეს ჭარმაგი, ჭკუადამჯდარი ადამიანი, საკმაოდ გამოცდილი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი, მოულოდნელად შეიშალა, პასპორტი სახლში დატოვა და მიაშურა სამშობლოს, თუმცა ზუსტად იცოდა, აუცილებლად დააპატიმრებდნენ.
აქ ის კი არ არის საინტერესო, რამდენად „ფეიკურია“ ბრალდება, არამედ დამოკიდებულება. და ამგვარ „დამოკიდებულებაში“ ყველაზე ზუსტად ჩანს, რა განსხვავებაა ჯერ კიდევ (საბედნიეროდ) საქართველოსა და მეზობელ, მეგობარ, პარტნიორ ქვეყანას შორის.
................................................................
რაც შეეხება მუხთარლის გატაცებას, მედიაში და ექსპერტულ წრეებში ორი ვერსია განიხილება: პირველის თანახმად, ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა მოილაპარაკეს, ქართველებმა გაიტაცეს ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან, მიიყვანეს საზღვრამდე ხელებშეკრული, იქ გადასცეს აზერბაიჯანელ „კოლეგებს“ და ასე აღმოჩნდა ოპოზიციონერი ბაქოს იზოლატორში.
მეორე ვერსია, კაცმა რომ თქვას, კიდევ უფრო კატასტროფულია: აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს ოპერაცია ისე, რომ ქართულ მხარეს არაფერი შეატყობინეს, მოიტაცეს ადამიანი დედაქალაქის ცენტრიდან და გადაიყვანეს აზერბაიჯანში.
უკანასკნელი ვერსია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ნებისმიერი სპეციალისტი, ვინც ოდნავ ჩახედულია (თეორიული ემპირიკის დონეზე მაინც) სპეცსამსახურთა „მეთოდიკაში“, აუცილებლად გეტყვით: ამგვარი რამ ჩვენს განსახილველ შემთხვევაში აბსოლუტურად გამორიცხულია. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა, რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოეტაცათ „ობიექტი“. რამდენიც გნებავთ იმდენი მომხდარა და ახლაც ხდება. მაგრამ სპეცსამსახურები ამაზე მხოლოდ მაშინ მიდიან, თუ თანმდევი რისკები მოსალოდნელ სარგებლად „უღირთ“.
მაგალითად, როდესაც ისრაელის „მოსსადმა“ არგენტინაში ნაცისტი დამნაშავე აიჰმანი მოიტაცა, თელ-ავივში ჩაიყვანა და იერუსალიმის ციხეში ჩამოახრჩო, ეს ისრაელისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აქტი იყო, არგენტინასთან (მით უმეტეს შორეულ არგენტინასთან!) ურთიერთობების შესაძლო გართულდება დიდად არ ანაღვლებდათ და ნებისმირი რისკის ფასად „უღირდათ“.
ზოგადად, ამგვარ აქციებს სპეცსამსახურები ფარულად და „ადგილობრივ კოლეგებთან“ შეუთანხმებლად ახორციელებენ მხოლოდ მტრული ან არამეგობრული სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ან კიდევ იმ ქვეყნებში, რომელთანაც ურთიერთობების გაფუჭება რაიმე პრობლემას არ შეუქმნით. მოკავშირეები და პარტნიორები კი ასე არ იქცევიან. მით უმეტეს, განსახილველ შემთხვევაში რისკი მეტისმეტად მაღალი იყო: ვინ გასცემდა გარანტიას, რომ თბილისის ცენტრიდან მოტაცებული ადამიანის საზღვარზე გადაყვანისას იქ რაიმე ინციდენტი არ მოხდებდა, ქართველი მესაზღვრეები ვერაფერს შენიშნავდნენ, ცეცხლს არ გახსნიდნენ და ა.შ? მერედა, იქ რომ ქართული მხრიდან ორმხრივ სროლაში ვინმე მომკვდარიყო, ეს უკვე ძალიან საშიში სახელმწიფოებრივი ინციდენტი გახდებოდა.
გარდა ამისა, არ დაიჯეროთ, თითქოს აზერბაიჯანთან ე.წ. „მწვანე საზღვარი“ იმდენად დაუცველია საქართველოს მხრიდან, უპრობლემოდ და ურისკოდ შეიძლება იქ ადამიანის გადაყვანა; მით უმეტეს ხელფეხშეკრულისა და თავზე ტომარაწამოცმულის. მთლად ასეც არ დაგლახავებულა ქართული სახელმწიფო და მისი სტრუქტურები.
................................................................
ანუ, თითქმის 100%-იანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ იძულებული გახდა დამორჩილებოდა ბაქოს ულტიმატუმს: „ან გადმოგვცემთ მაგ ჟურნალისტსა და ოპოზიციონერს, ან თქვენი უარით, სერიოზულად დააზიანებთ აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებს!“.
იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ტოტალურად აზერბაიჯანულ გაზზეა დამოკიდებული, ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, „ჩათრევას-ჩაყოლა ამჯობინა“.
თუმცა სწორედ აქ ჩანს უმძიმესი შეცდომა და არაპროფესიონალიზმი: ნუთუ ძნელი გასათვლელი იყო, რომ „ალიევთა რეჟიმის“ შეურიგებელი კრიტიკოსის თავშეფარება საქართველოს ტერიტორიაზე, ადრე თუ გვიან, პრობლემებს შექმნიდა და ქვეყანას დააყენებდა არასასურველი არჩევანის წინაშე „ცუდსა და უარესს შორის?“. განა ასეთი რთული იყო, ორი წლის განმავლობაში, ანუ ჯერ კიდევ აზერბაიჯანულ ულტიმატუმამდე, მოლაპარაკება იმავე საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციებთან და ფარული შეთანხმება ავსტრიის, ან ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მთავრობასთან, რათა მუხთარლის იმ ქვეყნისთვის (ავსტრიისთვის, შვეიცარიისთვის, ბრიტანეთისთვის და ა.შ) შეეფარებინა თავი, რომლებიც არასდროს ეუბნებიან უარს დევნილ ჟურნალისტებს?
წაეყენებინა მერე ბაქოს ულტიმატუმები „მისი უდიდებულესობის მთავრობისთვის“. იმასაც ვნახავდით რა პასუხს მიიღებდა.
„ეს დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული და მუხთარლი მაშინ ჩვენ უნდა გვერჩინა უცხოეთშიო“. რა ისეთ ხარჯებთან, რაც ამ სამარცხვინო სიტუაციის თავიდან აცილებად არ ღირდა? ნუთუ საქართველოს ხელისუფლებამ მუხთარლის არ შესთავაზა ასეთი გამოსავალი, როგორც კი შეატყო, ბაქოში ნერვიულობდნენ? და თუ შესთავაზა ის რატომ იტყოდა უარს?
დაახლოებით ასეთივე ვითარებაა „დემირელის კოლეჯის“ დირექტორთან დაკავშირებით. ანკარა გვიყენებს ულტიმატუმს: ან ჩვენთან ურთიერთობა, ან მისი გაწირვა! როგორც ჩანს, ამ ჩვენს პატარა და სუსტ ქვეყანას, ადრე თუ გვიან, აქაც მოუწევს მძიმე არჩევანის გაკეთება „ცუდსა და უარესს შორის“.
................................................................
საზოგადოების აღშფოთება აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების სისუსტით ამ უბედურების ახსნა არ გამოვა. არ გამოვა, რადგან ელემენატრული არაობიექტურობა და უსინდისობა იქნება.
აბა გავიხსენოთ: 2004 წელს, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში გაემგზავრა პუტინთან შესახვედრად. მანამდე მან განაცხადა, რომ მისი წინამორბედი, ედუარდ შევარდნაძე, თურმე „მოულაპარაკებადი“ (რუსულად თქვა: „Недоговороспособный“) იყო, ხოლო მიშა, შევარდნაძისგან განსხვავებით, „აუცილებლად მოახერხებდა პუტინთან საერთო ენის გამონახვას“.
პუტინმაც, კრემლში შეხვედრისას, წაუყენა ულტიმატუმი: „გადმოგვეცით ორი ჩეჩენი ლტოლვილი, რომელთაც ჩვენ ტერორიზმში ვადანაშაულებთ“. შეგახსენებთ: პუტინისთვის მაშინ ლამის ყველა ჩეჩენი „ტერორისტი“ იყო. თუმცა ნიშანდობლივია, რომ იმ ორი ჩეჩენის საქმე საქართველოს სასამართლომ განიხილა, რუსული პროკურატურის „მტკიცებულებები“ შეისწავლა და ორივე აბსოლუტურად გაამართლა!
პრეზიდენტ სააკაშვილის თბილისში დაბრუნებისთანავე, ქართულმა სპეცსამსახურებმა ორივე ეს ჩეჩენი მოიტაცეს, ლარსის საზღვარზე მიიყვანეს და რუსებს გადასცეს. ჩეჩენი ლტოლვილები შემდეგ „ჩერნოკოზოვოს“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს, სადაც ერთი მათგანი წამებით გარდაიცვალა კიდეც. თუმცა მაშინ ამ ისტორიას „რატომღაც“ განსაკუთრებული რეზონანსი არც იმდროინდელ მედიაში, არც არასამთავრობო სექტორში, არც საზოგადოებაში არ მოჰყოლია.
„ტერორიზმის“ ყალბი ბრალდებები საქართველოს სასამართლომ უარყო და ამ დემაგოგიური არგუმენტის მოშველიება („აქ ჟურნალისტია, იქ კი ტერორისტები იყვნენო“) არ გავა: ორივე შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ერთნაირად დაირღვა!
კიდევ ერთი შემთხვევა: 2010 წელს, საქართველოში გაუჩინარდა ირანელი მეცნიერი, რომელიც ტურისტად ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მოგვიანებით მან ოკეანის გაღმა ამოჰყო თავი ციხიდან, ხოლო ისრაელის პრესა აქტიურად წერდა, რომ ხსენებულ ირანელს თეირანის „ბირთვულ პროგრამასთან“ ჰქონდა საქმე და ამიტომ იყო „საინტერესო“.
არც მაშინ ყოფილა საქართველოში რაიმე განსაკუთრებული პროტესტი, არადა გაუგებარია, განა სამივე შემთხვევა ქვეყნის სუვერენიტეტის და კანონმდებლობის ერთნაირი დარღვევა არ არის?
„ისინი მეგობარი ქვეყნებიაო“ და აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი სახელმწიფო არ არის?
სინამდვილეში, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს, ამჟამინდელი და წინა ხელისუფლებაც სამივეჯერ მოქმედებდა ჩვენი პატარა, სუსტი, დაუცველი, უმწეო ქვეყნის შესაძლებლობათა გათვალისწინებით იმ სასტიკ და აღვირახსნილად ცინიკურ მსოფლიოში, რომელშიც ვცხოვრობთ.
ნიკა იმნაიშვილი