პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი პირველი საზღვარგარეთული ტურნე, ბევრისთვის მოულოდნელად, საუდის არაბეთით დაიწყო. სუნიტურ სამეფოში ზესახელმწიფოს ლიდერის ვიზიტი ბრწყინვალე წარმატებით დასრულდა: განსხვავებით „დალაგებული“, „დინჯი“, „ჭკვიანი“, „დაფიქრებული“, „ფრთხილი“, „პოლიტიკურად კვალიფიციური“ ობამასაგან, „გიჟმა და გადარეულმა“, „არაკომპეტენტურმა“, „უვიცმა“ ტრამპმა ისეთი კონტრაქტი გააფორმა საუდებთან, რომელზეც მისი რამდენიმე წინამორბედი ვერც კი იოცნებებდა: 110 მილიარდი დოლარი ამერიკული იარაღის შესყიდვისთვის!
მთლიანობაში, საინვესტიციო პაკეტის ღირებულება 300 მილიარდ დოლარს აღწევს. თანაც, იგულისხმება არა ამერიკული ინვესტიცია საუდის არაბეთში, არამედ პირიქით - ამ ქვეყნის კოლოსალური სავალუტო რეზერვის ხარჯვა ამერიკულ ინდუსტრიაში სხვადასხვა შეკვეთების განსათავსებლად, რაც ნიშნავს ათეულობით ათას სამუშაო ადგილს, მთელი ეკონომიკური დარგების აღორძინებას და კრიზისის საბოლოოდ დაძლევას.
ტრამპმა ამერიკის ეკონომიკისა და ინდუსტრიისთვის მეტი რომ საერთოდ აღარც არაფერი გააკეთოს, 300 მილიარდიანი „ინექცია“ (თანაც ეკონომიკის რეალურ სექტორში და არა ფინანსურ „ბუშტებში“) იმდენად მძლავრი სტიმულია, უკვე მხოლოდ ამ მიღწევით შევა ისტორიაში: ხელშეკრულება, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა შაბათს მოაწერა ხელი, 10 წელზეა გათვლილი. ამით, ტრამპმა პირნათლად შეასრულა პირობა, რაც „ინდუსტრიული სარტყელის“ ამომრჩევლებს მისცა: დაუბრუნა სამუშაო ადგილები რათა მაღალკვალიფიციური ამერიკელი მუშები და ინჟინრები არა „მაკდონალდსში“, არამედ პრესტიჟულ, მაღალტექნოლოგიურ ქარხნებში მუშაობდნენ საათში 50 დოლარად.
არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის პოლიტიკური შედეგიც: საუდის არაბეთი უკვე ღიად დაუპირისპირდა ირანს, რომელიც ამერიკის (და ისრაელის) დაუძინებელი მტერია; მიღწეულია პრინციპული შეთანხმება „არაბული ნატო-ს“ შექმნის შესახებ. იგულისხმება, რომ „არაბული ნატო“ დაუპირისპირდება არა მხოლოდ ირანს და მის კლიენტ ბაშარ ალ ასადს სირიაში, არამედ მათ ზურგს უკან მყოფ რუსეთსაც.
თანაც, ტრამპმა ამას მიაღწია ისე, რომ ისრაელიც არ ყოფილა წინააღმდეგი. ერ-რიადიდან ამერიკის პრეზიდენტი იერუსალიმს ეწვია, სადაც ლეგენდარულ სასტუმრო „მეფე დავითის“ სპეციალურ აპარტამენტებში განათავსეს. ეს „ფეშენებელური ბუნკერი“ ორტონიანი საავიაციო ჭურვის პირდაპირ დარტყმასაც კი უძლებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორ მიაღწია ამ ყოველივეს ამერიკის სრულიად გამოუცდელმა, პოლიტიკაში „პიონერმა“ ტრამპმა? მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, ეყო პოლიტიკური ნება, გამოეყენებინა თავისი დიდი ქვეყნის ლამის ამოუწურავი სამხედრო, ტექნოლოგიური და ინდუსტრიულ - ფინანსური პოტენციალი!
ტრამპმა, უბრალოდ, გაბედა ის, რასაც ობამა ვერ ბედავდა „თანდაყოლილი“ პოლიტიკური სისუსტის გამო. მაგალითად, ამას წინათ, სირიულ-რუსულ სამხედრო აეროდრომზე განხორციელებული დარტყმით აჩვენა არაბულ რეჟიმებს(იმავე ობამასაგან განსხვავებით): არ სჭირდებათ მოსკოვთან ლაქუცი, არ სჭირდებათ ახალი ძლიერი მოკავშირის ძიება, რაკი ამერიკა ისევ ის ამერიკაა, როგორც რონალდ რეიგანის დროს.
შედეგად - ნამდვილი გარღვევა „არაბული ნატოს“ შექმნისა და მთელს რეგიონში ამერიკული გავლენის გაძლიერებით.
და ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც თვით ამერიკაში, მიმდინარეობს პრეზიდენტის კოშმარული „თროლინგი“. ასეთი რამ ამერიკული მედიასაც კი არ ახსოვს: თვით პრეზიდენტ ნიქსონის იმპიჩმენტის დროს, - 1974 წელს - როცა გაირკვა მისი კავშირი „დემოკრატიული პარტიის“ უკანონო მიყურადებასთან!
დღეს ჩამოყალიბდა „ანტიტრამპული კოალიცია“ დიდი სამეულის სახით: NYT, WP და CNN ყოველ ნომერში, ყოველ უებ-განახლებაში, ყოველ საინფორმაციო გამოშვებასა თუ თოქ-შოუში ფანატიკურად „აშავებენ“ საკუთარ პრეზიდენტს, აბრალებენ მას ათას სისულელეს. მათ შორის ლამის რუსეთის აგენტობას, „ პუტინის გოშიობას“ და ა.შ.
ბუნებრივია, ამ პროცესებს მართავს მოსკოვი, გაქნილი რუსული დიპლომატია და რუსული სპეცსამსახურები. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს უმართავი ამერიკული მედია უეცრად რუსეთიდან მართვადი გახდა: უბრალოდ, პუტინის რეჟიმი ძალიან ოსტატურად იყენებს თვით ამერიკულ საზოგადოებაში არსებულ წინააღმდეგობებს, დროულად „აგდებს“ ინფორმაციებს მედიაში საკუთარი გავლენის აგენტების მეშვეობით, იყენებს წინააღმდეგობრივ ინტერესებს ისტებლიშმენტში, მათ შორის „სასარგებლო იდიოტებს“ (ეს ფენომენი დასავლეთში უკვდავი აღმოჩნდა ლენინის ეპოქიდან დაწყებული) და ყველანაირად ცდილობს, დაასუსტოს ტრამპი, დაასუსტოს თვით ამერიკული სახელმწიფო და ამით დაასუსტოს „ამერიკული იდეა“, როგორც ასეთი - ანუ ამერიკის მიმზიდველობა, პატივისცემა, მისდამი მილიარდობით ადამიანის რწმენა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ მიზნით რას აღარ სჩადის პუტინი: დაწყებული იმავე „საინფორმაციო დივერსიებით“, დამთავრებული ჰაკერ-შეტევებით, საარჩევნო პროცესებში ჩარევით, წინააღმდეგობათა გაღვივებით, მეზობელ სახელმწიფოთა დესტაბილიზაციით და ა.შ და ა.შ.
ბოლო პროვოკაცია იყო პუტინის დაჟინებული მოთხოვნა: „მე ხომ შევხვდი სახელმწიფოს მდივან ტილერსონს კრემლში, ახლა შენც შეხვდი ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრს თეთრ სახლში“.
შეხვდა. და როგორც კი შეხვდა, რუსულმა სპეცსამსახურებმა ზემოთხსენებულ „დიდ სამეულს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ტრამპმა ლავროვს „გაუმხილა ზესაიდუმლო ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები“ და ისიც უთხრა, რომ FBI დირექტორი გადააყენა, რაკი „ნერვებს უშლიდა რუსული დოსიეს გამოძიებით“. ესე იგი ჯეიმს კომი ცდილობდა გაერკვია, ნამდვილად იყვნენ თუ არა ტრამპის თანაშემწენი„ „ხაზზე რუსეთთან“ საარჩევნო კამპანიის დროს.
არ არის გამორიცხული, ეს კრიზისი გაღრმავდეს და ამერიკის ისტორიაში ყველაზე ღრმა პოლიტიკურ-სახელისუფლებომ შემდეგ კი სახელმწიფოებრივ კოლიზიად იქცეს, ანუ პუტინმა ამ მხრივ წარმატებასაც მიაღწიოს. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც ამჟამად ხდება ამერიკაში, ნამდვილად ტოვებს ამერიკული დემოკრატიის სრული დაუცველობის და მოწყვლადობის შთაბეჭდილებას.
მაშასადამე, პუტინის რუსეთი მხოლოდ დესტრუქციას, ესე იგი მავნებლობას ახერხებს. კარგად, ნიჭიერად, წარმატებით ახერხებს, მაგრამ მავნებლობა - მავნებლობაა და მეტი არაფერი.
მიუხედავად ამისა, პუტინის რეჟიმი, ტაქტიკური წარმატებების და თუნდაც გამარჯვებების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც სრული დამარცხებისა და კრახისთვისაა განწირული, რადგან ამ რეჟიმის არსი და ის, თუ როგორ (რისკენ) „მომართა“ იგი ვლადიმერ პუტინმა, საკაცობრიო განვითარების ისტორიულ პარადიგმას ეწინააღმდეგება:
ჯერ ჯერობით, ერთადერთი, რასაც ეს რეჟიმი ახერხებს (კი ბატონო, კარგად ახერხებს ყველგან და ყოველთვის ამერიკიდან-საქართველომდე) დესტრუქციაა!
გამოსდის, გასდის, აკეთებს, წარმატებებსაც აღწევს. მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ ფენომენი, რომელიც მხოლოდ დესტრუქციაზეა გათვლილი და რაიმე „პოზიტიური პროექტის“ გამომუშავების უნარი არ გააჩნია, საბოლოოდ აუცილებლად დამარცხდება: რომც მოახერხონ ამერიკელმა ლიბერალებმა ტრამპის დამხობა, ამერიკა ამ კრიზისს აუცილებლად დაძლევს და შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს შავი პერიოდიდან, რაკი ამერიკას და ევროპას ნამდვილად აქვთ ის მთავარი ღირსება, რაც პუტინის რუსეთს არ გააჩნია: უნარი, შეიმუშავონ და მსოფლიოს შესთავაზონ პოზიტიური „პროექტი“, კონსტრუქციული „დღის წესრიგი“ ყველა მიმართულებით. დაწყებული ტექნოლოგიური ინოვაციით, სოციალური აბგრეიდით, ინდუსტრიული მოდერნიზაციით, დასრულებული პოლიტიკური ალიანსებით, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკისა და დასავლეთისთვისაა მისაღები ან ხელსაყრელი, არამედ სხვებისთვისაც.
რას სთავაზობს ამ მხრივ რუსეთი მსოფლიოს, თუნდაც მეზობელ სახელმწიფოებს? არაფერს - გარდა ნიჭიერი, ხშირად წარმატებული დესტრუქციის, დესტაბილიზაციის, „ჰიბრიდული ომების“, ტექნოლოგიური მაჩანჩალობის და სოციალური ობსკურანტიზმისა.
კაცობრიობის ისტორია კი გვასწავლის, რომ ამგვარი დესტრუქციული რეჟიმი, საბოლოოდ აუცილებლად ამოწურავს საკუთარ რესურსებს და უსასტიკესად დამარცხდება.
საქმე თავისთავად აგრესიაში კი არ არის: რომის იმპერიაც აგრესიული სახელმწიფო იყო. მთავარი ისაა, რამდენად შესწევს მას უნარი, შესთავაზოს კლიენტებსა თუ პარტნიორებს „განვითარების პროექტი“. ამგვარი პროექტის გამომუშავების ნიჭი და რესურსი მოსკოვს არ აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, პუტინის მმართველობის დროს ნამდვილად.
ამის უპირველესი და უცდომელი ნიშანი ისაა, რომ თანამედროვე რუსეთს ცივილიზებული მოკავშირე საერთოდ არა ჰყავს გარდა სრული მარგინალებისა, როგორიცაა იგივე ბაშარ ალ ასადი, აიათოლლების რეჟიმი ირანში და „ბატკა ლუკაშენკო“. თუმცა, ეს უკანასკნელიც კი ჭირვეულობს ხშირად და ყოველთვის არ „უჯერებს“.
პუტინის რუსეთის სისტემური სისუსტე, როგორც ჩანს, იმდენად მყარი მოცემულობაა, დღეს ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა ქართული პოლიტიკის მხრიდან, ისტორიული განვითარების პარადიგმის შეცვლა და ისევ რუსულ ორბიტაზე დაბრუნება.
დავით ავალიშვილი