პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ გუგული მაღრაძის ინიციატივა 85 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. ახალი რეგულაციები 2018 წლიდან ამოქმედდება.
თამბაქოს მოწევა აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსისა და კატერის გარდა.
საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ასევე, 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
სტადიონზე, რომელსაც ადმინისტრაცია აქვს
თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება შემდეგ ადგილებში:
ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილას, თუ ეს საცხოვრებელი ადგილი ამავდროულად სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის.
თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიულ დანადგარებში.
პენიტენციურ დაწესებულებაში.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში.
სამორინეში.
წინასწარი დაკავების იზოლატორში.
სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა შესაძლებელია ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული, ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა ჰქონდეს.
აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც ცალკე სავენტილაციო სისტემა უნდა ჰქონდეს, თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს. ამასთან, ერთ აეროპორტში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი სპეციალური მოსაწევი ოთახი.
2020 წლის 1 იანვრამდე, დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. მოსაწევი ოთახების ნომრები სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით უნდა გამოიყოს, რომელიც სასტუმროს თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს.