ENG / RUS       12+

რატომ „იდგა ფეხზე“ კვირიკაშვილი ოვალურ კაბინეტში? - „თეთრი სახლის“ სახისმეტყველება

ახლახანს დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან წარმატებული (ყოველგვარი ირონიის გარეშე) ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის წარმატებას განაპირობებს არა მხოლოდ და არა იმდენად განცხადებები, რაც ზესახელმწიფოს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა  „გააჟღერეს“  შეხვედრების შემდეგ, არამედ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ისტორიული გადაწყვეტილება, რაც მას წინ უძღოდა: ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საბიუჯეტო კანონს, რომლითაც იკრძალება ნებისმიერი ფინანსური დახმარების გაწევა ან სახელმწიფო (!) ინვესტიცია (მაშასადამე კერძო ინვესტიციების დაზღვევაც OPIC-ის მხრიდან) იმ ქვეყნებისთვის, ვინც აღიარა ან მომავალში აღიარებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკაში ბიუჯეტს „Real-პოლიტიკური კონსტიტუციის“ მნიშვნელობა აქვს, ამით ვაშინგტონმა ისტორიული ბარიერი დაუწესა სეპარატისტებს (პირველ რიგში აფხაზ სეპარატისტებს) და ისინი ვერც კი იოცნებებენ საერთაშორისო აღიარებაზე, ანუ დარჩებიან დღევანდელ მარგინალთა (ნაურუ-ვანუატუ...) ამარა, რაკი არავინ მოინდომებს „მათ გამო“ ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს დიპლომატიური გამარჯვება, პირველ რიგში, იმ სულმნათი, გმირი ბიჭების დამსახურებაა ვინც ავღანეთში დაიღუპა, ხოლო მათი ძმები ახლაც იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის - ამერიკელთა მხარდამხარ.

გარდა ამისა, პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერილი კანონი მოსკოვისთვის განკუთვნილი  „მესიჯია“, რომ ასე ადვილად და მთლად უმტკივნეულოდ საქართველოს ოკუპაცია-ანექსია არ გამოვა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მიუხედავად ამ უდავო წარმატებისა, ვიზიტს მაინც თან ახლდა ერთი იმედგაცრუება თუ  წყენა. კერძოდ, ფოტო, რომელიც ამერიკელებმა გამოაქვეყნეს გიორგი კვირიკაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ.

მასზე აღბეჭდილია ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაური ამერიკის სახელმწიფოს მეთაურის გვერდით. სახელმწიფოს მეთაური სამუშაო მაგიდასთან ზის, ხოლო მთავრობის მეთაური, ვისაც საქართველოს კონსტიტუციით, რეალური ძალაუფლება აქვს ქვეყანაში - მის გვერდით ფეხზე დგას და საწერ მაგიდას „კომპოზიციისათვის“ ცალი ხელით ეყრდნობა.

კვირიკაშვილს ეყო სტილის შეგრძნება, ჭკუა, ნიჭი და გონიერება,  მაგიდას ცალი ხელით დაყრდნობოდა, თორემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კლიმკინი, ვისაც თეთრი სახლის ფოტოგრაფებმა თითქმის ასეთივე კომპოზიციით გადაუღეს ფოტო, ორივე ხელით ეყრდნობა იმავე მაგიდას და მართლა კომიკურად გამოიყურება, მეტი რომ არ ვთქვათ.  

თუმცა, არც ჩვენი ფოტოა „პროტოკოლური“. ასეთი რამ დიპლომატიაში პროტოკოლის დაუწერელ, მაგრამ ურყევ კანონთა დარღვევად ფასდება. „პროტოკოლის“ ტრადიციებით, მაღალ დონეზე შეხვედრის ყველა ნიუანსი წინასწარ გათვლილი და შეთანხმებულია. მათ შორის ფოტოს კომპოზიციაც. იმავე ტრამპმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტრადიციული „კომპოზიციით“ გადაიღო სურათი, ანუ ხელის ჩამორთმევით. მთავარი ის კი არ არის, რომ ასეთივე „კლასიკური“ ფოტო მან კვირიკაშვილთანაც გადაიღო, არამედ ის, რომ ლავროვს იგი ვერაფრით გაუბედავდა საწერ მაგიდასთან გვერდით დაყენებას, როგორც კვირიკაშვილსა და კლიმკინს.

პირიქით, სერგეი ლავროვმა ოვალურ კაბინეტში შეხვედრა ჩვეული ოსტატობით გამოიყენა დონალდ ტრამპის უხერხულ მდგომარეობაში ჩასაყენებლად: შეხვედრაზე ელჩი კისლიაკი მიიყვანა, ვინც ახლა „რუსულ დოსიესთან“ დაკავშირებული სკანდალის ცენტრშია და, რაც მთავარია, ფოტო მასპინძელ მხარესთან  შეუთანხმებლად გამოაქვეყნა. თუმცა ეს სხვა თემაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავუბრუნდეთ ისევ ტრამპ-კვირიკაშვილის „უცნაური“ და „არაპროტოკოლური“ ფოტოს „სახისმეტყველებას“: საქართველოს პრემიერს რომ  ყოველივე ძალიან არ ესიამოვნა, იქიდანაც ჩანს, რომ მის საიტზე ეს ფოტო არ არის!

ერთი შეხედვით, არანაკლებ უცნაურია, რომ თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე საერთოდ არაფერია ნათქვამი კვირიკაშვილსა და ტრამპს შორის „ოვალურ კაბინეტში“ შეხვედრის შესახებ; რაც, სინამდვილეში,  ბუნებრივია, რადგან შეხვედრა არაოფიციალური იყო. ამერიკაში მიღებულია ამგვარი დიპლომატიური „ტექნოლოგია“: ვითომ შემთხვევით შემოვა ოთახში....... ან ვითომ სპონტანურად,  დაუგეგმავად   აღმოჩნდები მის კაბინეტში  და ა.შ.

სამაგიეროდ კვირიკაშვილთან ფოტოც და მოკლე კომენტარიც ტრამპმა გამოაქვეყნა Twitter-ის საკუთარ გვერდზე, ხოლო თეთრი სახლის  ვებსაიტზე  მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის ცნობაა, რადგან სწორედ ეს შეხვედრა იყო ოფიციალური.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„კვირიკაშვილ-ტრამპის“ ფოტომ ქართულ პოლიტიკურ წრეებში და პოლიტიკით დაინტერესებულ საზოგადოებაში ყრუ გმინვა  გამოიწვია: „ასე რატომ დაგვამცირაო“. ამას თინიკო ხიდაშელმა ჩვეულ სტილში უპასუხა: „.....სკამზე დამჯდარი კი არა, წამოწოლილიც რომ იყოს, ნატოში ინტეგრაციაში დაგვეხმაროს და რა ვიცი აბა  დანარჩენი რატომ უნდა გვადარდებდეს!“........

კომენტარი ზედმეტია.

 თანაც, საეჭვოა, ამგვარი „არგუმენტი“ ბევრისთვის მისაღები იყოს, თუმცა იმ ადამიანებმა, ვისაც უბრალოდ გაუკვირდათ ტრამპის ესოდენ „არაპროტოკოლური და დამამცირებელი საქციელი“ უბრალოდ არ იციან, რა არის ამერიკა! გარდა ამისა, რატომღაც არავინ სვამს კითხვას, რა გახდა ამ სკანდალური დიპლომატიური ინციდენტის  მთავარი მიზეზი.

ამერიკა „ელიტარისტული“ ქვეყანაა. ალბათ ყველაზე „ელიტარისტული“ მთელს მსოფლიოში. არც ერთ სხვა სახელმწიფოში „რანგირება“ არ არის აყვანილი ისეთ „აბსოლუტში“, როგორც ამერიკული ტრადიციის მიხედვით.

საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ასეთ (!) ფოტოს იღებს, ამით, მისი წარმოდგენით,  საქართველოს კი არ ამცირებს, არამედ ხაზს უსვამს რანგთა სხვაობას: „მე პრეზიდენტი ვარ, ის კი (კვირიკაშვილი) მხოლოდ პრემიერ-მინისტრია“ - ამბობს ამით ტრამპი. „მე პრეზიდენტი ვარ, ის კი (კლიმკინი) „მხოლოდ“ საგარეო საქმეთა მინისტრია“.

 „აბა გერმანიის კანცლერთან რომ არ გადაიღო ანალოგიური ფოტო?“ „აბა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს რომ არ აკადრა იგივე?“. „აბა იაპონიის პრემიერ-მინისტრს თუ ......“

ეს ბავშვური ნარატივი არ ითვალისწინებს, რომ ტრამპისთვის დიდი ბრიტანეთი - დიდი ბრიტანეთია, გერმანია-გერმანია, იაპონია-იაპონია, ხოლო საქართველო-საქართველო! და ამას ვერსად წავუვალთ: ტრამპს და მის თანაშემწეებს ნამდვილად არ სცალიათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ნიუანსებში გარკვევისთვის. ტრამპმა მხოლოდ ერთი რამ  იცის დანამდვილებით: იგი ხალხმა აირჩია, კვირიკაშვილი კი - არა!

მანამდე, 2004 წლიდან დაწყებული, ამერიკის პრეზიდენტი ხომ არც ერთხელ არ შეხვედრია საქართველოს პრემიერ-მინისტრს?! განა ჯორჯ ბუში და ბარაქ ობამა რომელიმე ქართველ პრემიერს ესაუბრა ოვალურ კაბინეტში? ზურაბ ჟვანიასაც კი არა.

ეს პირველი შეხვედრა იყო. და (ვიმეორებ) უნდა ვიცოდეთ ამერიკული პოლიტიკური კულტურის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი: ტრამპი არჩეულია, კვირიკაშვილი - არა. ამერიკელებს კი დემოკრატიისადმი განსაკუთრებული მოკრძალება ახასიათებთ. ამიტომ სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: გიორგი კვირიკაშვილი არა პრემიერ-მინისტრი, არამედ საქართველოს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, დონალდ ტრამპი მასთან ასეთ ფოტოს არავითარ შემთხვევაში არ გადაიღებდა - როგორი ქედმაღალი და თავხედიც არ უნდა იყოს თვითონ პიროვნულად. იმიტომ, რომ ეს არა პროტოკოლური ნორმების, არამედ ამერიკაში მიღებული კულტურული ტრადიციის მეტისმეტად უხეში დარღვევა იქნებოდა.

აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან, არამედ დასავლეთში  პატარა  საქართველოს „აღქმის“ და მკაფიო  „იდენტიფიკაციის“ აუცილებლობიდან გამომდინარე, ჯერ მიშა სააკაშვილის, შემდეგ ტრადიციულად რეგვენი და უპასუხისმგებლო   ქართული „პოლიტელიტის“ უდიდესი (დანაშაულებრივი) მატრაკვეცობა იყო  ქვეყანაში სრულფასოვანი საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმება და  ნახევრადსაპარლამენტო, ახლა  კი სრულად საპარლამენტო მოდელზე გადასვლა.

ამ  უაზრო, დანაშაულებრივად ავანტურისტულ და ბრიყვულ გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად და უკეთ უსვამს ხაზს „ოვალურ კაბინეტში“ გადაღებული მართლაც გულდასაწყვეტი  ფოტო.

 

ნიკა იმნაიშვილი 

 

ავტორი: . .