შსს ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "ჯი-ეიჩ-ენი" მას უცვლელად გთავაზობთ:
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ. მ. და 1991 წელს დაბადებული ო. თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ. მ.-მ და ო. თ.-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ნაცნობი - 1991 წელს დაბადებული გ. შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ. შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ხოლო მესამე ბრალდებული სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი ჯგუფურად და ისეთი საშუალებებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე, 376-ე და 236-ე მუხლებით)".