ჩემზე მუქარის დროს, დევნოზაშვილს „დინამოს“ ბაზის ამჟამინდელი დაცვის უფროსი ახლდა, - განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი აბდალაძემ. "სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ამჟამად მუშაობს "დინამოს" დაცვის ბაზაში. იქ შემხვდა და ამოვიცანი. 24 საათი დევნოზაშვილთან ერთად იყო და ჩვენზე „მუშაობდა", - განაცხადა გია აბდალაძემ.
მისივე თქმით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით დევროზაშვილი მას აღიარებით ჩვენებას სთხოვდა და შვილით ემუქრებოდა.
"ვიცით, შენი შვილი კომაროვში სწავლოვს და რამე არ დაემართოსო, მითხრა დევნოზაშვილმა", - განაცხადა გია აბდალაძემ.
მოწმემ გლდანის ციხეში ციხის დირექტორისგან მუქარაზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით ეუბნებოდა, რომ ციხიდან მისი ბრალდების მუხლით, ცოცხალი ვერავინ გადისო.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წელს დააკავა. საუბარია 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფის - ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეებისა და გია აბდალაძის დაკავების საქმეზე. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.