აი, ეს საქმე არის გამოცდა, ძალიან დიდი გამოცდა სასამართლო უწყებისათვის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემა "არჩევანში" "ციანიდის საქმეზე" საუბრისას განაცხადა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, მთელი ბიუჯეტი რომც დაიხარჯოს, ვერანაირ ავტორიტეტს ვერ აღიდგენენ, თუ აქ უდანაშაულო მღვდელთან მიმართებაში უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ და თავს ცოდვაში ჩაიგდებენ.
მისი თქმით, ის მამა გიორგის სიმართლეში და გულწრფელობაში დარწმუნებულია.
„მე დარწმუნებული ვარ მამა გიორგის სიმართლეში და გულწრფელობაში, რაც მან მე შეხვედრის დროს მომიყვა, რომ მას არანაირი ნივთიერება არსად არ მიჰქონდა და ეს არის ყველაფერი დადგმული სცენარი, რომელიც ასევე იყო გათვლილი, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ პატრიარქი შეიძლებოდა, ოპერაციიდან ვერ გამოსულიყო. ამაზე უფრო მეტად იყო გათვლილი და, შესაბამისად, იქ განიარაღება უნდა მომხდარიყო პატრიარქის ოჯახის წევრებისა და დაცვის სამსახურისა. ამიტომაც ფიქრობენ, რომ ბომბი აუფეთქდა ხელში", - აღნიშნა პეტრემ.
მისივე თქმით, მამა გიორგიმ მასთან საუბარში გაიხსენა, რომ ერთ-ერთ მინისტრთან შეხვედრაზე დეკანოზმა აღნიშნულ პირს სთხოვა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტისთვის ამ საქმის დეტალებზე არაფერი ეთქვა, ხოლო მინისტრისგან მიიღო პასუხი, რომ „მამაო, ძალიან გთხოვ, ამას ნუ დამავალებ, თორემ დამაკარგვინებს მინისტრობას“.