რამდენიმე დღის წინ, მთელი საქართველო შეძრა ყოფილი ქმრის მიერ ჩადენილმა სასტიკმა დანაშაულმა. მკვლელმა მირანდა ვაჩეიშვილი ელექტროსადენის საშუალებით გაგუდა და დედის გარეშე დატოვა საკუთარი, 4 შვილი. ახალგაზრდა და მარტოხელა ქალმა ვერ შეძლო მოძალადისგან თავის დაცვა, მას არც სახელმწიფომ უშველა და არც გარშემო მყოფმა ადამიანებმა შეიწუხეს თავი სხვისი სიცოცხლის გადარჩენისათვის.
მსგავს ფაქტებს თითქოს შეეგუა საზოგადოება. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია მორიგი სასტიკი მკვლელობის შესახებ, აჭრელდება პრესის ფურცლები, სოციალურ ქსელში გაჩნდება მრავალი ცრემლიანი ,,სმაილი“, რომელიმე არასამთავრობო კვლავ განცხადებას გაავრცელებს, ხომ გაფრთხილებდითო... გავა რამდენიმე დღეც და ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება. საზოგადოება თითქოს შეგუებულია, რომ გსგავსი ფაქტები უბრალოდ ხდება ხოლმე და მეხის დაცემასავით ბუნებრივი მოვლენაა. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი კი ერთი ფარატინა ფურცელია, სახელად ,,შემაკავებელი ორდერი“. თითქოს ფურცელზე დაჯღაბნილი ტექსტი დაუძლეველი ბარიერია მკვლელსა და შეშინებულ მსხვერპლს შორის.
მხოლოდ წელს, უკვე მეხუთე ქალი მოკლეს და მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია და ვერ შეძლო მოძალადისგან თავის დაცვა. მსგავს შემთხვევებში ხშირია წინასწარი მუქარები, ცემა, ჩხუბი, თეფშების ფრენა და მეზობელთან გასული მოგუდული ღრიალის ხმები. ვის შეუძლია თავშივე აღკვეთოს სავარაუდო მკვლელობა? ყველას! - ვისაც ესმის ეს ღრიალი და გუნებაში არ იმეორებს გაცვეთილ ფრაზას „ცოლ-ქმრის ჩხუბი გიჟს მართალი ეგონაო“. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მკვლელობები მაინც ხდება. შემდეგ ჩამოხოკილი სახე კი სხვა არაფერია, თუ არა მიცვალებულისთვის უკან მიდევნებული ლამპარი.
მავანი ალბათ იკითხავს, რა გამოსავალია, ჩვენ რა შეგვიძლიაო. პასუხი კი მარტივია, შეგვიძლია გამოვიღოთ ყურში ღრმად შეტენილი ბამბები, გავახილოთ მჭიდროდ დახუჭული თვალები და რეალობას პირისპირ შევხედოთ. საზოგადოებას აქვს პრობლემა და საჭიროა მისი მოგვარება. როდესაც ყურს მოვკრავთ ჭორაობას, „იცი ქალო, ანზორა რომ დათვრება სულ ცემს მის ცოლსო“, არ უნდა გავიაროთ ფიქრით - უი საწყალიო. ხსენებული მკვლელობები, ძალადობა და შეურაცხყოფა ჩვენს გვერდით ხდება და არა სადმე ჩრდილოეთ პოლუსზე. დროულად აკრეფილმა „112“-მა შესაძლოა სიცოცხლე გადაარჩინოს. ფაქტის წინაშე დადგომისას კი არ ღირს იმაზე ფიქრი, მეზობლები რას იტყვიან სხვის ცხოვრებაში რომ ვერევიო. წესით, სხვის ცხოვრებაში ჩარევა უნდა ჯობდეს მკვლელობისას დუმილს და ამგვარად მსხვერპლის სხეულში კიდევ ერთი დანის ჩასობას.
და მაინც, რამ გამოიწვია ასეთი დამოკიდებულება ქალთა მიმართ? იქნებ, განათლების სისტემამ არ შთააგონა ზოგიერთს, რომ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. იქნებ, მძიმე სოციალურმა პრობლემებმა დააკარგვინა ადამიანის სახე მკვლელობათა ავტორებს. იქნებ, საზოგადოების მენტალობაშია პრობლემა და ამიტომ აღიქვამს ზოგიერთი მამაკაცი ქალს მტვერსასრუტის თანასწორ ნივთად? ამ შემთხვევაში, ლოგიკურია მათი აზრები, „ჩემია, მინდა მოვკლავ და მინდა დავახრჩობ“. არსებობს მრავალი ვარაუდი, მაგრამ ერთი აშკარა ფაქტი - ძალადობრივ გარემოში გაზრდილი ბიჭები თავადაც მოძალადეებად ყალიბდებიან. მოძალადე მამები, როგორც წესი, ვაჟიშვილებს არ ასწავლიან, რომ სუსუტზე ძალადობა ადამიანის სისუსტეზე და უმეცრებაზე მიუთითებს. მრავალი შემთხვევაა, როდესაც მამის საქციელი გაკვეთილივითაა მისი ვაჟისთვის და ისიც აგდებული დამოკიდებულებით გამოირჩევა გოგონებთან, ამცირებენ და ძალადობენ საკუთარ დაზე, აგრესიულები არიან კლასელებთან, საყვარელ ადამიანს არ აღიქვამენ თანასწორად და საბოლოოდ ხდებიან მოძალადე მშობლის მოძალადე შვილები. ასეთი რეალობის მქონე ქვეყანაში სახელმწიფოს ვალია, რომ მოსახლეობას და განსაკუთრებით მომავალ თაობას სწორი საფუძველი ჩაუყაროს მათ, რათა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ისტორია მომავალშიც სისხლით არ იწერებოდეს.
შეგახსენებთ რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევას, რომელიც ჩვენს თვალწინ მოხდა: მკვლელობა ასპინძაში, მამაკაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადგაზე მოკლა, მან 27 წლის მეუღლეს ცივი იარაღით 8 ჭრილობა მიაყენა; მკვლელობა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ქმარმა მეუღლე თოკით გაგუდა; თბილისში 31 წლის ლიკა ტატუაშვილი ყოფილმა მეუღლემ პისტოლეტის ერთი გასროლით, ქუჩაში გამოასალმა სიცოცხლეს; თბილისში 30 წლის ნინო კილასონია 3 წლის წინ გაშორებულმა მეუღლემ მოკლა..მთლიანობაში წელს ფემიციდის 5, ხოლო შარშან 21 შემთხვევა მოხდა. რამდენი იქნება წელს?
ვაჩე ხრიკული