ჩემი და საბჭოს წევრების პოზიციაა, რომ მოსამართლის შეურაცხყოფაზე რეგულაციები უნდა არსებობდეს და როგორი იქნება ეს რეგულაციები, ერთად უნდა მოვიფიქროთ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ იმ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სანქციები უნდა გამკაცრდეს.
მისი თქმით, მას ჰქონდა ალტერნატივა, რომ სანქციის ერთ-ერთი ფორმა ყოფილიყო ჯარიმა.
როგორც გეწაძემ აღნიშნა, შეურაცხყოფისთვის სასამართლოში დავის გამართვა დროში გაწელილი და არაეფექტური გზაა.
“შეურაცხყოფის გამო, მოსამართლეს შეუძლია სასამართლოში სარჩელის შეტანა, მაგრამ როგორც წესი, ეს რთული და არაეფექტური გზაა. არაეფექტურში ვგულისხმობთ იმას, რომ პროცესი არის დროში გაწელილი. ამავე დროს მთავარი საკითხია მტკიცების ტვირთი, თუ მოსამართლეს დააბრალეს, რომ ცხოველია, მან უნდა ამტკიცოს, რომ არ არის ცხოველი. აქ მტკიცების ტვირთი სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს”, - განაცხადა შოთა გეწაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 4 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.