რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „სამუშაო ვიზიტით“ ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. ოფიციალური მიზეზი (საბაბი) იყო ახალი საელჩოს გახსნა. შენობა გრანდიოზულია - არც კი „ეწერება“ ჯერ კიდევ დანგრეული და განადგურებული სოხუმის ურბანულ პეიზაჟში. ამით მოსკოვი მთელს მსოფლიოს ეუბნება: „აქ ვარ სამუდამოდ!“ ისევე, როგორც ამერიკელებმა თქვეს იმავე მოსკოვის გასაგონად - „აქ ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ“, - როდესაც პატარა, მყუდრო შენობის ნაცვლად, დიღომში უზარმაზარი „ციხე-სიმაგრე“ ააგეს.
სერგეი ლავროვს აეროპორტში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი დახვდა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს მოსკოვმა გადასცა ხელშეკრულების პროექტი „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ, რომელიც არა მხოლოდ აფხაზებს ანიჭებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას, არამედ ნებისმიერ რუსს შეეძლება მოითხოვოს და მიიღოს ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეობა. შესაბამისად, შეიძინოს ბინა, რასაც სოხუმი დღემდე გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბუნებრივია, თბილისშიც გაჩნდა მოლოდინი, ამ ნიადაგზე „მოკავშირეები“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, და აფხაზური მხარე ათასგვარი ხრიკით ჩაშლის შეთანხმების ხელმოწერას, როგორც ადრე ბევრჯერ მომხდარა; შესაბამისად, მოსკოვი გამოიყენებს სანქციებს არაღიარებული რესპუბლიკის წინააღმდეგ, ჩაკეტავს საზღვარს, მოაწყობს შიდა არეულობას, აკრძალავს აფხაზურ ექსპორტს და ა.შ.
ეს „მოლოდინები“ გადაჭარბებულია. წინათაც ბევრჯერ მომხდარა, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას უარი ეთქვას და სულაც არ შეშინებია ჩაეშალა, მაგალითად, რუსეთის შეთავაზებული „ჩარჩო ხელშეკრულების“ გაფორმება, რაკი დოკუმენტი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას ითვალისწინებდა; აგრეთვე საბჭოთა პერიოდში აშენებული „მიუსერას“ საპრეზიდენტო აგარაკის გადაცემა ვლადიმერ პუტინისათვის; თუმცა ამას რაიმე განსაკუთრებული გამწვავება არ მოჰყოლია: მოსკოვს არ აწყობს აფხაზეთთან აშკარა დაპირისპირება და ამ დაპირისპირების „გაფიარება“ როგორც რუსულ, ასევე დასავლურ მედიაში; ეს პუტინისთვის ძალიან არახელსაყრელია ბევრი მიზეზის გამო.
მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ გაურკვეველია სიტუაცია უკრაინაში, ხოლო რუსული საზოგადოება 2008 წლის მოვლენებს აღიქვამს, როგორც პუტინის „ერთადერთ რეალურ და ეჭვმიუტანელ გამარჯვებას“. სწორად აღიქვამს თუ არა - მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ ასე აღიქვამს და თუ მოსკოვსა და სოხუმს შორის აშკარა დაპირისპირება დაიწყო, 2008 წლის ყბადაღებულ „გამარჯვებას“ ჩრდილი მიადგება რუსული საზოგადოების თვალში. პუტინის „ფიარ-ტექნოლოგებმა“ ეს შესანიშნავად იციან. ამიტომ, რაიმე მკვეთრი მოძრაობებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. შესაბამისად, სოხუმსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება ან რაიმე სანქციები არც ერთ შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი. და ამის იმედი ტყუილად გვაქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სულ სხვა საქმეა საქართველო და მოსკოვის მოთხოვნები თბილისის მიმართ. იმავე პრეს-კონფერენციაზე ლავროვმა მისთვის ჩვეული დიპლომატიური გაიძვერობით ასე უპასუხა კითხვას სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის ამოქმედების შესახებ: „რუსეთს არავითარი პრობლემა არა აქვს, რათა ეს რკინიგზა ამოქმედდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, სადაც იგი უნდა გაგრძელდეს“. ანუ საქართველოზე, თორემ სომხეთი, რასაკვირველია, „ორივე ხელით „За“.
დეფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ხაჯიმბამაც თქვა, რომ აფხაზური მხარე „მზადაა“, თუმცა „საქართველო არ (და)თანხმდება.
რატომ არ თანხმდება და არც დათანხმდება საქართველო? აკი მოილაპარაკეს აბაშიძემ და კარასინმა, გამოიყენონ ამ მიზნით 2011 წელს სააკაშვილის მთავრობის ხელმოწერილი შეთანხმება „სავაჭრო კორიდორების შესახებ?“ მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მოითხოვს, შესაბამისი შეთანხმება რკინიგზის აღდგენა -ამოქმედების შესახებ იყოს არა ორმხრივი, არამედ სამმხრივი, ესე იგი რუსულ-ქართულ-აფხაზური.
ბუნებრივია, ოფიციალური თბილისი ამას არც ერთ შემთხვევაში არ დაეთანხმება, რადგან ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის და სუბიექტურობის აღიარება იქნებოდა. თანაც 2011 წლის შეთანხმებაში არც "აფხაზეთი" და არც ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ ნახსენები არ არის. მაშინ მოსკოვი ამას შეეგუა, რაკი თბილისის თანხმობა სჭირდებოდა WTO-ში გასაწევრიანებლად.
მაშასადამე, თითქოს იქმნება სიტუაცია, როდესაც, მოსკოვმა სოხუმი უნდა აიძულოს შეეგუოს „სავაჭრო დერეფანთა“ მოქმედებას მისი მონაწილეობის გარეშე, თორემ თბილისი უკვე ნამდვილად თანახმაა. თუმცა, აფხაზური წყაროების ცნობით, სოხუმში ყოფნისას სერგეი ლავროვს უთხრეს: „რატომ უნდა გაიფუჭოთ ურთიერთობა აფხაზეთთან მაშინ, როდესაც ჩვენც (ანუ აფხაზებს) და თქვენც ზემძლავრი ბერკეტები გაქვთ (გვაქვს) რათა თბილისი ვაიძულოთ მიიღოს ჩვენთვის ხელსაყრელი ფორმატი, ანუ გააფორმოს სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც გამორიცხავს ქართველი სპეციალისტების მონაწილეობას რკინიგზის აღდგენაში და სამგზავრო მატარებლების გაჩერებას თბილისში, რათა ამ მატარებლებით რუსეთში მხოლოდ სომხებმა იმგზავრონ და არა ქართველებმა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა ბერკეტებია ეს?
1) დავაკვირდეთ, რომ ბოლო დღეებში გახშირდა ქართული პროდუქციის „დაბლოკვის“ შემთხვევები ლარსის გამშვებ პუნქტზე. „ტოტალური“ ჯერ არ არის მაგრამ მალე იქნება, რაკი მოსკოვი მკაფიო „მესიჯს“ უგზავნის კვირიკაშვილის მთავრობას: ბაზარი როგორც გაიხსნა, ისევე დაიკეტება
2) ლავროვის ვიზიტიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რუსულმა კომპანია „Интер-РАО“, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და დისტრიბუციის დიდ ნაწილს ფლობს და სააკაშვილის მმართველობისას, მათ შორის 2008 წლის ომის დროსაც კი, ძალიან ლოიალური და „მომთმენი“ იყო, მოულოდნელად შეიტანა მრავალმილიონიანი სარჩელი საერთაშორისო არბიტრაჟში ლარის დევალვაციის გამო კომპენსაციის მოთხოვნით. ბუნებრივია, იგულისხმება, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, თუკი მოსკოვი ბაზარს ჩაკეტავს, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება, ხოლო კომპენსაციის თანხა გაიზრდება. საინვესტიციო შეთანხმების თანახმად, მთავრობა მართლაც ვალდებული იყო გაეზარდა ელექტროენერგიის ფასი, რაც „ოცნებას“, ბუნებრივია, სულ არ ეპიტანავება. თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს თავისი პოზიციის დასაბუთება გაუჭირდება.
3) პარალელურად საერთაშორისო არბიტრაჟში ანალოგიური სარჩელი შეიტანა „ყაზტრანსგაზმა“, რომელიც ყაზახურ სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზს“ ეკუთვნის და, თავის მხრივ, მთლიანად დამოკიდებულია „გაზპრომზე“. ესეც შემთხვევითობაა ვითომ?
4) გახშირდა ინციდენტები, როდესაც ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავებულ ქართველებს ოკუპირებულ აფხაზეთში და ოკუპირებულ ე.წ. "სამხრეთ ოსეთში" ასამართლებენ არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით. ბოლო ამგვარი შემთხვევის შემდეგ, როგავების ოჯახმა საავტომობილო გზა გადაკეტა, ამას მოჰყვა დაკავება და ა.შ. რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას, რომ ცხინვალსაც და სოხუმსაც, მოსკოვის მითითებით, იოლად შეუძლიათ ამ „ადმინისტრაციულ“ დაკავებებს, რაც საკმაოდ ხშირია, კვალიფიკაცია შეუცვალონ და სისხლის სამართლის კოდექსით მრავალწლიანი ციხე მიუსაჯონ ადამიანებს „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“, რაც საქართველოში, ბუნებრივია, დიდ უკმაყოფილებას, გზების გადაკეტვას, არეულობას, უმოქმედობაში მთავრობის დადანაშაულებას გამოიწვევს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა შეუძლია მოიმოქმედოს კვირიკაშვილის მთავრობამ საპასუხოდ? სამწუხაროდ, არც არაფერი. ერთადერთი იმედი კვლავ და კვლავ დასავლეთია. მაგრამ შეძლებს კი დასავლეთი გამონახოს რესურსი, რათა საქართველოს გამო ახალი სანქციები შემოიღოს რუსეთის წინააღმდეგ? მით უმეტეს, რომ მოსკოვი ხომ პირდაპირ აგრესიას არ მიმართავს: ბაზარს კეტავს და ე.წ. „საზღვრის დამრღვევებს“ აპატიმრებს: არც ქალაქებს ბომბავს და არც სატანკო კოლონებს ძრავს ადგილიდან. თანაც, დასავლეთი ამჟამად უამრავ კონფლიქტშია ჩათრეული: სირია, კორეა, უკრაინა...
შესაბამისად, ბევრი რამ ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეგნებაზე იქნება დამოკიდებული: რუსული ბაზარი რომ დროებითია და არამდგრადი, ეს საყოველთაოდ აღიარებული და გაცხადებული ჭეშმარიტება უნდა იყოს. იქნებ მთავრობამ დააზღვიოს კიდეც ეს ექსპორტი. ისევე, როგორც რუსი ტურისტების ნაკადი და მათგან მიღებული შემოსავალი (მოსკოვი ამ ნაკადსაც ჩაკეტავს უეჭველად).
ხოლო ქართველებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას აპირებენ ან ცხინვალის რეგიონთან ცხოვრობენ, რაიმენაირად უნდა ავუხსნათ იმ საშიშროების არსი, რაც სულ უფრო იზრდება. ბოლოს და ბოლოს, ქართული პოლიცია დავავალდებულოთ, არ გაუშვან ადამიანები, თუკი არსებობს მათი დაკავების რისკი.
როგორც ჩანს, წინ ძალიან დიდი გამოცდა გველის მთელს ქართულ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც უახლოეს შეხვედრაზე გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძეს ულტიმატუმს წაუყენებს: Или – Или!
ნიკა იმნაიშვილი