ბათუმის მოვლენების ორგანიზებასთან დაკავშირებით მერაბ ღოღობერიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ოფიციალურად წარედგინა.
ღოღობერიძის ადვოკატის პაატა შავაძის განცხადებით, მერაბ ღოღობერიძე წარდგენილ ბრალს უარყოფს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისივე განცხადებით, მერაბ ღოღობერიძე მის ოჯახს გამართლებული დაუბრუნდება.
"საქმეზე მტკიცებულებები, რომელიც 14 ტომს შეიცავს, ჯერ არ ჩაგვბარებია. მიმაჩნია, რომ ეს საქმე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ვერ გადალახავს. მერაბ ღოღობერიძე მის ოჯახს გამართლებული დაუბრუნდება. პირველი წარდგენის ეტაპზე შევეცდებით გირაოთი გავათავისუფლოთ. თვითონ ბრალს არ აღიარებს და როგორ შეიძლება ადამიანმა არჩადენილი დანაშაული აღიაროს?! იგი ამ დროისთვის შიმშილობს. დაცვის ქვეშ მყოფმა არჩია, რომ მე უნდა დავიცვა მისი უფლებები", - განაცხადა პაატა შავაძემ.
შავაძის განცხადებით, მერაბ ღოღობერიძეს გირაო იმიტომ უნდა შეეფარდოს, რომ ის არ არის ნასამართლევი.
რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიასთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენას, მას ბრალს უახლოეს საათში წარედგინება.
ცნობისთვის, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით გუშინ დააკავეს. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.
11-12 მარტის ბათუმის მოვლენების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად 18 პირია დაკავებული. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11-12 მარტის ღამეს ბათუმში 75 პირი დააკავეს, უმრავლესობას ჯარიმა შეეფარდა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამსახურიდან 1 პოლიციელიც გაათავისუფლეს.