ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებულ ღოღობერიძეს მისი ადვოკატი აღარ დაიცავს, - ამის შესახებ თავად ადვოკატმა ზაზა პაპიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის ტაქტიკაზე ის და ღოღობერიძე ვერ შეთანხმდნენ. მან აქვე აღნიშნა, რომ საქმეში ადვოკატი პაატა შავაძე ჩაერთო, რომელთან ერთადაც ის არ იმუშავებს.
"მთელი დღეა ოჯახთან ერთად ვარ და დაცვის ტაქტიკაზე ვმუშაობთ. კოლეგა ადვოკატთან პაატა შავაძესთან პრინციპული შეუთავსებლობა მაქვს. მერაბმა ეს იცოდა და ამის შესახებ არა ერთხელ გვილაპარაკია. შესაბამისად ჩამოვცილდი საქმეს", - განაცხადა ზაზა პაპიძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში, ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებულების - მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულები აქციის ორგანიზების ფაქტს უარყოფენ.
შეგახსენებთ, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით გუშინ დააკავეს. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.