პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე დაიკითხა.
პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, დაკითხვაზე პოლიტიკოსთა გვარები დაასახელა, რომელთაც მწვავე პოზიცია ჰქონდათ და თვლიდნენ, რომ ახალაია არ უნდა გაწირულიყო. ბურჯანაძის მიერ დასახელებული ადამიანები არიან: გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ნიკოლოზ რურუა და კახა ლომაია.
ბურჯანაძის თქმით, ის განსაკუთრებით გამოყოფს გიგა ბოკერიას, რომელიც ახალაის დასჯის წინააღმდეგი იყო. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეწყალების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. ის შესაძლო გარიგებაზეც ლაპარაკობს:
„ძალიან მყარი „ნაციონალები“, რომლებსაც თვალზე აფარებული ჰქონდათ ბინდი, ცდილობდნენ, რომ მათ სირაქლემას პოზიცია დაეკავებინათ, განსაკუთრებით გამოვყოფ გიგა ბოკერიას, ნიკა რურუას, გიგი უგულავას, კახა ლომაიას, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან მწვავე პოზიცია. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბოკერიას, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგი იყო დათა ახალაიას დასჯის. კამათი ამ თემაზე ჩემსა და ბოკერიას შორის პრეზიდენტის ოთახში მოხდა, როდესაც ის მეუბნებოდა - რა გინდათ, ქალბატონო ნინო, ჩვენ დავსაჯეთ დამნაშავეები, ვინც ეს გააკეთა და რატომ უნდა დავსაჯოთ ვინმე სხვა, იმიტომ რომ თქვენ და საზოგადოებას ასე გინდათ? ამ ადამიანებს პირდაპირ არაფერი ჩაუდენიათ და არაფერი არ უმტკიცდებათ. იყო მცდელობა, რომ მაქსიმალურად თავდაპირველი ბრალის სიმძიმე გადაეტანათ გარდაცვლილ ახალგაზრდაზე. მე მიყვებოდნენ ხატოვნად, რომ მას ჰქონდა ცუდი სიმთვრალე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.